5. პედაგოგიური მიდგომა: სწავლა მაგალითებით

Living Democracy » Textbooks » 5. პედაგოგიური მიდგომა: სწავლა მაგალითებით

მოცემული სახელმძღვანელო გთავაზობთ კონკრეტული მაგალითების საშუალებით სწავლებისა და სწავლის კლასიკურ ინდუქციურ მიდგომას. ერთი ან რამდენიმე მაგალითის შესწავლით ან პრაქტიკაში გამოცდით, მოსწავლეებს შეუძლიათ გაიაზრონ ზოგადი, აბსტრაქტული პრინციპი ან დედააზრი. სახელმძღვანელოში მოცემულია სამი ეტაპი, რომლებიც პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს მაგალითებით სწავლების დროს:

  1. ფრთხილად შეარჩიეთ ერთი ან მეტი სათანადო მაგალითი; ასევე შეარჩიეთ მაგალითის (ების)  მიწოდების საუკეთესო საშუალება ან მეთოდი.
  2. ყურადღებით მოახდინეთ დისკუსიის და რეფლექსიის/მსჯელობის ეტაპების მოდერაცია, რომლის დროსაც მოსწავლეები იყენებენ მაგალითს – იძენენ ზოგად ცოდნას თემისა და ძირითადი ცნებების შესახებ. დისკუსიისა და რეფლექსიის/მსჯელობის ეტაპების დროს, მოსწავლეებს უნვითარდებათ ზოგადი აღქმა მაგალითში ჩადებული ძირითადი ცნებების შესახებ.
  3. უზრუნველყავით ახლად შეძენილი ცოდნისა და კატეგორიების გამოყენების შესაძლებლობა ახალი კონტექსტის მეშვეობით (ცოდნის გადაცემა).

მე-2 ეტაპის განხორციელებისას მასწავლებლის მხარდასაჭერად ყველა თავში მოცემულია ცხრილი. აღნიშნული ცხრილები ეხმიანება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ბავშვის უფლებათა სწავლებაში შემავალ იმ სამ განზომილებას, რომლის განხილვაც ხორციელდება კონკრეტულ თავში. ასევე მოცემულია საკვანძო შეკითხვები მოსწავლეების რეფლექსიის/მსჯელობის სათანადო მიმართულებით წარმართვის მიზნით. მოსწავლეთა მხრიდან მსჯელობის მიმართ ძალისხმევის გამოხატვა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო ამოცანები არ უნდა დარჩეს პედაგოგის ან მოსწავლის გონებაში მხოლოდ, არამედ უნდა იქნეს გამოხატული მოსწავლეების მიერ საკუთარი სიტყვებით, თუ როგორ გაიაზრეს, შეიგრძნეს, პრაქტიკულად გამოსცადეს ან ისურვებენ რომ გამოიყენონ ისინი მომავალში. მოსაზრებების გაზიარება საკლასო ოთახში სასარგებლოა მოსწავლეებისათვის, ისევე როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის მთლიანობაში.

სასწავლო პროცესი უფრო ძლიერი და ეფექტური გახდება, თუკი მოსწავლეებს ეცოდინებათ, თუ რატომ და რისთვის სწავლობენ და ეცნობიან კონკრეტულ ინფორმაციას, კონცეფციებსა და კატეგორიებს, უნარ-ჩვევებს ან დემოკრატიულ საზოგადოებაში ქცევების კონკრეტულ მოდელებსა და პრინციპებს. შესაბამისად, რეფლექსიისა და დისკუსიის ეტაპების დროს უნდა მოხდეს არა მხოლოდ გარკვეული ზოგადი დასკვნების გამოტანა კონკრეტული მაგალითებიდან, არამედ ეს ეტაპები უნდა ეხმიანებოდეს მთელს სასწავლო  პროცესს. კონსტრუქციული სწავლის შემთხვევაში, მოსწავლეები ეცნობიან ზოგადად სწავლისადმი პირად მიდგომას და აცნობიერებენ, თუ როგორი ტიპის მოსწავლეები არიან და რაში მდგომარეობს მათი ძლიერი მხარეები ან სასწავლო საჭიროებები. ადამიანის უფლებების სულისკვეთებით აღსავსე სწავლება საშუალებას აძლევს პედაგოგს უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის საკმარისი სივრცე და დრო, რათა მათ მიიღონ განათლება საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად, ხოლო ამის შემდგომ, თავად გააცნობიერონ თუ როგორი ტიპის მოსწავლეები არიან, რაც წარმოადგენს მათი ინდივიდუალურობის ნაწილს.

დემოკრატიული ლიდერობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, პედაგოგმა უნდა გაუზიაროს სასწავლო მიზნები მოსწავლეებს, რაც თავის მხრივ გაკვეთილის დაგეგმვას დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესად გადააქცევს.

და ბოლოს, ბავშვთა უფლებების მეტა-სწავლების ეს ფორმა წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა თვითონ მოახდინონ საკუთარი სასწავლო პროცესის ორგანიზება. თანამედროვე საზოგადოებაში, ცვლილებები – მაგალითად, ტექნოლოგიების, ეკონომიკის, გლობალიზაციის ან გარემოს დაცვის სფეროში – თანდათან უფრო დინამიური და კომპლექსური ხდება, რაც  ახალ გამოწვევას წარმოადგენს მომავალი თაობებისათვის; კარიერაში წარმატების მისაღწევად და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, თაობები ჩაერთვებიან სწავლის უწყვეტ პროცესში, და მოუწევთ ისეთი პრობლემის მოგვარება, რაც მათ სკოლის კედლებში ახლა წარმოუდგენლადაც კი მიაჩნიათ. შესაბამისად, მოსწავლეებს ესაჭიროებათ დაოსტატება კოლაბორაციული სწავლის, პროექტების შემუშავების, პროცესის შეფასებისა და პრობლემის გადაწყვეტის საკითხებში. ამ სახელმძღვანელოში მოცემულია ბავშვის განვითარების ეტაპები ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, რომელსაც მოსწავლეობის ხანა ეწოდება.