გაკვეთილი 1: თევზჭერის თამაში (1)

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: თევზჭერის თამაში (1)

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება კომპლექსური სიტუაციის ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება შეზღუდულ დროში.
სწავლის მიზანი მოსწავლეები ეცნობიან დილემას, რომელიც უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნებს.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები ადგენე პრობლემებს და მუშაობენ გადაწყვეტილების გზების ძიებასა და სტრატეგიის შემუშავებაზე
მასალა და რესურსები

მასალა მასწავლებლებისთვის 4.1–4.4.

4.1 ფურცლები თითოეული ჯგუფისთვის ჩანაწერების გასაკეთლებად.

4.2 თევზის პოპულაციის რეპროდუქციის ცხრილი (მასწავლებლისთვის).

4.3 ცხრილი ჩანაწერების გასაკეთებლად (გამოყენებულია ფლიპჩარტი ან დაფა).

4.4 დიაგრამა ჩანაწერების გასაკეთებლად (გამოყენებულია ფლიპჩარტი ან დაფა).

კალკულატორი ან კომპიუტერი.

A4 ფორმატის ფურცლები, მარკერები.

მეთოდი პრაქტიკული სწავლა.
დროის ბიუჯეტი 1. თევზჭერის თამაშის წესების გაცნობა. 10 წთ.
2. თევზჭერის თამაში (სამი რაუნდი). 30 წთ.

ინფორმაცია

თუ პირობები ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია, მოხდეს პირველი და მეორე გაკვეთილების შერწყმა. მაგრამ თამაში მიმდინარეობს ორ დამოუკიდებელ რაუნდად.

დასაწყისში მოსწავლეებს არ ეძლევათ მითითება იმის შესახებ, რომ კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან და არ ხდება მათი შეჩერება, თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მასწავლებელი მოსწავლეებს მხოლოდ ახსენებს იმის შესახებ, რომ მათ დრო რაციონალურად უნდა გამოიყენონ.

 

გაკვეთილის აღწერა

ეტაპი 1: მოსწავლეები ეცნობიან თევჭერის თამაშის წესებს

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს,რომ მათ მოუწევთ, მონაწილეობა მიიღონ თამაშში, რომელიც რეალური ცხოვრებიდან აღებული მნიშვნელოვანი სიტუაციის სიმულაციაა.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთი ტბის ნაპირას მცხოვრები, ოთხი სოფლის საზოგადოებიდან ერთ-ერთის წევრი. ტბაში თევზი მრავლად არის, ასე რომ, თქვენ არ გჭირდებათ იმაზე დარდი, თუ როგორ ირჩინოთ თავი. მეთევზეობა არის თქვენი ეკონომიკის ერთადერთი დარგი: თქვენ შემოსავლის სხვა წყარო არ გაგაჩნიათ.“

მასწავლებელს შეუძლია ამ შესავალის ილუსტრირება დაფაზე ან ფლიპჩარტზე მარტივი ნახატის დატანით, სადაც გამოსახული იქნება თევზებით სავსე ტბა და ოთხი სოფელი, რომელიც მეთევზეობით არის დაკავებული, თევზაობისთვის მზადყოფნაში მოყვანილი ნავებით ნაპირზე.

Takingpart_EN.pdf

„თქვენ მთელი სეზონის განმავლობაში თევზაობთ, მაგრამ ზამთარში სეზონი დახურულად ცხადდება, რაც თევზის პოპულაციის აღდგენის საშუალებას იძლევა. ზამთრის თვეების განმავლობაში, თქვენ თავი უნდა ირჩინოთ გამხმარი თევზის მარაგითა და უნდა შეაკეთოთ ნავები და ბადეები შემდეგი სეზონისთვის.“

ამის შემდეგ, მოსწავლეები იღებენ ინსტრუქციას იმის თაობაზე, თუ როგორ განახორციელონ თევზჭერის თამაში.

ისინი ქმნიან ოთხ, არაუმეტეს ექვსი მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფს. (თუ ჯგუფების რაოდენობა ოთხს აღემატება, საჭირო გახდება შედეგთა ცხრილის შეცვლა –იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 4.3.)

ყოველი ჯგუფი წარმოადგენს მეთევზეთა გუნდს. მათ შეუძლიათ საკუთარ ნავს სასურველი სახელწოდება შეურჩიონ და მათ ეძლევათ ფურცელი, სადაც ჩანაწერები უნდა გააკეთონ დაჭერილი თევზის რაოდენობის შესახებ.

თამაში მიმდინარეობს რამდენიმე რაუნდად, რომლებიც შეესაბამება თევზაობის სეზონებსა და დახურულ სეზონებს, რომლის დროსაც ხდება თევზის პოპულაციის აღდგენა.

მასწავლებელი თამაშის მიზანს მოსწავლეებს მხოლოდ ერთი ფრაზით აცნობს: „ეცადეთ, დაიჭიროთ რაც შეიძლება მეტი თევზი“. ეს ინსტრუქცია სხვადასხვანაირად შეიძლება იქნეს გაგებული, მაგრამ მასწავლებელი სხვა მინიშნებას არ იძლევა და მოსწავლეებს ანდობს თევზაობისთვის სტრატეგიების შემუშავებას. მესამე გაკვეთილზე, მოსწავლეები კვლავ დაუბრუნდებიან თამაშის ამ დასაწყის ეტაპს.

სეზონის დასაწყისში ყოველი გუნდი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წილის/რაოდენობის თევზის დაჭერა სურს. მაქსიმალური წილი ერთ ნავზე 15%–ს შეადგენს. რადგან პირველი სეზონის დასაწყისში, ტბაში თევზის რაოდენობა არის 140 ტონა, ეს ნიშნავს, რომ დაჭერილი თევზის მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯგუფზე, უნდა შეადგენდეს 21 ტონას. (თუ თამაშში ოთხ ჯგუფზე მეტი მონაწილეობს, მაშინ დაჭერილი თევზის რაოდენობის მაქსიმალური ზღვარი შესაბამისად უნდა შეიცვალოს.)

მასწავლებელი არანაირ დამატებით ინფორმაციას არ იძლევა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ოთხივე ჯგუფი მათთვის დაწესებულ თევზის მაქსიმალურ რაოდენობას დაიჭერს და მათ მიერ დაჭერილი თევზის რაოდენობა ჯამში 84 ტონას შეადგენს. ესეც თამაშის ნაწილია: მოსწავლეები მიხვდებიან, თუ რამდენ ინფორმაციას არ ფლობენ. მათ არ იციან, რა სტრატეგიას აირჩევენ მათი კონკურენტები, არ იციან თევზის პოპულაციის რეპროდუქციის ნორმა, რაც, სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ თავად გაარკვიონ.

ეტაპი 2: თევზჭერის თამაში

პირველი რაუნდი იწყება. გუნდები განიხილავენ, რა წილი აირჩიონ. ოთხი წუთის შემდეგ მასწავლებელი მათ ჩამოართმევს ჩანაწერების ფურცლებს და მათზე დაფიქსირებული მონაცემები გადააქვს ცხრილში, გამოითვლის თითოეული ნავის მიერ დაჭერილი თევზის რაოდენობას ტონებში და ადგენს პირველ სეზონზე ოთხივე გუნდის მიერ სულ დაჭერილი თევზის ჯამურ წილს (ამ შემთხვევაში გამოგადგებათ კალკულატორი ან კომპიუტერი). მასწავლებელს შედეგები შეყავს ცხრილში და წარუდგენს მათ მოსწავლეებს. თევზის მარაგისა და დაჭერილი თევზის რაოდენობის შესახებ მონაცემების გადატანა ხდება დიაგრამაზე, რომლის შედგენაც ხდება მასალა მასწავლებლებისათვის 4.4–ის მიხედვით.

თევზის პოპულაციის რეპროდუქციის ცხრილზე დაყრდნობით, მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თევზის პოპულაციის რაოდენობას მეორე სეზონის დასაწყისისთვის.

მოსწავლეებს უბრუნდებათ თავიანთი ფურცლები ჩანაწერების გასაგრძელებლად. ისინი ამუშავებენ მონაცემებს მათ მიერ სეზონზე დაჭერილი თევზის საერთო რაოდენობის შესახებ.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ დასაწყის ეტაპზე, მოსწავლეები ცდილობენ, ნებადართული წილის/ნორმის ფარგლებში, მაქსიმალური რაოდენობის თევზი დაიჭირონ, რაც ჯამში 70 ტონას შეადგენს და შესაბამისად თევზის მარაგის ნახევარს; შედეგი შესაძლოა იყოს უფრო დიდი რაოდენობით დაჭერილი თევზი. თუ თევზის მარაგი ტბაში განახევრდა, დახურულ სეზონზე იგი მხოლოდ ნაწილობრივ შეძლებს აღდგენას და, სავარაუდოდ, შეიძლება მხოლოდ 94 ტონა შეადგინოს. რაც იმას ნიშნავს, რომ თევზის პოპულაცია ერთი მესამედით შემცირდა ერთი წლის განმავლობაში. დიაგრამაზე მრუდები მკვეთრ დაღმასვლას ასახავენ, რაც მიანიშნებს თევზის მარაგის ამოწურვის გარდაუვალ საფრთხეზე.

მოსწავლეები ამჯერად საფრთხეს ათვითცნობიერებენ. თუ ისინი მაქსიმალურად ისარგებლებენ  მათთვის დაწესებული 15%–იანი წილით, თევზის პოპულაცია გადაშენების პირას აღმოჩნდება ორი–სამი სეზონის შემდეგ. გუნდებს მოუწევთ მოლაპარაკება იმის თაობაზე, უნდა შეამცირონ თუ არა მათთვის დაწესებული 15%–იანი ზღვარი, რათა თავიდან აირიდონ თევზის სრული გადაშენების საფრთხე. ამ ეტაპიდან თამაშის განვითარება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს და დამოკიდებულია, მაგალითად, მოსწავლეების ასაკსა და სქესზე.

შემდეგი რაუნდები იგივე რეჟიმში მიმდინარეობს. შემდეგი სამი რაუნდის განმავლობაში, მასწავლებელი არ მოუწოდებს მოსწავლეებს ერთმანეთთან კონტაქტისკენ, მაგრამ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, თუ ინიციატივას გამოიჩენენ. მასწავლებელი, როგორც თამაშის მენეჯერი, მათ საამისო დროს აძლევს, მაგრამ, 5 წუთის შემდეგ, მოითხოვს შემდეგ რაუნდზე გადასვლას; ეს რეალობას ასახავს – სეზონის დაწყებისთანავე მეთევზეები თავის საქმიანობას უნდა შეუდგნენ.

რამდენიმე რაუნდის შემდეგ, თუ მასწავლებელი შეატყობს, რომ თევზის მარაგი მკვეთრად მცირდება, მას შეუძლია „სასწაული“ მოახდინოს და რამდენიმე ტონა თევზი დაამატოს ტბაში თევზის რაოდენობის ზრდის მონაცემს.

მეოთხე რაუნდის შემდეგ მასწავლებელი გუნდებს კომუნიკაციისკენ მოუწოდებს, თუ მათ აქამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ დაუმყარებიათ.

ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეები საერთო გადაწყვეტილების მიღებას ახერხებენ, ზოგიერთ შემთხვევაში – ვერა. ჯგუფები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, სურთ თუ არა საერთო შეთანხმებას დაექვემდებარონ და რამდენად ზუსტად დაექვემდებარონ – ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში.