1. წინასიტყვაობა

Living Democracy » Textbooks » 1. წინასიტყვაობა

რაში მდგომარეობს სწავლებისა და სწავლის არსი, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით? როგორ და რატომ უნდა ფასდებოდნენ მოსწავლეები? სამართლიანია თუ არა შეფასება? უწყობს ხელს შეფასება სწავლასა და სწავლის პროცესს?  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ასეთი დეტალური კითხვების  დასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რომელ კომპონენტებს სჭირდება შეფასება? რა ტიპის ცოდნაა ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ უნდა შეფასდეს? საჭიროა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლების ზეპირად ცოდნა თუ ქვეყნის სამართლებრივი სისტემის სტრუქტურის ცოდნა? ჩვენ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, ვინაიდან ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ,  საერთაშორისო მასშტაბით, და ჯერჯერობით არავის აქვს გარკვეული პასუხი მათზე. ვინაიდან ყველა ტიპის სწავლას სჭირდება შეფასება, მასში მიღწეული წარმატებების მიხედვით, ჩვენ გვსურს, ეს ასპექტი ყურადღებით განვიხილოთ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გზა ამ პრობლემის გადაჭრისა, მდგომარეობს შეფასების ფორმის შერჩევაში. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლები და მოსწავლეები შეფასებას აწარმოებენ სწავლის პროცესში და არა სწავლის პროცესის დასრულების შემდგომ, შეფასება სწავლის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად და წარმატების გარანტად გვევლინება. მოცემულ საკითხზე მსჯელობისას, ჩვენ გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სწავლის ფართო ცნების გაგებაში იმით, რომ შემოგთავაზოთ სხვადასხვა მიდგომა შეფასების გარეშე წარმოებული სწავლისადმი. კითხვის არსია არა ის, საჭიროა თუ არა ვაწარმოოთ შეფასება, არამედ ის, თუ შეფასების რა ფორმას გამოვიყენებთ, სწავლის რა ეტაპზე და, უპირველეს ყოვლისა, რას ემსახურება ეს შეფასება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსვამთ კითხვას, ისევე, როგორც ამას სწავლის მეთოდების შერჩევისას ჰქონდა ადგილი: მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა მეთოდს შევარჩევთ, არამედ ის, თუ რომელ მეთოდს და სად გამოვიყენებთ. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება, როგორც არა ერთხელ აღვნიშნეთ, არ წარმოადგენს საგანს. იგი უფრო ფართო გაგებას მოიცავს. ეს არის ცნებები, რომლებიც ერთობლივად განაპირობებენ სწავლებისა და სწავლის ატმოსფეროს. როდესაც მოსწავლეების მიღწევებისა და მოსწრების შეფასებას ვაწარმოებთ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, ჩვენ ვაფასებთ არა მარტო შესწავლის საგნის სფეროში მოსწავლეების მიერ შეძენილ ცოდნას, კომპეტენციებსა და უნარებს, არამედ მოსწავლეების შეფასება ასევე მოიცავს ისეთ დინამიკურ მახასიათებლებს, როგორებიცაა დამოკიდებულებები, ხედვა, კულტურათშორისი ურთიერთობები, მოქნილობა, კომუნიკაცია, სხვა პიროვნებებთან ურთიერთობის უნარი, საკუთარი მოსაზრების დასაბუთების უნარი და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეფასება წარმოებს სხვადასხვა განზომილებაში. პრინციპში, ეს მიდგომა ვრცელდება ყველა დისციპლინის სწავლებაზე. თუმცა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში არის გარკვეული ელემენტები, რომლის შეფასებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ ან არ გვაქვს სურვილი, რომ შევაფასოთ, ესენია პიროვნული ღირებულებები და დამოკიდებულებები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სწორედ ღირებულებები და დამოკიდებულებები წარმოადგენს ნაწილს იმ კომპეტენციებისა, რომლის სწავლებაც არის ჩვენი მიზანი.