2 – სამუშაო ფურცელი 13: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი პრინციპები

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 13: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი პრინციპები

„დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება დინამიური, ყოვლისმომცველი და წინსვლაზე ორიენტირებული კონცეფციაა. მისი საშუალებით მკვიდრდება იდეა, რომ სკოლა წარმოადგენს საზოგადოებას, სადაც სწავლა და სწავლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის მომზადებას ემსახურება, რაც სცდება ნებისმიერი კერძო სასკოლო საგნის, სკოლის კედლებში განხორციელებული სწავლებისა თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ტრადიციული ურთიერთობების ფარგლებს“ (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 58).

ღირებულებები, დამოკიდებულებები და ქცევა

როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში იყო აღნიშნული, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლას. როგორც ნებისმიერი შეფასებისას, იქნება ეს მოსწავლეების, მასწავლებლებისა თუ სკოლის შეფასება, შეფასების კრიტერიუმები, როგორიცაა ღირებულებები და დამოკიდებულებები, სიფრთხილით მოპყრობას მოითხოვს, ვინაიდან მათთან არის დაკავშირებული სუბიექტური ინტერპრეტაციის საფრთხე. გარდა ამისა, ღირებულებები და დამოკიდებულებები არა მარტო აშკარად ვლინდება პირდაპირი ქცევის სახით, არამედ საფუძვლად უდევს სკოლაში მიმდინარე პროცესებს, მის შიგნით და გარეთ მიმდინარე კომუნიკაციების ფორმებსა და მისი ორგანიზების ფორმას.

მონაცემების შეგროვება

სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მაჩვენებლები მხოლოდ ზოგად ჩარჩოებს ქმნის, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დამადასტურებელი ფაქტების შეგროვების სხვადასხვა გზის განსაზღვრა ან ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა მეთოდის შემუშავება.

ამ მიზნის მისაღწევად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული კითხვებით (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 81).

  • რა: რა ტიპის ინფორმაცია და მასალა უნდა მოვიძიოთ?
    • სკოლის ორგანიზების ფორმა
    • ღირებულებები, რომლებიც დომინირებს საკლასო გარემოში
    • ძირითად კონცეფციათა გაგების ხარისხი
    • ხელმძღვანელობის ურთიერთობა სკოლის პერსონალთან და ა.შ.
  • სად: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების რომელ ელემენტს შეესაბამება მოცემული მაჩვენებელი ან ქვეთემა და სად უნდა ვეძიოთ დამადასტურებელი ფაქტები?
    • საკლასო გარემოში მიმდინარე სწავლების პროცესი
    • დილის შეხვედრა
    • ჯგუფური სამუშაო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე
    • სკოლის ზეიმი
    • სკოლის ფარგლებში გახორციელებული პროექტისათვის განკუთვნილი კვირა და ა.შ.
  • მასალა: რომელი დოკუმენტებიდან შეიძლება მივიღოთ საჭირო ინფორმაცია?
    • სკოლის პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტი
    • სასკოლო პროგრამა
    • სკოლის წესდება
    • მოსწავლეთა ქარტია
    • მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი და ა. შ.
  • ვინ: რომელ დაინტერესებულ პირს ან პირთა ჯგუფს შეუძლია მოგვაწოდოს საჭირო ინფორმაცია?
    • მოსწავლეები
    • მასწავლებლები
    • მშობლები
    • ადგილობრივი ადმინისტრაცია
    • არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.
  • როგორ: როგორ უნდა განხორციელდეს მონაცემთა შეგროვება, რა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული მონაცემთა შეგროვებისათვის?
    • კითხვარები
    • საკვლევი ჯგუფი
    • განხილვები
    • ინდივიდუალური ინტერვიუები
    • დაკვირვება და ა.შ.