შესავალი

Living Democracy » Textbooks » შესავალი

1.  სახელმძღვანელოს მიზანი

წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში ჩართულ მასწავლებელთა და სხვა პირთა – მასწავლებელთა ტრენერების, მეთოდისტების, დამკვირვებლების, სახელმძღვანელოთა ავტორებისა და რედაქტორების – ხელშეწყობა. სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების ძირითად ასპექტებზე, მათ შორის:

  • რა კომპეტენციას უნდა ფლობდეს მოქალაქე, რომ მონაწილეობა მიიღოს იმ საზოგადოების საქმიანობაში, რომელსაც იგი ეკუთვნის?
  • რას ემსახურება დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლება და ადამიანის უფლებათა სწავლება?
  • რაში მდგომარეობს დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების ძირითადი პრინციპები?
  • რას ნიშნავს ის ძირითადი ცნებები, რომლებსაც ეყრდნობა დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლება და ადამიანის უფლებათა სწავლება?
  • როგორ უკავშირდება კონსტრუქტივისტული სწავლა დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებასა და ადამიანის უფლებათა სწავლებას?
  • რატომ არის დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებასა და ადამიანის უფლებათა სწავლებისას ყურადღება გამახვილებული სკოლის ერთიან მიდგომაზე?
  • როგორ უნდა მოამზადოს, ხელი შეუწყოს და შეაფასოს მასწავლებელმა, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისას,  მოსწავლეების სწავლის პროცესი?

წინამდებარე სახელმძღვანელოში შესულია საცნობარო მასალა და ინსტრუმენტები, რომლებიც ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება. ვინაიდან მოცემული სახელმძღვანელო არ წარმოადგენს ტრაქტატს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ, იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს სახელმძღვანელოში შესულ თავებსა და მასალებს და გამოიყენოს ისინი საკუთარი შეხედულებების მიხედვით.

წინამდებარე სახელმძღვანელო განსხვავდება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სახელმძღვანელოთა სერიაში შესული სხვა ხუთი წიგნისაგან. II, III და IV წიგნებში მოცემულია სწავლის თანამიმდევრული პროცესისა და მცირე მოცულობის პროექტების აღწერა, რომლებიც, ძირითადად, მოცემულია ოთხ-ოთხი გაკვეთილის სახით. ცხრა ძირითადი ცნება უდევს საფუძვლად სპირალურ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს სასკოლო განათლების დაწყებით, საშუალო და მაღალ საფეხურებს. V წიგნში მოცემულია  მცირე მოცულობის ცხრა პროექტის აღწერა, რომლებიც ეხება ბავშვის უფლებებს და განკუთვნილია მოსწავლეებისათვის, დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან, საშუალო განათლების დაბალი საფეხურის ჩათვლით. VI წიგნში შესულია მოდელები ინტერაქტიული და ამოცანაზე ორიენტირებული სწავლისათვის.

წინამდებარე სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში (ნაწილი 1) მოცემულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი პრინციპები, რამდენადაც ეს პრინციპები ეხმარება აღნიშნულ სფეროში მოღვაწე პირებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სრულყოფაში. სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში (ნაწილი 2) მოცემულია ინსტრუქციები და ინსტრუმენტები, რომლებიც ეხმარება მათ მოსწავლეების კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესის დაგეგმვაში, წარმართვასა და შეფასებაში. სახელმძღვანელოს მესამე ნაწილში (ნაწილი 3) მოცემულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ინსტრუმენტთა ჩამონათვალი, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. სახელმძღვანელოში მოყვანილი ინსტრუქციები და ინსტრუმენტები ხელს უწყობს არა მარტო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას, არამედ წარმოადგენს ზოგადად სწავლების პროცესში გამოსადეგ ინსტრუქციებსა და ინსტრუმენტებს.

2.  სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – მოკლე მიმოხილვა

როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაურიდან  – „განათლება დემოკრატიისათვის“ – ხდება ნათელი, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანს წარმოადგენს მოსწავლეების წახალისება, რომ მათ, როგორც ახალგაზრდა მოქალაქეებმა, საკუთარი როლი ითამაშონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ იმ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ერთობაში, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს სჭირდებათ კომპეტენციათა ფართო სპექტრის განვითარება, ამასთან, ცოდნის შეძენა და მოვლენებზე ნათელი წარმოდგენის შექმნა, ტექნიკური და სისტემური უნარების შეძენა-განვითარება, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების, როგორიცაა შემწყნარებლობა (ტოლერანტობა) და პასუხისმგებლობა, ჩამოყალიბება.

„განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთს ავსებს. მათ საერთო მიზნები და გამოყენების სფერო გააჩნიათ, განსხვავება მხოლოდ შესწავლის სფეროსა და პრიორიტეტებშია გამოხატული. დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლების პრიორიტეტს, უწინარესად, წარმოადგენს დემოკრატიული უფლებები და მოვალეობები, ისევე როგორც საზოგადოების სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ პროცესებში  აქტიური მონაწილეობა; მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა სწავლება ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ფართო სპექტრზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.“მაშასადამე, დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებაში ყურადღება გამახვილებულია ახალგაზრდა მოქალაქეთა როლზე საზოგადოებაში მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა სწავლება ყურადღებას ამახვილებს პიროვნებაზე და მის ინდივიდუალურობაზე, სურვილებსა და საჭიროებებზე, თავისუფლებებსა და პასუხისმგებლობებზე „ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან“.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებაში ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეების, როგორც ახალგაზრდა მოქალაქეების როლზე, მასზედ, რომ მოსწავლეები უნდა იცნობდნენ და სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ ადამიანის უფლებების შესახებ და, ასევე, პატივს უნდა სცემდნენ მათ და საკლასო გარემოში წვრთნისა და სასკოლო ცხოვრებაში მიღებული გამოცდილებით თავდაჯერებულად ისარგებლონ აღნიშნული უფლებებით. ამ თვალსაზრისით, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს წარმოადგენს, სამოქალაქო ან მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობების შესახებ განათლების შედარებით ტრადიციულ, მხოლოდ ცოდნის შეძენაზე დაფუძნებულ მეთოდთან  შედარებით. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება მოსწავლეებს ექსპერტების რანგში განიხილავს, ითვალისწინებს რა მათ ინტერესებსა და ყოველდღიურ გამოცდილებას.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ეფუძნება სწავლებისა და სწავლის ისტორიულ მიდგომას. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში ჩაბმული მასწავლებლის ამოცანა შესაძლებელია დავყოთ სამ პრინციპად:

  • დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „შესახებ“ სწავლება;
  • დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“ სწავლება;
  • დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“ სწავლება.

2.1 დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „შესახებ“ სწავლება

მოსწავლეებს აქვთ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დემოკრატია და ადამიანის რა უფლებებით სარგებლობენ ისინი, რა დოკუმენტებშია ჩამოყალიბებული ეს უფლებები და როგორ შეიძლება მათი დაცვა და გატარება. ისინი, როგორც ახალგაზრდა მოქალაქეები, უნდა ფლობდნენ ცოდნას იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს მათი ქვეყნის კონსტიტუცია, როგორც პოლიტიკური სისტემა.

2.2  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“ სწავლება

ახალგაზრდა მოქალაქეებმა საჭიროა ისწავლონ, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა იმ საზოგადოების შიგნით მიმდინარე პროცესებში, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და როგორ ისარგებლონ მათთვის მინიჭებული ადამიანის უფლებებით: „დემოკრატიული ღირებულებები და ჩვევები მუდმივი სწავლის პროცესს გულისხმობს, რათა მათი საშუალებით შესაძლებელი იყოს ყოველი ახალი თაობის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავება. საზოგადოების სრულფასოვან და აქტიურ წევრად ჩამოყალიბებისათვის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ერთად იღვაწონ საერთო კეთილდღეობის მისაღწევად; პატივი სცენ ყველა ხმას, მათ შორის, ყველაზე განსხვავებულსაც კი; მონაწილეობა მიიღონ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესებში; დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ჩვევები და ღირებულებები დანერგონ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში და გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში. შედეგად, მოქალაქეები თავს გრძნობენ საზოგადოებისათვის სარგებლის მომტან და აღიარებულ წევრებად, რომელთაც ძალუძთ, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ საქმიანობაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის წინსვლასა და წარმატებაში.“3

2.3  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“ სწავლება

მოსწავლეებს სჭირდებათ გარემო, რომელიც მათი სასწავლო პროცესის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. მათ სჭირდებათ სწავლებისა და სწავლის მეთოდები, რომლებიც საშუალებას მისცემს, ისარგებლონ მათთვის მინიჭებული ადამიანის უფლებებით, როგორიცაა აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. მათ სჭირდებათ შესაძლებლობები, რათა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი სკოლების მმართველობაში, ისარგებლონ მათთვის მინიჭებული ადამიანის უფლებებით და პასუხისმგებლობით, შეასრულონ აღებული ვალდებულებები. მოსწავლეები ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა (ტოლერანტობისა) და კონფლიქტთა მშვიდობიანი გზით გადაჭრის მაგალითს მასწავლებლებისაგან უნდა იღებდნენ. ყოველივე ზემოთ აღწერილის გახორციელებას უზრუნველყოფს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით ხელმძღვანელობა, როგორც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში, ასევე, ზოგადად სკოლის, როგორც მიკროსაზოგადოების მართვის პროცესში.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება გამოწვევაა როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, მასწავლებლებისა და სკოლებისათვის. წინამდებარე სახელმძღვანელო მასწავლებლებსა და სკოლაში მოღვაწე პერსონალს სთავაზობს ამ გამოწვევებთან გამკლავების საშუალებებსა და ინსტრუქციებს.

2. ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის CM/Rec(2010)7 ფორმით (www.coe.int/edc).
3. მ. ჰარლი და ტ. ჰადლესტონი (2009 წელი), სკოლას, საზოგადოებასა და უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა მდგრადი დემოკრატიისათვის: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების ინსტრუმენტები, ინსტრუმენტი 5, ევროპის საბჭო, სტრასბურგი, გვ. 8 (www.coe.int/edc).