გაკვეთილი 2 და 3: რას გააკეთებდი?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2 და 3: რას გააკეთებდი?

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ გადაწყვეტილებებზე

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენცია: დილემიდან გამოსავლის ძიება.
სწავლის მიზანი

ჩვენ განსხვავებულ არჩევანს ვაკეთებთ როცა დილემის წინაშე ვდგებით. ამგვარად ჩვენ ვსარგებლობთ ადამიანის უფლებით იყოს თავისუფალი.

პასუხისმგებლობის აღება გულისხმობს დილემასთან გამკლავებას – ინფორმაციის შეგროვებას, შედეგების გათვალისწინებას, პრიორიტეტების განსაზღვრას, გადაწყვეტილების მიღებას.

მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები განიხილავენ დილემის მაგალითებს და იხსენებენ საკუთარ გამოცდილებას.
მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 2.1 – 2.4.

მასალა მასწავლებლებისთვის 2.2.

ფლიპჩარტები და მარკერები.

მეთოდი ჯგუფური სამუშაო.
დროის ბიუჯეტი 1.  მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ძირითად ამოცანას. 10 წთ.
2. ძირითადი ამოცანა: მოსწავლეები განიხილავენ დილემას. 70 წთ.

ინფორმაცია

სამოქალაქო, დემოკრატიულ საზოგადოებაში პასუხისმგებლობის აღებას კონსტრუქტივისტული განზომილება გააჩნია: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ავიღოთ პასუხისმგებლობა მოცემულ სიტუაციაში. დილემურ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღება, რაც ხშირად შეზღუდულ დროში ხდება, რთულია, მაგრამ საჭირო უნარის გამომუშავება შესაძლებელია.

მოცემული თავის ძირითადი ამოცანა ამ მიზანს ემსახურება. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ და განიხილავენ არსებულ დილემურ სიტუაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და საკუთარ პრიორიტეტებს. პასუხისმგებლობის აღება კონკრეტული საკითხია და, აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს ეძლევათ დილემური სიტუაციის ოთხი მაგალითი, რომლებიც შინაარსით ერთმანეთისგან განსხვავებულია (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 2.3): პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაზეც სხვას უნდა ეზრუნა, მასწავლებლისადმი ან მეგობრისადმი ერთგულების დარღვევის აუცილებლობა, მეგობრისადმი ერთგულების ან კანონმორჩილების დარღვევა, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, დაუჭირო თუ არა მხარი პროექტს, რომლის შესახებაც არ ფლობ სრულ ინფორმაციას.

მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციებს საკუთარ არჩევანზე, სადაც მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ არჩევანის გაკეთების მიზეზებზე (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 2.4). მოსწავლეთა პრეზენტაციების ხელშესაწყობად მასწავლებელს ფლიპჩარტზე გადააქვს მოსწავლეებისათვის დარიგებული მასალის შეცვლილი ვერსია  (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 2.2).

დამატებითი, პროექტის ტიპის დავალება მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს მოსწავლეების მიერ კომპეტენციის დაუფლების დონე (იხ. ქვემოთ მოცემული ეტაპი 3).

 

გაკვეთილის აღწერა

1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს მოცემული თავის ძირითად ამოცანას

მოცემული დავალების მიზანს წარმოადგენს დილემის გადაჭრის გზების და სათანადო კრიტერიუმების ანალიზი. რეალურ ცხოვრებაში, ჩვენ ამ გადაწყვეტილებების მიღება წამებში გვიწევს და თუ სურვილის შემთხვევაში, მათი გამოსწორების საშუალება არ მოგვეცა, ამან მომავალში შესაძლოა ჩვენში სინანული გამოიწვიოს. პოლიტიკაშიც გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხშირად უკავშირდება დილემას – სადაც მიზნები წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან.

მოცემული დავალების შესრულებისას, მოსწავლეებს შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღების ეს რთული პროცესი ნელი ტემპით შეისწავლონ და გააანალიზონ ის პასუხისმგებლობა, რომელის აღებაც მათ უწევთ დილემურ სიტუაციაში, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს.

მოსწავლეებმა თავიანთი გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები მათთვის დარიგებულ ფურცლებზე (მასალა მოსწავლეებისთვის 2.4) უნდა დააფიქსირონ. თუ ჯგუფური მუშაობის დროს ისინი ვერ შეძლებენ ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მისვლას, ფურცლებზე უნდა დაიტანონ ორივე გადაწყვეტილება შესაბამისი დასაბუთებით.

მოსწავლეები ქმნიან ოთხ–ექვსკაციან ჯგუფებს. ისინი ირჩევენ ჯგუფის მენეჯერს, პირს, რომელიც პრეზენტაციაზეა პასუხისმგებელი და საქმის მწარმოებელს, რომელიც პრეზენტაციის დროს დახმარებას უწევს თავის ჯგუფს. მოსწავლეები განიხილავენ დილემური სიტუაციის ოთხ მაგალითს, რომლებიც მათთვის დარიგებულ ფურცლებზეა მოცემული (მასალა მოსწავლეებისთვის 2.3) და ირჩევენ კითხვებსა და კრიტერიუმებს მასლა მოსწავლეებისთვის 2.2 – ში მოცემული ჩამონათვალიდან. მოსწავლეებს შეუძლიათ განიხილონ სხვა დილემური სიტუაციების მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან და პოლიტიკიდან.

2. ძირითადი ამოცანა: მოსწავლეები განიხილავენ დილემას

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. ისინი სრულიად არიან პასუხისმგებელი საკუთარ სამუშაოზე, მათ შორის შესვენებების გამოცხადებაზე, საშინაო დავალებაზე, მასალის მოძიებაზე და ა.შ.

3. მასწავლებლის მოვალეობა

მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მოსწავლეების მუშაობის პროცესს. ამ პროცესზე დაკვირვებით მასწავლებელს საშუალება ეძლევა შეაფასოს მოსწავლეთა კომპეტენციის განვითარების დონე – თანამშრომლობა და გუნდური სამუშაო, დროის მენეჯმენტი, დილემის აღქმა, გაანალიზების, საკითხის ჩაწვდომის, მსჯელობისა და განსჯის კომპეტენცია.

მასწავლებელი არ ერევა მოსწავლეების მუშაობაში და არ ეხმარება მათ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსწავლეები თავად არ მიმართავენ მას დახმარების თხოვნით; ამ შემთხვევაში მასწავლებელი მათ არ აწვდის პასუხს, არამედ ეხმარება მათ თავად იპოვონ პასუხი მოცემულ კითხვაზე.

მზადება მეოთხე გაკვეთილისთვის:

  • მასწავლებელი ამზადებს ექვს საპრეზენტაციო ცხრილს (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 2.2). ყოველი ცხრილი დატანილია ფლიპჩარტზე გასაკრავად გამიზნულ ცალკე ფურცელზე. ამ ფურცელთაგან ოთხზე, მასწავლებელს დააქვს სახელმძღვანელოში მოცემულ დილემურ სიტუაციათა მაგალითების სათაურები და არჩევანის ალტერნატივები.
  • მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობის პროცესს და ეკითხება მათ, თუ როგორ ართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანას. თუ მოსწავლეები პასუხობენ რომ ამოცანა მათთვის რთულია ან ისინი გამოსავალს ვერ პოულობენ, ამ პრობლემაზე მასწავლებელმა უნდა ისაუბროს მეოთხე გაკვეთილის მესამე ეტაპზე.