8. „ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს უფლება, ვისარგებლო დასვენებით, ხომ?“ – ბავშვთა უფლებები საკლასო ოთახში

Living Democracy » Textbooks » 8. „ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს უფლება, ვისარგებლო დასვენებით, ხომ?“ – ბავშვთა უფლებები საკლასო ოთახში

მასწავლებელმა ყურადღებით მოამზადა კლასი. მაგალითი: ბავშვები სხედან ჯგუფებად. მერხები ჯგუფის წევრებისათვის სამუშაო მაგიდების ფუნქციას ასრულებს; მაგიდებზე დევს კონვერტებში მოთავსებული ბარათები. ერთი მაგიდის გარშემო სხედან „ბაჭიები“, მეორე მაგიდის გარშემო – „დათვები“, ხოლო მესამე მაგიდის გარშემო – „ვეფხვები“. ერთ-ერთი „ბაჭია“ ხსნის მაგიდაზე დადებულ კონვერტს. მასწავლებელი სთხოვს 8 წლის მოსწავლეს, ხმამაღლა წაიკითხოს ბარათზე დაწერილი წინადადება.

„ბაჭია“ კითხულობს: „ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით“ და იკავებს თავის ადგილს. მასწავლებელი ახსენებს მას: „ბარათზე რიცხვიც წერია; ჩვენ მათემატიკის გაკვეთილი არ გვაქვს, მაგრამ რიცხვები მნიშვნელოვანია!“ მორჩილი „ბაჭია“ კვლავ დგება „უკანა თათებზე“ და კითხულობს: „მუხლი 24.“ მასწავლებლის სახეზე კმაყოფილებაა აღბეჭდილი. „ბაჭიას“ ახლა შეუძლია, გამოვიდეს დაფასთან. 24-ე მუხლი ბუშტის ფორმის ფერად ქაღალდზეა დაწერილი; „ბაჭია“ ამ ფერად ბუშტს დაფაზე ამაგრებს.

დაფაზე საკმარისი სივრცეა და მასზე ბევრი ბუშტის მოთავსებაა შესაძლებელი. მოსწავლეებს სათითაოდ შეუძლიათ დაამაგრონ დაფაზე ფერადი ბუშტები, რომლებზეც „ბავშვთა უფლებებია“ დაწერილი. მასწავლებელი სიხარულით ადევნებს თვალყურს მათ საქმიანობას. „ეს თქვენი უფლებებია,“ – ამხნევებს იგი მოსწავლეებს და აგრძელებს: „კონვერტებში კიდევ ბევრი უფლებაა მოთავსებული. ყველა მათგანს შესაბამისი ბუშტი აქვს“. მოსწავლეებს ესმით, რა არის მათი ამოცანა; ახლა ისინი მოწადინებულები არიან, გახსნან შემდეგი კონვერტი, გამოვიდნენ კლასის წინაშე, ბუშტი დაფაზე დაამაგრონ და მასწავლებლის შექება დაიმსახურონ. ყველა მათგანი ხელს იწევს.

მოსწავლეები შემდეგი ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ამით არიან დაკავებული. ახლა „დათვის“ ჯერია; პატარა „დათუნიამ“ უნდა დაიმსახუროს შექება. იგი ხსნის კონვერტს, იღებს იქიდან ბარათს და კითხულობს 30-ე მუხლს: „ბავშვს, რომელიც უმცირესობას მიეკუთვნება,  არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებაზე, რომ ეზიაროს საკუთარ კულტურას, აღიაროს თავისი რელიგია და შეასრულოს მისი წეს-ჩვეულებები, აგრეთვე, გამოიყენოს მშობლიური ენა“. შემდეგი მაგიდიდან „ვეფხვი“ კითხულობს: „ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება, მისი ასაკისათვის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე, უფლება, თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას. მუხლი 31“.

მესამე კლასის მოსწავლეები მხიარულ განწყობაზე არიან; ისინი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით ებმებიან აქტივობაში. კლასში აქტიური მიმოსვლა და ჩურჩულია, ყველას აქვს სურვილი, მასაც მოუსმინონ.

კარგია ასეთი სწავლების მეთოდი? არის ეს სათანადო გაკვეთილი ბავშვთა უფლებების შესახებ? რამდენად მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილი მოსწავლეებისათვის? როგორ ვითარდება მოსწავლეების კომპეტენციები? აქვე უნდა გავიხსენო, რომ 1998 წლის შემოდგომაზე გორაზადეში დავესწარი ამგვარ გაკვეთილს. გორაზადე აღმოსავლეთ ბოსნიის პატარა ქალაქია, რომელიც მოწყვეტილი და იზოლირებული იქნა გარე სამყაროსგან, და თითქმის დავიწყებული ომის დროს. ქალაქმა თითქმის იგივე ეთნიკური წმენდა განიცადა, რაც სრებრენიცამ. ამ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გაკვეთილზე დაკვირვება მოხდა დაიტონის შეთანხმებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, ისეთი თემების განხილვა გაკვეთილზე, როგორიცაა რელიგიური მრწამსის თავისუფლება და უმცირესობათა უფლებების დაცვა გორაზადეს სკოლაში უჩვეულო გამოცდილება და არცთუ მარტივი ამოცანა აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

მოდით შევეხოთ ამ გაკვეთილის ერთ-ერთ დეტალს. ზარის დარეკვამდე სულ რამოდენიმე წუთით ადრე,  მასწავლებელი ეკითხება მესამე კლასის მოსწავლეებს, თუ რა შეისწავლეს გაკვეთილზე. ერთ-ერთი გამჭრიახი პატარა გოგონა ხელს იწევს და ამბობს: “ახლა მე ვიცი, რომ არსებობს 31-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ მე მაქვს დასვენების და განტვირთვის უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა მე მაქვს შესვენების უფლება, არა? მოკლედ, ახლა მე დაღლილი ვარ და შესვენება მინდა!” მთელი კლასი იწყებს სიცილს. თავდაპირველად მასწავლებელი შეუერთდა მხიარულებას, თუმცა შემდეგ შეფიქრიანებულმა გადახედა  კლასს.

რა მოხდა? როგორ გაგრძელდა გაკვეთილი? მასწავლებელი აღმოჩნდა დიდი სირთულის წინაშე. მოსწავლემ არა მხოლოდ ცოდნა მიიღო მისი გაკვეთილიდან, არამედ ასევე განახორციელა საინტერესო მცდელობა მოერგო აღნიშნული ცოდნა ყოველდღიური სიტუაციისათვის. მე ვერ შევძელი მასწავლებლის აზრების წაკითხვა, თუმცა შემეძლო მხოლოდ გამომეცნო, თუ რაოდენ რთული იყო ეს სიტუაცია მისთვის. ამ შემთხვევამ მეც მაფიქრებინა შემდეგი: მისაღებია კონვენციის, ანუ სამართლებრივი ინსტრუმენტის, ასეთი სახით გამოყენება? უნდა იყოს დასაშვები, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს კონვენციაზე საკუთარი ინტერპრეტაციის მორგება, ვინაიდან კონვენცია მიჰყვება კონსტრუქტივისტულ პარადიგმას? რა მოხდება გაკვეთილზე ზემოთ აღნიშნული ნებადართული რომ გახდეს?

იმ მომენტში, აღმოსავლეთ ბოსნიის მესამე კლასის მასწავლებელს, სადინა სიერჩიჩს არ ჰქონდა საკმარისი დრო ჩართულიყო კომპლექსურ რეფლექსიაში სამართლებრივ ან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მან ახალი კონცეფცია მიაწოდა კლასს და მიხვდა, რომ დადგა გადამწყვეტი მომენტი: მან საკვანძო ეტაპზე მიიყვანა თავისი კლასი. მას უნდა გადაეწყვიტა, დარჩენილიყო გაკვეთილი ბავშვთა უფლებების შესახებ მხიარულ ბუშტად – პირდაპირი ზეგავლენის გარეშე ყოველდღიურ აზროვნებაზე – თუ მომხდარიყო აქ, აღმოსავლეთ ბოსნიაში, 1990-იანი წლების მიწურულს, გაზაფხულის ერთ-ერთი დილის  გაკვეთილზე, ისეთი რამ, რაც ჩვენ ყველას გვსურს: ბავშვის უფლებათა კონვენციის ჭეშმარიტი შესწავლა და გამოყენება! სადინა სიერჩიჩის რეაქცია შემდეგნაირი იყო: მან გადახედა კლასს, შემდეგ მიუბრუნდა გოგონას და უთხრა: “დიახ, შენ მართალი ხარ. დიახ, 31-ე მუხლი არსებობს და გარანტირებულად იცავს შენი და სხვა ბავშვების დასვენების უფლებას. თუმცა, ამავე დროს ეს იმას ნიშნავს, რომ მე ძალიან ყურადღებით უნდა განვსაზღვრო, თუ რამდენი საშინაო დავალება მოგცე შენ და სხვებს. მე უნდა დავფიქრდე იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია, როდესაც მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილის დროს ასრულებენ სამუშაოს, სახლში საშინაო დავალებას აღარ ამზადებენ იმათგან განსხვავებით, რომლებსაც სახლში უფრო მეტი დავალება აქვთ, რადგან უფრო ნელი ტემპით და დაკვირვებით მუშაობენ გაკვეთილზე და ამიტომ რჩებათ ნაკლები დრო დასასვენებლად და ძალების აღსადგენად. დიახ, მე უნდა დავფიქრდე ამ საკითხებზე, რადგან ჩემთვის ცნობილია 31-ე მუხლის დებულების შესახებ.” ამით სადინა სიერჩიჩს არ დაასრულა საუბარი და დაამატა: “თუმცა რაღაც უნდა გითხრა. შენ ასევე უნდა იცნობდე 28-ე მუხლს. ეს მუხლი გაძლევს განათლების უფლებას. შენთვის და შენი მეგობრებისათვის ეს ნიშნავს, რომ შესვენების დაწყებამდე ჯერ კიდევ განათლების მიღების დრო გრძელდება!”

ბავშვები გაჩუმდნენ. მოსწავლეებს არ მოეწონათ ამგვარი პასუხი. მაშ ასე, რა მოხდა? რვა წლის გოგონამ გამოხატა ძალისხმევა გაეცნობიერებინა თავისი ქვეყნის მიერ რატიფიცირებული და სახელმწიფოს მიერ კანონად დამტკიცებული საერთაშორისო დონეზე მოქმედი კონვენცია. უფრო მეტიც, იგი შეეცადა დაეკავშირებინა ბავშვის უფლებათა კონვენცია თავის ყოველდღიურ  ცხოვრებასთან, გამოცდილებასთან და ასევე პრაქტიკაში გამოეყენებინა იგი. გოგონა შეეცადა მოეხდინა კონვენციის ინტერპრეტირება და მოარგო იგი ცხოვრების შესაფერის სფეროს – ვინაიდან სკოლა სწორედ რომ ის ადგილია, სადაც ბავშვს პირდაპირი კავშირი აქვს საკუთარ სახელმწიფოსთან. ეს არის ადგილი, სადაც წყდება, თუ როგორ შეხვდება სახელმწიფო ბავშვს, და ბავშვი სახელმწიფოს.

და როგორ მოიქცა მასწავლებელი? მასწავლებელი სათანადო დონეზე დახვდა მოსწავლეს. მან ნება მისცა მოსწავლეს გამოეჩინა “სიძლიერე”, თუმცა ამავე დროს მოახდინა სათანადო რეაგირება. სადინა სიერჩიჩმა ქალაქ გორაზადედან, თავის მოსწავლეებთან ერთად, დაიწყო ახალი გზის გაკვალვა. მან – რვა წლის ბავშვისთვის მეტ-ნაკლებად გასაგებ ენაზე – გვაჩვენა, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციაში არსებობს ურთიერთსაწინაამღდეგო მუხლები, რომლებიც თითქოს ერთმანეთს არ გამორიცხავენ, თუმცა მაინც არსებობს მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება. ნებისმიერ შემთხვევაში: ზემოთ აღნიშნულ კლასში, იმ კონკრეტულ დილას, ბავშვის უფლებათა კონვენცია გამოყენებული იქნა როგორც ინსტრუმენტი – რომელიც არა მარტო უნდა ისწავლებოდეს, არამედ უნდა გახდეს შესაბამისი ღირებულებითი სისტემა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს შეაფასონ საკუთარი ქმედებები უფრო ფართო კონტექსტში.