თავი 1 – საკლასო გარემოს შექმნა

Living Democracy » Textbooks » თავი 1 – საკლასო გარემოს შექმნა

V6_P11&92

წინასიტყვაობა

სურათზე ნაჩვენებია მოსწავლეები, კლასში მუშაობის პროცესში. მარცხნივ გოგონა და ბიჭი ერთად მუშაობენ მასალაზე, რომელიც მერხზე დადებულ გლობუსსაც მოიცავს. ისინი, როგორც ჩანს, ერთმანეთთან დისკუსიაში არიან ჩაბმული. უკანა ფონზე მოსწავლე ან, სავარაუდოდ, მასწავლებელი კლასის წინაშე პრეზენტაციით გამოდის. მარჯვნივ მერხზე მჯდომ გოგონას ხელი აქვს აწეული და ელოდება, როდის მისცემენ მოსაზრების გამოთქმის უფლებას. კლასში ყველა გულმოდგინედ და, როგორც ჩანს, სიამოვნებით მუშაობს. საკლასო გარემოს უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს მუშაობისა და სწავლის პროცესზე.

მომდევნო ხუთი სავარჯიშოს დანიშნულებაა კლასში ისეთი გარემოს შექმნა და დამკვიდრება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. ეს არის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც სწავლებისა და სწავლის ნაყოფიერებას განაპირობებს. არაჰარმონიული გარემო სწავლებისა და სწავლის პროცესზე დამანგრეველად მოქმედებს და მისი დარეგულირება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას ბევრი საერთო აქვს კარგ და ეფექტურ სწავლებასთან. და ეს ჭეშმარიტება არა მარტო მოცემულ ხუთ მოდელზე, არამედ წიგნში შესულ ყველა სავარჯიშოზე ვრცელდება.

წარმოდგენილ მოდელებზე მუშაობისას მათ ძირითად ამოცანად საკლასო გარემოს შექმნა არ მოიაზრებოდა; ისინი მოსწავლეებისთვის  უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელია.

განათლების სისტემაში ამჟამად მიმდინარე რეფორმის მიზანს მნიშვნელოვანწილად წარმოადგენს მოსწავლეებისთვის ჩამოყალიბებული, თითქოსდა დროის მიერ გამოცდილი ცოდნის გადაცემის ნაცვლად, უფრო დინამიკური, მუდმივი სწავლის კონცეფციის შეთავაზება, რაც კომპეტენციების გამომუშავება–განვითარებაზეა ორიენტირებული, და არა ფაქტებისა და მონაცემების აკუმულირებაზე. ამ თვალსაზრისით, სკოლა მიჩნეულია მიკროსაზოგადოებად, სადაც მოსწავლეები  გამოცდილებით იძენენ იმ პრობლემებთან გამკლავების უნარს, რომელიც მათ შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ, როგორც ზრდასრულ მოქალაქეებს. მოცემული სავარჯიშოები ეხმარება მოსწავლეებს, შექმნან თავიანთი მიკროსაზოგადოება: მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთს, თანხმდებიან წესებზე, რომელიც მათ ჯგუფში მოქმედებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, უვითარდებათ თვითშეფასების უნარი, აყალიბებენ საკუთარ ინდივიდუალობას და თანამშრომლობენ სხვა მოსწავლეებთან. მოცემული სავარჯიშოები თანაბრად მნიშვნელოვანი და შესაფერისია როგორც მოზრდილი, ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა აღქმის დონე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებული იქნება.

და ბოლოს, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით, მოცემული სავარჯიშოები წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებითა და სულისკვეთებით. ყოველი მოსწავლე წარმოადგენს პიროვნებას, რომელსაც საკუთარი და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს იმ საზოგადოებაში (მოცემულ შემთხვევაში – კლასში), რომელსაც იგი ეკუთვნის. საზოგადოებამ ყოველი მოსწავლისადმი უნდა გამოიჩინოს ინტერესი და პატივისცემა. წესები ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. ეს შეიძლება შემდეგნაირად განიმარტოს: „რასაც მე მოველი სხვისგან, ისინიც იმასვე უნდა მოელოდნენ ჩემგან“. მოსწავლეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ ეს გზავნილი, რადგან მსჯელობა და კრიტიკული აზროვნება სწავლის პროცესში აუცილებელია.