თავი 5: უფლებები, თავისუფლებები და პასუხისმგებლობები

Living Democracy » Textbooks » თავი 5: უფლებები, თავისუფლებები და პასუხისმგებლობები

რა უფლებები გვაქვს და როგორ ხდება ამ უფლებათა დაცვა?

ID_5599

ადამიანის უფლებათა დაცვა მნიშვნელოვანია ადამიანთა განვითარებისა და მათი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. ამავდროულად, ადამიანის უფლებები განსაზღვრავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს პიროვნებისადმი. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტებია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ბავშვთა უფლებების კონვენცია. ადამიანის უფლებები, ტრადიციულად, იყოფა სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებად. ეს კატეგორიები უკავშირდება ადამიანის უფლებათა ჩამოყალიბებისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ,,პირველი თაობის“ უფლებებად მოიხსენიება ხოლმე, სოციალური და ეკონომიკური უფლებები – ,,მეორე თაობის“  უფლებებად, კულტურული და განვითარების უფლებები კი ,,მესამე თაობას“  მიეკუთვნება. ასეთი კატეგორიზაციის მიუხედავად, სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ადამიანის უფლებათა ინტეგრირებული აღქმის მომხრეა. ასეთი ინტეგრირებული მიდგომა თანაბრად უსვამს ხაზს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის უფლებებს – სამოქალაქო, პოლიტიკურ,  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ცდლობს, გვერდი აუაროს წარსულში დამკვიდრებულ მიდგომას იმის თაობაზე, რომ გარკვეული უფლებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა დანარჩენი. ადამიანის უფლებები, ტრადიციულად, ასოცირდება სახელმწიფოსთან და მის პიროვნებასთან ურთიერთობასთან. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადამიანთა ჯგუფების უფლებებზე. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ამ იდეების გატარება მნიშვნელოვანია როგორც თავად ადამიანის უფლებათა ცნების, ისე ადგილობრივი, ეროვნული და რეგიონული თემების განვითარებისათვის.22

ადამიანის უფლებებში სამ ელემენტს გამოყოფენ: უფლების მეპატრონე, უფლების შინაარსი (რა შეიძლება მოითხოვოს მეპატრონემ ამ უფლების მიხედვით), პასუხისმგებელი პირი (ის პიროვნება ან დაწესებულება, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს უფლების მეპატრონის მიერ უფლების გამოყენება). პასუხისმგებლობა ფასდება სამ დონეზე:

  • ადამიანის უფლებათა პატივისცემა. პირდაპირი ან ირიბი ფორმით ადამიანის უფლებათა შელახვისაგან თავშეკავება. ეს უკანასკნელი გულისხმობს ისეთი დაწესებულებების და პირობების შექმნისაგან თავშეკავებას, რაც ადამიანთა უფლებათა დარღვევას შეუწყობდა ხელს; ასევე, ყველა იმ ხელშემწყობ ინსტრუმენტებზე უარის თქმას, რაც ადამიანის უფლებათა შელახვას გამოიწვევს;
  • ადამიანის უფლებათა დაცვა. ხელის შეშლა მათთვის, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს, მაგალითად, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო კორპორაციების, თემის ლიდერების, ოჯახის წევრებისათვის;
  • უფლებაშეზღუდულთათვის დახმარების აღმოჩენა. იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომელთა უფლებების სათანადო დაცვა ვერ მოხერხდა, ან რომლებიც ემსხვერპლნენ ბუნებრივ კატასროფებს. ასეთი დახმარება გულისხმობს იურიდიულ, საბიუჯეტო, საკანონმდებლო და სხვა ქმედებებს, რათა შეიქმნას საუკეთესო გარემო ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.23

თავისუფლებები, რომლებიც სამოქალაქო უფლებების ფორმითაა დაცული, მოიცავს: აზროვნების, შეხედულებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და მშვიდობიანი თავყრილობის გამართვის თავისუფლებას. სხვა სამოქალაქო უფლებები იცავენ ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას და თანასწორობას კანონის წინაშე.24

ადამიანის თითოეულ უფლებას უკავშირდება გარკვეული პასუხისმგებლობები, როგორც მოქალაქეთა, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ყოველი ადამიანი მორალურად ვალდებულია, არ შეურაცხყოს სხვა ადამიანის პირადი ღირსება. მთავრობა, რომლის მოქმედებას არეგულირებს კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები, არა მხოლოდ მორალური, არამედ იურიდიული პასუხისმგებლობის მატარებელია.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

გაკვეთილთა ეს სერია დაეხმარება მოსწავლეებს:

  • უკეთ გაიაზრონ ადამიანის უფლებათა არსი; ის წინაპირობები, რომლებიც ყველა ადამიანს ღირსეული ცხოვრების საშუალებას აძლევს;
  • გაიღრმაონ ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული  უფლებების ცოდნა;
  • გაიუმჯებესონ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების ამოცნობის უნარი;
  • უკეთ გაიაზრონ, თუ როგორ შეუძლიათ წვლილის შეტანა ადამიანის უფლებათა სათანადო დაცვაში;
  • გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობები, რომლებიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება: სახელმწიფოსა და სხვადასხვა დაწესებულების ისევე, როგორც მათი, საკუთარი მორალური პასუხისმგებლობები.

თავი 5: უფლებები, თავისუფლებები და პასუხისმგებლობები

რა უფლებები გვაქვს და როგორ ხდება ამ უფლებათა დაცვა?

გაკვეთილის სახელწოდება სწავლის მიზანი მოსწავლის დავალება საჭირო მასალა მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

გაკვეთილი 1:

სურვილები, ძირითადი საჭიროებები, ადამიანური ღირსება და ადამიანის უფლებები.

 

მოსწავლეებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ადამიანის ღირსეული ცხოვრების წინაპირობაა. მოსწავლეები აკავშირებენ მათ სურვილებს საკუთარ საჭიროებებთან და ადამიანის უფლებებთან.

მოსწავლის სამუშაო ფურცელი  5.1

მოსწავლის სამუშაო ფურცელი  5.2

ჯგუფური მუშაობა. დისკუსია. კრიტიკული აზროვნება.

გაკვეთილი 2:

ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების იდენტიფიცირება.

მოსწავლეებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების იდენტიფიცირება. მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს. მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.3
მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.2

ჯგუფური ან წყვილებში მუშაობა.

დისკუსია.

გაკვეთილი 3:

უფლებები და პასუხისმგებლობები

მოსწავლეებს გააზრებული აქვთ, თუ როგორ შეიძლება შეიტანონ წვლილი ადამიანის უფლებათა დაცვაში; მათ ესმით, რომ ადამიანის უფლებები უკავშირდება გარკვეულ პასუხისმგებლობებს: სახელმწიფოსა და სხვადასხვა დაწესებულების, ისევე როგორც მათ საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობებს. მოსწავლეები ახდენენ იმ პასუხისმგებლობების (მათ შორის, საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის) იდენტიფიკაციას, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

ცარიელი ფურცელი და კალამი

მოსწავლის სამუშაო ფურცელი  5.4

მოსწავლის სამუშაო ფურცელი  5.2

ჯგუფური ან წყვილებში მუშაობა.

კრიტიკული აზროვნება.

გაკვეთილი 4:

ადამიანის უფლებები: ტესტი

მოსწავლეებს გააზრებული აქვთ ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები. მოსწავლეები ირჩევენ სწორ პასუხს შეკითხვებზე, რომელთა რამდენიმე სავარაუდო პასუხი მოცემულია და ამ პასუხებს განიხილავენ. ბარათები თითოეული მოსწავლისათვის, რომელთაც პასუხები უკანა მხარეზე აქვს დატანილი (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.5) შეკითხვები რამდენიმე სავარაუდო პასუხით.

22. წიგნიდან ,,სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის: სიტყვათა განმარტება”, კარენ ო’შეა, ევროსაბჭო (2003), გვ. 29
23. ,,მოვალეობები და საზღვრები. ადამიანის უფლებები და გლობალური სოციალური სამართლიანობა”, ადამიანის უფლებათა პოლიტიკის საერთაშორისო საბჭო.
24. იგივე