6. პოსტერის შექმნა

Living Democracy » Textbooks » 6. პოსტერის შექმნა

პოსტერის საშუალებით, თქვენ აკეთებთ საკუთარი ნამუშევრის შედეგების შეჯამებას და წარუდგენთ მას თანაკლასელებს. მნიშვნელოვანია, პოსტერი ისე იყოს ორგანიზებული, რომ იქცევდეს ხალხის ყურადღებას. მის მნახველს უნდა გაუჩნდეს სურვილი, მეტი შეიტყოს მოცემული თემის შესახებ.

მცირერიცხოვან ჯგუფებში განიხილეთ, თუ რა უნდა ახასიათებდეს პოსტერს, რომ იგი მიმზიდველი და საინტერესო იყოს მხილველებისათვის და მოიფიქრეთ, რა ელემენტებს ჩართავთ თქვენს პოსტერში.

თუ თქვენ უკვე გაქვთ დამზადებული პოსტერი, ქვემოთ მოყვანილი რჩევების მიხედვით შეაფასეთ იგი.

რჩევები

სათაური: უნდა იყოს მოკლე და საინტერესო: მისი დანახვა შესაძლებელი უნდა იყოს შორი მანძილიდან.

ტექსტი: უნდა იყოს მსხვილი ასოებით შედგენილი და გარჩევადი. თუ ნაბეჭდ ტექსტს იყენებთ, მოერიდეთ ბევრი განსხვავებული შრიფტის გამოყენებას. ტექსტი უნდა შედგებოდეს მოკლე წინადადებებისაგან და მისი წაკითხვა შესაძლებელი უნდა იყოს ზომიერად შორი მანძილიდან.

სურათები, ფოტოები, გრაფიკა: უნდა ესადაგებოდეს თემას და გამოხატავდეს თქვენს სათქმელს და, ასევე, საინტერესოს უნდა ხდიდეს პოსტერს. ნუ გადატვირთავთ პოსტერს, არჩევანი გააკეთეთ რამდენიმე შთამბეჭდავ სურათზე, ფოტოზე ან გრაფიკაზე.

სქემა: სად უნდა ჩავსვათ სათაური, ქვესათაურები, სიმბოლოები, ფანჯრები, ფოტოები ან სურათები? სანამ პოსტერის საბოლოო ვარიანტის მომზადებას შეუდგებოდეთ, განსაზღვრეთ ამ ელემენტების ადგილი.

გაითვალისწინეთ: პოსტერისათვის შერჩეული ფორმატი უნდა იყოს შევსებული თქვენ მიერ შერჩეული ელემენტებით, მაგრამ არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული.