გაკვეთილი 4: ევროპელები ერთმანეთისაგან განსხვავებულნი და თანასწორნი არიან

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: ევროპელები ერთმანეთისაგან განსხვავებულნი და თანასწორნი არიან

რა გვაქვს საერთო და რით განვსხვავდებით

სწავლის მიზნები საერთო საკლასო განხილვისას, მოსწავლეები აცნობიერებენ ევროპის განსხვავებულ მახასიათებლებს. მოსწავლეები მსჯელობენ იმის შესახებ, რომ ევროპის ხალხებს ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ათვალიერებენ ფიზიკური რუკის ფოტოს. მასწავლებელი იწვევს მათ სასაუბროდ და მოსწავლეები განიხილავენ მსგავსებებსა და განსხვავებებს ა) გეოგრაფიის თვალსაზრისით, ბ) სოციალური თვალსაზრისით. მოსწავლეები განიხილავენ ევროპის ფარგლებს შიგნით არსებულ სოციალურ განსხვავებებს და ცდილობენ, გამონახონ საერთო ენა, დიალოგის საწარმოებლად და გზები, ურთიერთგაგების მისაღწევად.
რესურსები ფიზიკური რუკის ფოტო, ქვეყნების სურათები, დაფა ან ფლიპჩარტი, ქაღალდის ფურცლები.
მეთოდები საერთო საკლასო განხილვა, ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი მათ საშუალებას აძლევს, დაათვალიერონ ფოტოები, რომლებიც მათ საკუთარი ძალებით შექმნილ ფიზიკურ რუკას გადაუღეს. მოსწავლეთა ამოცანას წარმოადგენს ფოტოებზე დაკვირვებით იპოვონ ქვეყნებს შორის მსგავსებები და განსხვავებები. მათ უნდა სცადონ, პასუხი გასცენ შემდეგი ტიპის კითხვებს:

  • ევროპის რომელ ნაწილშია მაღალი მთები?
  • რომელია ევროპის ყველაზე გრძელი მდინარეები?
  • რომელ ქვეყნებს აქვთ მსგავსი რელიეფი?
  • რომელ ქვეყნებში მეტყველებენ ერთსა და იმავე ენაზე?
  • რომელი ქვეყნებია განლაგებული ერთი და იმავე ზღვის ნაპირებზე?

მოსწავლეები იყენებენ ქვეყნების დახასიათებას ინფორმაციის მოსაპოვებლად. მათ მიერ შერჩეულ ქვეყანაზე მართავენ პრეზენტაციას ან წარმოდგენას.

მეორე ეტაპზე, მასწავლებელს შემოაქვს კითხვები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს მოსწავლეების მიერ წარმოებულ ახალ დისკუსიას. ბუნებრივი და გეოგრაფიული მსგავსებებისა და განსხვავებების გარდა, ევროპას სხვა მახასიათებლებიც გააჩნია, რომელთა შედარებაც შესაძლებელია, მაგალითად, სოციალური ასპექტები ან მოვლენები, როგორიცაა მცდარი წარმოდგენები. მასწავლებელი სტიმულს აძლევს მოსწავლეებს, რათა მათ თავისუფლად გამოთქვან, თუ რას ფიქრობენ ევროპის მასშტაბით სოციალურ ასპექტებში არსებული განსხვავებების შესახებ, საშუალებას აძლევს რა მათ, უპასუხონ შემდეგი ტიპის კითხვებს:

  • არის ევროპაში მდიდარი და ღარიბი ქვეყნები? რომელი ქვეყნებია მდიდარი? რომელი ქვეყნებია ღარიბი?
  • არის ევროპაში ისეთი ქვეყნები, სადაც ცხოვრება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რთულია? რა განაპირობებს ამ ქვეყნებში ცხოვრების სირთულეს?
  • რატომ ტოვებენ საკუთარ ქვეყანას ადამიანები და გადადიან საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში? ამის რა მიზეზები შეიძლება არსებობდეს?

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს ევროპის ქვეყნებს შორის არა გეოგრაფიული მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ, ისინი უნდა გადანაწილდნენ ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში; ჯგუფის წევრები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ევროპის ქვეყნებს შორის არსებული სოციალური განსხვავებების აღმოფხვრა ისე, რომ არ დაირღვეს ეროვნული თვითშეგრძნება და საფუძველი ჩაეყაროს კულტურათშორის დიალოგს. მოსწავლეთა ჯგუფებმა ამ პრობლემის გადაჭრის გზები უნდა გამონახონ, საკუთარი მოსაზრებების შესახებ ქაღალდის ფურცლებზე გააკეთონ ჩანაწერები და გააცნონ კლასს. შემდეგ მოსწავლეებმა ფურცლები, რომლებზეც მათი მოსაზრებებია დატანილი, ფიზიკური რუკის ფოტოების გვერდით უნდა გააკრან (რაც ხელს უწყობს ვიზუალიზაციის პროცესს).