გაკვეთილი 4: ვმონაწილეობთ პლურალურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: ვმონაწილეობთ პლურალურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში

მოსწავლეები აანალიზებენ საკუთარ გამოცდილებას

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

ანალიზი და მსჯელობა: პიროვნების მოღვაწეობის შედეგთა განსაზღვრა.

მეთოდური უნარები: მოკლე განცხადებების გაკეთება, რეაგირება.

სწავლის მიზანი

პლურალიზმი სამართლიანი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს წარმოადგენს. „თანხმობა უთანხმოების საფუძველზე“.

ვახორციელებ საკუთარი ინტერესების წამოყენებას ვმონაწილეობ რა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები იხსენებენ და განიხილავენ საკუთარ გამოცდილებას და აჯამებენ მოცემულ თავში შეძენილ ცოდნას.
მასალა და რესურსები ფლიპჩარტი და მარკერები,  მასალა მოსწავლეებისთვის 2.5 (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია) და 2.6 (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია).
მეთოდი

„სიჩუმის კედელი“.

ინდივიდუალური სამუშაო, პრეზენტაცია და განხილვა.

ბლიც რაუნდი.

დროის ბიუჯეტი ეტაპი 1: მოსწავლეები იხსენებენ საკუთარ გამოცდილებას („სიჩუმის კედელი“). 20 წთ.
ეტაპი 2: შემდგომი განხილვა. 15 წთ.
ეტაპი 3: მოსწავლეები რეაგირებენ. 5 წთ.

ინფორმაცია

შეჯამება წარმოადგენს კონსტრუქტივისტული სწავლის ელემენტს. მოსწავლეები აყალიბებენ საკუთარ თვალსაზრისს და უზიარებენ მათ ერთმანეთს. მასწავლებლის ფუნქციას შეადგენს მათთვის სათანადო მეთოდების ფორმატისა და გეგმის მიწოდება. ეს არის ადამიანის უფლებების საშუალებით განხორციელებული სწავლება: მოსწავლეები სარგებლობენ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით. დადგენილი ფორმატი ყველა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში. სხვა შემთხვევაში მასწავლებლის მიერ შერჩეულ მეთოდები,  სწავლის სხვადასხვა ტიპზე სხვადასხვანაირად აისახება და ეს შესაძლებლობებიც ვერ იქნება თანაბარი.

მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის ახსნა–განმარტებების მიცემას მცირე დრო ეთმობა. თუმცა მასწავლებელი წამყვან როლს ასრულებს გაკვეთილის მსვლელობისას, ადგენს რა გაკვეთილის ფორმატსა და გეგმას. ისევე როგორც სხვა თავებში, მოსწავლეები აწყდებიან პარადოქსს, რომ თავისუფლება არა მარტო გულისხმობს მკაცრი წესებისა და ხელმძღვანელობის არსებობას, არამედ, რიგ შემთხვევაში, მოითხოვს კიდეც მათ.

გაკვეთილის აღწერა

მზადება გაკვეთილისთვის:

პოლიტიკური დღის წესრიგის მოდელები, რომელსაც მოსწავლეებმა ხმა მისცეს გასულ გაკვეთილზე, თვალსაჩინოდაა გამოფენილი.

ოთხი ფლიპჩარტი („სიჩუმის კედელი“) საკლასო ოთახის კედლებზეა გაკრული, იქვე გამზადებული სხვადასხვა ფერის 2–3 მარკერით. ფლიპჩარტებთან მისასვლელი თავისუფალი უნდა იყოს, წინ ნახევარწრეზე განლაგებული 5–6 სკამით. შესაძლებელია, ფლიპჩარტების განთავსება ერთმანეთთან შეტყუპებულ 2–3 მერხზე.

მასწავლებელს ფლიფჩარტები გამზადებული აქვს გაკვეთილის დაწყებამდე, მათზე დატანილი ძირითადი კითხვებით (იხ. ქვევით). ასევე მზადყოფნაშია დამატებითი ფლიპჩარტები, იმ შემთხვევისთვის, თუ მოსწავლეებს დასჭირდებათ მათი გამოყენება.

მოსწავლეების განლაგება ხელს უწყობს მათ შორის კომუნიკაციას. მოსწავლეების სახით დაფისკენ განლაგება არაპროდუქტიული იქნება. ისინი სხდებიან წრეზე ან მერხების გარშემო – რომელი ვარიანტიც უმჯობესი იქნება ფლიპჩარტებზე სამუშაოდ.

ეტაპი 1: მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ გამოცდილებას („სიჩუმის კედელი“)

საფეხური 1.1: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, როგორ გამოიყენონ „სიჩუმის კედელი“10

მოსწავლეები და მასწავლებელი სხდებიან. მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს გაკვეთილის თემას, რომელიც მოცემულია მასალა მოსწავლეებისთვის 3.2 –ში წარმოდგენილ გეგმაში – შეჯამება და გამოცდილების გახსენება, ახალი ინფორმაციისა და ახალ ამოცანაზე მუშაობის ნაცვლად. შემაჯამებელ ეტაპზე, მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები და გამართონ მათზე მსჯელობა.

მასწავლებელი მათ აცნობს „სიჩუმის კედლის“ მეთოდს და უხსნის, რატომ იქნა შერჩეული ეს მეთოდი: ეს მეთოდი გვეხმარება გამოცდილების შეჯამებაში და მოსწავლეებს აძლევს საკმაო დროს როგორც ფიქრისთვის, ასევე ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის.

მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს ოთხ პოსტერზე – ოთხი „სიჩუმის კედელი“:

  • პლურალიზმი
    პლურალიზმის რა გამოცდილება მივიღე?
  • თანხმობა უთანხმოების საფუძველზე?
    საყოველთაო კეთილდღეობის განსაზღვრისას რა განაპირობებს შეთანხმების მიღწევა – არმიღწევას?
  • ძალაუფლების სხვადასხვაგვარი გადანაწილება
    რას ვგრძნობთ, როდესაც წარმოვადგენთ ძლიერ ან სუსტ მხარეს?
  • ადამიანის უფლებები
    ადამიანის რომელი უფლებით ვისარგებლეთ მოცემულ გაკვეთილებზე? (მოსწავლეები სარგებლობენ მასალა მოსწავლეებისთვის 2.5, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და მასალა მოსწავლეებისთვის 2.6, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია)

მითითებები:

  • დავალების შესრულების დროს უნდა იყოს სრული სიჩუმე – ამას გულისხმობს სავარჯიშოს სახელწოდება „სიჩუმის კედელი“. დისკუსია მიმდინარეობს წერილობითი ფორმით.
  • ყოველი მოსწავლე აკეთებს მისთვის სასურველი ოდენობის ჩანაწერს.
  • მინიმუმი მოთხოვნა: ორ–ორი ჩანაწერი „სიჩუმის კედლის“ ორ სხვადასხვა ფლიპჩარტზე.
  • მოსწავლეებს შეუძლიათ პასუხი გასცენ დასმულ შეკითხვებს ან კომენტარი გააკეთონ სხვა მოსწავლეების მიერ შესრულებულ ჩანაწერებზე. ისრების, ხაზების და სიმბოლოების გამოყენება დასაშვებია.
  • მოსწავლეებს შეუძლიათ პოსტერიდან პოსტერზე გადაინაცვლონ ან დარჩნენ ერთ პოსტერთან.
საფეხური 1.2: მოსწავლეები საკუთარი მოსაზრებების შესახებ ჩანაწერებს აკეთებენ „სიჩუმის კედლებზე“.

მოსწავლეები შემაჯამებელ სავარჯიშოს ასრულებენ მითითებების შესაბამისად. მასწავლებელი

თვალყურს ადევნებს ფლიპჩარტებზე მოსწავლეების მიერ ჩანაწერების გაკეთებას და აზრთა გაცვლა–გამოცვლას, მაგრამ არ მონაწილეობს ამ პროცესში. მასწავლებლის მოთხოვნაა, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას სიჩუმის დაურღვევლობის წესი.

ეს ეტაპი გრძელდება 10–15 წთ.

ეტაპი 2: შემდგომი განხილვა

მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს დაიკავონ საკუთარი ადგილები (მოსწავლეები სხდებიან წრიული განლაგებით) და ამცნობს მათ შემდეგ ეტაპზე გადასვლას: შემდგომი განხილვა, რომელიც წარმოებს მასწავლებლის თავმჯდომარეობით.

პირველ რიგში, მოსწავლეები უნდა შეთანხმდნენ იმ თემების თაობაზე, რომლის განხილვაც სურთ. მასწავლებელი ახსენებს მათ, რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს დადგენილ დროში. ამის გამო შეჩერება შეიძლება მხოლოდ ერთ ან ორ „სიჩუმის კედელზე“, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ოთხივე „სიჩუმის კედლის“ მოკლე განხილვა, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მოსწავლეები იღებენ.

ამგვარი განხილვა კონსტრუქტივისტული სწავლის ელემენტებს მოიცავს. მასწავლებელი წინასწარ ვერ განჭვრეტს, როგორი მსჯელობა გაიმართება მოსწავლეებს შორის და არც არის ამის აუცილებლობა. მასწავლებლის ამოცანაა, სისტემაში მოიყვანოს მოსწავლეთა მიერ წარმოებული განხილვა.11

ეტაპი 3: რეაგირება („ბლიც რაუნდი“)

მასწავლებელი განხილვას დასრულებულად აცხადებს და, ამრიგად, მოსწავლეები გადადიან გაკვეთილის ბოლო ეტაპზე. მეთოდი გულისხმობს ბლიც–განცხადებების რაუნდს. ყოველი მოსწავლე ასრულებს შემდეგ წინადადებას:

„ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, რაც ამ თავში შევისწავლე, არის…“

ყველა მოსწავლე, რიგრიგობით აკეთებს მოკლე განცხადებას, რომელიც 1–2 წინადადებას არ აღემატება. კომენტარისგან ყველა თავს იკავებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, გაიმეორონ ერთმანეთის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ან მეტი დამაჯერებლობით გამოხატონ ისინი.

ეს ეტაპი მოსწავლეების ცოდნის განმტკიცებას უწყობს ხელს და მასწავლებელს აწვდის მოცემული თავის შეფასებისთვის საჭირო მასალას. როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებელს ებადებათ მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ დაგეგმონ და წარმართონ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემდგომი პროცესი (კავშირი სახელმძღვანელოს სხვა თავებთან, დამატებითი სამუშაოები).

10. ეს მეთოდი არის სავარჯიშო 7.1–ის ვარიაცია, „სიჩუმის კედელი“ დემოკრატიის სწავლება: სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ,  წიგნი VI: ევროპის საბჭოს გამომცემლობა, სტრასბურგი 2008, გვ 62.
11. იხ. თავი კონსტრუქტივისტული სწავლის შესახებ შესავალში.