გაკვეთილი 4: მტკიცებულებები

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: მტკიცებულებები

რა მტკიცებულებები უნდა აღიაროს სასამართლომ?

სწავლის მიზანი სასამართლოში მტკიცებულების წარმოდგენის წესების გააზრება.
მოსწავლის დავალება განხილვა იმისა, თუ რა ტიპის მტკიცებულებები უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ.
საჭირო მასალა სადისკუსიო ბარათები (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 8.2) 4-6 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფებისათვის.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა მცირე ჯგუფებში მუშაობა. კლასის დისკუსია.

ინფორმაცია

სისხლის სამართლის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი არის იმ წესების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ტიპის მტკიცებულების გამოყენება შეიძლება სასამართლოში იმისათვის, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება შედგეს. მაგალითად, რამდენად მიზანშეწონილია ,,გაგონილი” (მტკიცებულება, რომელსაც თვითმხილველები არ ადასტურებენ, მაგრამ გადმოცემით არის ცნობილი) ან  წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება?

გაკვეთილი

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი შემდეგ წინადადებას წარმოუდგენს მოსწავლეებს, როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით (დაფაზე ან ფლიპჩარტზე დაწერილი):

,,ადამიანი მანამ ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი დანაშაული კანონის მიხედვით არ იქნება  დამტკიცებული.”

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950), მუხლი 6, #2

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, იმსჯელონ ამ კონვენციაზე. მასწავლებელი მოსწავლეებს იმის გააზრებაში უნდა დაეხმაროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის ამ კონვენციის დაცვა. ამ გაკვეთილზე მოსწავლეები განიხილავენ სასამართლოზე მტკიცებულების წარმოდგენის წესებს.

მოსწავლეები 4-6 კაციან ჯგუფებს ქმნიან.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის შესახებ. ახალგაზრდა მამაკაცს, მანუელს, ბრალს სდებენ იმაში, რომ მან მოიპარა ბატონი ქეის მანქანა, რომელიც ერთ საღამოს ბატონი ქეის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. მეორე დილას კი, მანქანა სოფლის განაპირას აღმოაჩინეს – ვიღაცას მანქანაზე ბენზინი გადაესხა და დაეწვა. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ მანუელი დააკავა და ბრალი წაუყენა ქურდობასა და მატერიალური ზარალის მიყენებაში.

შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს სადისკუსიო ბარათებს ურიგებს. თითოეულ ბარათზე დატანილია ის მტკიცებულება, რომელსაც პროკურატურა მანუელის ბრალეულობის დასამტკიცებლად იყენებს.

მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს:

  • განახორციელონ მტკიცებულებების კლასიფიკაცია ყველაზე ძლიერიდან ყველაზე სუსტისაკენ;
  • გადაწყვიტონ, თუ არის მიზანშეწონილი, რომ არ იყოს გათვალისწინებული ზოგიერთი მტკიცებულება, მათი არარელევანტურობის, ან არასამართლიანობის გამო.

ჯგუფები საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ კლასის წინაშე და თანხმდებიან იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სასამართლოზე უნდა იყოს წარმოდგენილი და იმ მტკიცებულებებზეც, რომლებიც არ უნდა გავიდეს სასამართლოზე.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ქვემოთ მოყვანილ ორ საკითხზე დაფიქრდნენ:

  • რა შეკითხვები უნდა დაუსვან სასამართლოზე მანუელსა და თვითმხილველებს? რატომ?
  • არის ისეთი შეკითხვები, რომელთა დასმაც არასამართლიანი იქნებოდა? რომელი შეკითხვების? რატომ?

ჯგუფები კლასის წინაშე წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს. ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოსწავლეები აყალიბებენ შეკითხვების ნუსხას, რომელთა დასმაც სასამართლო პროცესზე არამიზანშეწონილი იქნებოდა.

თუ არის საკმარისი დრო, შესაძლებელია, ეს გაკვეთილი კვლევით დავალებამდე მივიდეს: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ მტკიცებულების წარმოდგენის წესები საკუთარ ქვეყანაში და შემდეგ გაკვეთილზე კლასს ამ წესების შესახებ მოახსენონ.