8.2 დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის: ბავშვთა უფლებების კონვენცია

Living Democracy » Textbooks » 8.2 დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის: ბავშვთა უფლებების კონვენცია

მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს.

,,მუხლი 37

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:

ა) ბავშვი არ იყოს წამების, საერთოდ, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი. სიკვდილით დასჯა ან მუდმივი პატიმრობა, რომელიც არ ითვალისწინებს განთავისუფლების შესაძლებლობას, არ შეიძლება შეეფარდოს 18 წლამდე ასაკის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს;

ბ) ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა მინიმალური პერიოდის განმავლობაში;

გ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს უნდა ეპყრობოდნენ ჰუმანურად და ღირსების პატივისცემით, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მისი ასაკის პირთა მოთხოვნილებები. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა განცალკევდეს უფროსებისაგან, თუ არ მიიჩნევა, რომ თავად ბავშვის ინტერესებისათვის ამის გაკეთება არ არის საჭირო; ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, კავშირი იქონიოს თავის ოჯახთან მიმოწერის ან შეხვედრების ფორმით, განსაკუთრებულ გარემოებათა გამოკლებით;

დ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუყონებლივ მიიღოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება, აგრეთვე უფლება, გააპროტესტოს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე. მათ კი დაუყონებლივ უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი პროცესუალური ქმედების თაობაზე.”

,,მუხლი 40

(…) 3. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ, ხელი შეუწყონ იმ ბავშვებთან დაკავშირებული კანონების, პროცედურების, ორგანოებისა და დაწესებულებების ჩამოყალიბებას, რომლებმაც დაარღვიეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილებად ითვლებიან მის დარღვევაში, კერძოდ:

ა) მინიმალური ასაკის დადგენას, რომლის მიღწევამდეც, როგორც ითვლება, ბავშვებს არა აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის უნარი;

ბ) როცა ეს აუცილებელი და სასურველია, ასეთი ბავშვების მიმართ ზომების მიღებას სასამართლო განხილვის გარეშე, ადამიანის უფლებათა და სამართლებრივი გარანტიების სრული დაცვით.

4. აუცილებელია ისეთი ღონისძიებების ხელმისაწვდომობა, როგორებიცაა:  მეურვეობისა და მეთვალყურეობის მექანიზმი, საკონსულტაციო მომსახურება, გამოსაცდელი ვადის დანიშვნა, აღზრდა, სწავლებისა და პროფესიული მომზადების პროგრამები და მოვლის ისეთი ფორმები, რომლებიც, შეიძლება, დაწესებულებებში მოვლას შეენაცვლოს. ამ ღონისძიებათა მიზანია ბავშვისადმი იმგვარი მოპყრობის უზრუნველყოფა, რაც შეესაბამება ბავშვის კეთილდღეობის ინტერესებს, მის მდგომარეობასა და დანაშაულის ხასიათს.”

წყარო: როლფ გოლობი/პიტერ კრაფი: ბავშვთა უფლებები. გაკვეთილები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ , წიგნი V, სტრასბურგი 2007, გვ. 77

დამატებითი საკითხავი: სინდი ბენქსი, სისხლის სამართლის ეთიკა, საუზენდ ოაქსი, 2004. ამ წიგნის მე-5 თავის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.sagepub.com