გაკვეთილი 3: უფლებები და პასუხისმგებლობები

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: უფლებები და პასუხისმგებლობები

როგორ შეიძლება არსებობდეს უფლებები პასუხისმგებლობების გარეშე?

სწავლის მიზანი მოსწავლეებს გააზრებული აქვთ, თუ როგორ შეიძლება შეიტანონ წვლილი ადამიანის უფლებათა დაცვაში; მათ ესმით, რომ ადამიანის უფლებები გარკვეულ პასუხისმგებლობებს უკავშირდება: სახელმწიფოსა და სხვადასხვა დაწესებულების, ასევე, მათ საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობებს.
მოსწავლის დავალება  მოსწავლეები ახდენენ იმ პასუხისმგებლობების (მათ შორის მათი საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის) იდენტიფიკაციას, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.
საჭირო მასალა

ცარიელი ფურცელი და კალამი

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.4 მოსწავლეთა თითოეული წყვილისათვის.

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.2 მოსწავლეთა თითოეული წყვილისათვის.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა 

ჯგუფური ან წყვილებში მუშაობა.

კრიტიკული აზროვნება.

ინფორმაცია

ადამიანის უფლება არ იქნება დაცული, თუ კონკრტული ადამიანები და უწყებები არ იღებენ პასუხისმგებლობას მის რეალიზაციაზე. იმის მიუხედავად, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, აუცილებელია, ადამიანებიც აქტიურად იცავდნენ საკუთარ და სხვათა უფლებებს. პიროვნების მორალური ვალდებულებაა, რომ იზრუნოს ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

დამატებითი აქტივობის სახით მასწავლებელს შეუძლია, შემოიტანოს დადებითი და უარყოფითი უფლებების თემა და პროექტზე მუშაობა.

გაკვეთილი

მოსწავლეები წყვილდებიან. თითოეულ წყვილს ურიგდება ცარიელი ფურცელი და კალამი. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჩამოწერონ 3 ძირითადი უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს სკოლაში და 3 ძირითადი უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს ოჯახში. მაგალითად, ,,სკოლა არ უნდა აძლევდეს მოსწავლეს ძალიან დიდი მოცულობის დავალებას“, ან ,,ოჯახი ბავშვს ჯიბის ფულით უნდა უზრუნველყოფდეს“.

შემდეგ მასწავლებელი თითოეულ წყვილს ურიგებს სამუშაო ფურცელ 5.4-ს (უფლებები და პასუხისმგებლობები) და სამუშაო ფურცელ 5.2-ს (ადამიანის უფლებათა ნუსხა). მოსწავლეებმა თვალი უნდა გადაავლონ ადამიანის უფლებათა ნუსხას და შეარჩიონ ის უფლებები, რომლებიც ყველაზე მეტად მიესადაგება მათ მიერ ჩამოწერილ ექვს უფლებას.

მოსწავლეები შერჩეულ ექვს უფლებას ჩამოწერენ სამუშაო ფურცელ 5.4-ის პირველ სვეტში. მასწავლებელს შეუძლია, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი ახსნა-განმარტება ამა თუ იმ უფლებასთან დაკავშირებით, თუ მოსწავლეებს ასეთი დახმარება ესაჭიროებათ.

მას შემდეგ, რაც დასრულდება პირველ სვეტზე მუშაობა, მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ თითოეული უფლება დაკავშირებულია გარკვეულ პასუხისმგებლობასთან. მაგალითად, ,,სიტყვის თავისუფლებას უკავშირდება ადამიანის პასუხისმგებლობა, რომ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას არ მიაყენებს, არ შეეხება მის ღირსებასა და რეპუტაციას“. უფლებათა და პასუხისმგებლობათა ასეთი კავშირი გვავალდებულებს, გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები გარკვეული შეზღუდვების ფარგლებში. არის შემთხვევები, როცა უფლებები და პასუხისმგებლობები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მაგალითად, საკლასო ოთახში დასვენების უფლება და სწავლის უფლება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, როცა მოსწავლეთა ნაწილს სურს სწავლა, ხოლო მეორე ნაწილს – დასვენება. უფრო მეტიც, სკოლის პასუხისმგებლობაა, გაანათლოს მოსწავლეები და უზრუნველყოს მასწავლებლებისათვის სათანადო სამუშაო პირობები.

მასწავლებელი ითხოვს, რომ მოსწავლეთა წყვილებმა გაცვალონ ჩანაწერები. თითოეულმა წყვილმა სხვა წყვილის მიერ ჩამოწერილ უფლებებს უნდა მიუთითოს პასუხისმგებლობათა ორი წყება:

ადამიანების პიროვნული პასუხისგებლობა, რომ სხვა ადამიანებს მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ საკუთარი უფლებებით (ჩაიწერება სამუშაო ფურცელ 5.4-ის მეორე სვეტში).

სკოლის ან სხვა დაწესებულების, ადგილობრივი თვითმმართველობის და ა.შ. პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყონ ამ უფლების დაცვა (ჩაიწერება სამუშაო ფურცელ 5.4-ის მესამე სვეტში). მაგალითად, მოსწავლის პიროვნული პასუხისმგებლობაა, რომ სხვა მოსწავლის პირად დღიურში არ ჩაიხედოს; ხოლო სკოლის პასუხისმგებლობაა, რომ არ გაჩხრიკოს მოსწავლეები კონკრეტული საფუძვლის გარეშე (მაგალითად, თუ ჩხრეკა ტარდება მოპარული კალკულატორის მოსაძებნად, არ შეიძლება ჩხრეკისას ხელში მოხვედრილი მოსწავლის პირადი დღიური სკოლის მესვეურებმა წაიკითხონ).

ადამიანის უფლება
(სკოლაში , სახლში)
პიროვნების პასუხისმგებლობა სკოლის, უწყების და ა.შ. პასუხისმგებლობა
პირადი ცხოვრების უფლება არ ჩაიხედოს სხვა მოსწავლის პირად დღიურში არ წაიკითხოს მოსწავლის პირადი დღიური მაშინ, როცა ჩხრეკის მიზანია ნაძარცვის აღმოჩენა

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს წყვილებს, კლასის წინაშე წარმოადგინონ ერთი უფლება და მისი თანმხლები ორი პასუხისმგებლობა.

მასწავლებელს შეუძლია, სამუშაო ფურცელ 5.4-ზე მოყვანილი ცხრილი დაფაზე დახაზოს და შეავსოს ის მოსწავლეების პასუხებით. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელს შეუძლია, მოკლედ მიმოიხილოს ცხრილში მოყვანილი ინფორმაცია და სთხოვოს მოსწავლეებს, გააკეთონ კომენტარი სხვადასხვა პასუხისმგებლობაზე.

დამატებითი სავარჯიშო

თუ მასწავლებელს სურს, დამატებითი დრო დაუთმოს დადებით და უარყოფით უფლებებსა და პროექტზე მუშაობის საკითხებს, მას შეუძლია, შემდეგი აქტივობები გამოიყენოს.

მასწავლებელი იწყებს იმის ახსნით, რომ ადამიანის უფლებები ზოგჯერ იყოფა ,,დადებით“ და ,,უარყოფით“ უფლებებად. ,,უარყოფითი“ უფლებები კრძალავენ უარყოფით ქმედებებს, მაგალითად, წამების აკრძალვა. ,,დადებითი“ უფლებები კი წარმოადგენენ გარკვეული ვალდებულების შესრულების მოთხოვნას, მაგალითად, საკვების უფლება.

მასწავლებელი იმასაც უხსნის მოსწავლეებს, რომ ადამიანის უფლებათა დიდ ნაწილს აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები. მაგალითად, წამებისგან დაცვა, ერთი მხრივ, გულისხმობს წამების აკრძალვას (ხელმძღვანელობა უკრძალავს პოლიციელებს დაკავებულთა წამებას), ხოლო, მეორე მხრივ, თავშეკავებას ისეთი ქმედებისაგან, რომელიც წამებას მოიცავს (სამართალდამცავი, რომელმაც დამნაშავე დააკავა, არ აწამებს მას).

მოსწავლეები უბრუნდებიან ადამიანის უფლებათა ნუსხას და ირჩევენ სამ უფლებას; ისინი, საკუთარი მორალური პასუხისმგებლობების საილუსტრაციოდ, იხსენებენ დადებითი და უარყოფითი ქმედებების ცხოვრებისეულ მაგალითებს. შემდეგ მოსწავლეები, სკოლის/ადგილობრივი თვითმმართველობის/ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობების საილუსტრაციოდ, დამატებით სამ უფლებას ირჩევენ. მოსწავლეები პასუხისმგებლობებს აღნიშნავენ უარყოფითი (-) ან დადებითი (+) ნიშნებით.

ადამიანის უფლება
(სკოლაში, სახლში)
პიროვნების  (მორალური) პასუხისმგებლობა სკოლის, უწყების და ა.შ. პასუხისმგებლობა
პირადი ცხოვრების უფლება (=მაგალითი) (+) (+) უზრუნველყოს, რომ მოსწავლის შესახებ ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის.
(-) არ ჩაიხედოს სხვა მოსწავლის პირად დღიურში, თუ დღიურის პატრონი არ მისცემს ამის უფლებას. (-) (სკოლა) არ გაჩხრიკოს მოსწავლეთა პირადი ნივთები, თუ არ არსებობს ამის აუცილებლობა.(-) (სახელმწიფო) უზრუნველყოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას იცავს.

თუ მასწავლებელს სურს, გამოიყენოს ეს აქტივობა პროექტზე მუშაობისათვის, მას შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეებს, შეარჩიონ ადამიანის უფლებები, რომლებზეც შემდგომი რამდენიმე კვირის/თვის მანძილზე იმუშავებენ. შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ გეგმაზე, რომელიც განსაზღვრავს პროექტის მიზნებსა და განსახორციელებელ ქმედებებს. ასევე, ხდება იმის დაზუსტება, თუ რა დროში და ვის მიერ უნდა შესრულდეს თითოეული ქმედება.

გეგმა

პროექტის მიზანი:
რა უნდა გაკეთდეს? ვინ გააკეთებს? როდის იქნება დასრულებული?
a
a
a

შემდეგ რამდენიმე გაკვეთილზე განხორციელდება ეს გეგმა და ბოლოს შეფასდება.