გაკვეთილი 4: ძალაუფლების მატრიცა

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: ძალაუფლების მატრიცა

უმცირესობები და უმრავლესობა  ჩვენს ქვეყანაში

სწავლის მიზნები იმართება საერთო საკლასო განხილვა, რომლის დროსაც მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს იმის შესახებ, რომ მათ ქვეყანაში წარმოდგენილია როგორ უმცირესობათა, ასევე, უმრავლესობათა ჯგუფები. ისინი აცნობიერებენ, რომ გარიყულობის შეგრძნება შესაძლებელია შედეგი იყოს არა მხოლოდ იმისა, თუ როგორ აღიქვამენ საზოგადოების წევრები პიროვნებას, არამედ აგრეთვე იმისა, თუ როგორ აღიქვამენ პიროვნებას მისი საკუთარი ჯგუფის წევრები.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ბარათებს, რომლებზეც ასახულია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, ამათგან ზოგი ჯგუფი უმცირესობას განეკუთვნება, ზოგი – უმრავლესობას. მოსწავლეებმა უნდა დაახარისხონ ბარათები იმის მიხედვით, მათზე ასახული ჯგუფები, მათი თვალსაზრისით, უმცირესობას განეკუთვნება თუ უმრავლესობას. ჯგუფებს მათ უნდა დაურთონ ბარათები, შეფასების სიმბოლოებით. იმართება საერთო საკლასო განხილვა, რომლის დროსაც მოსწავლეები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ჯგუფის წევრებზე იმას, უმცირესობას მიეკუთვნება იგი, თუ უმრავლესობას.
რესურსები ბარათები სიტყვებით, ბარათები შეფასების სიმბოლოებით.
მეთოდები საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. წრის შუაში საკმაო ადგილი უნდა იყოს დატოვებული, რათა არც ერთი მოსწავლის თვალთახედვის არეალი არ იყოს შეზღუდული.

მასწავლებელი წრის შუაში, იატაკზე ათავსებს ბარათებს, რომლებზეც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სახელწოდება წერია. ამათგან ზოგიერთი ჯგუფი განეკუთვნება უმრავლესობას, ხოლო ზოგიერთი – უმცირესობას. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ უმცირესობათა ყველა ჯგუფი შეზღუდული ძალაუფლებით არ სარგებლობს საზოგადოებაში!

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სახელწოდებათა მაგალითები:

  • ბავშვები;
  • უნარშეზღუდულები;
  • პოლიტიკოსები;
  • განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანები;
  • პანკები;
  • მოციგურავეები;
  • ღრმად მორწმუნე ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ტანისამოსს ატარებენ;
  • მღვდლები და მონაზვნები;
  • მოხუცებულები;
  • წარმომავლობითი უმცირესობები, როგორიცაა ბოშები და სხვ.
  • მენეჯერები;
  • მუშები;
  • დიასახლისები;
  • ექიმები;
  • კაცები;
  • ქალები.

მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ ბარათებს. ამის შემდეგ ყოველმა მათგანმა უნდა აიღოს ერთი ბარათი. მოსწავლეებმა ბარათები უნდა აიღონ სათითაოდ და ყოველგვარი კომენტარის გარეშე დაახარისხონ ისინი იმის მიხედვით, მათი აზრით, ბარათზე დასახელებული ჯგუფი უმრავლესობას მიეკუთვნება თუ უმცირესობას. ეს „ძალაუფლების მატრიცის“ შექმნის პირველი ეტაპი იქნება.

მეორე ეტაპზე, მატრიცის შესავსებად საჭიროა თითოეულ ბარათს, როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის კატეგორიაში, რომელზეც ადამიანთა ჯგუფის სახელწოდებაა დაფიქსირებული, მიუსადაგონ ბარათი, რომელზეც შეფასების სიმბოლოა გამოსახული. მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩენა იქნება ის, რომ უმცირესობებიც შეიძლება ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდნენ საზოგადოებაში.

მატრიცის ნიმუში:

ძალაუფლება (გავლენა) უმცირესობები უმრავლესობები
ძალიან მაღალი ძალაუფლება
მაღალი ძალაუფლება
საშუალო ძალაუფლება
მცირე ძალაუფლება
ძალაუფლების გარეშე

მას შემდეგ, რაც მატრიცა სრულყოფილ სახეს მიიღებს, მოსწავლეები განიხილავენ იმ ეფექტს, რაც ძალაუფლების სხვადასხვა დონეს შეუძლია იქონიოს. მასწავლებელს ამ ეტაპზე ევალება დისკუსიის მართვა და მოსწავლეების მსჯელობაში დაფიქსირებული წინასწარი განწყობისა და კატეგორიული მოსაზრებებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით მოკიდება.