სავარჯიშო 8.1. – მოგება-მოგება პრინციპი

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 8.1. – მოგება-მოგება პრინციპი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. კონფლიქტში მონაწილე მხარეები შესაძლებელია მოგებულის და წაგებულის პოზიციაში აღმოჩნდნენ, ან შეიძლება მათ შორის შედგეს შეთანხმება კომპრომისზე. იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ არ წარმოიშვას ახალი კონფლიქტი, არც ერთი მახარე არ უნდა აღმოჩნდეს წაგებული.
რესურსები დაფა ან ფლიპჩარტი.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ კონფლიქტის მოგვარება სამი განსხვავებული შედეგით შეიძლება დასრულდეს:
    კონფლიქტის მოგვარების ეს პრინციპები თვალსაჩინოებისთვის დაფაზე ან ფლიპჩარტზეა დატანილი.მოგება – მოგება: გადაწყვეტილება, სადაც ყველა მხარე მოგებულია.

    მოგება – წაგება: გადაწყვეტილება, რომელიც ერთ მხარეს მოგებულ, ხოლო მეორე მხარეს წაგებულ პოზიციაზე ტოვებს.

    წაგება – წაგება: გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ მოქმედებს.

  2. მასწავლებელს მოჰყავს კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა გზის მაგალითები:
    გოგონა და ბიჭი ბურთის გამო კამათობენ. უფროსი ერევა მათ კამათში და ურჩევს, ერთად ითამაშონ ბურთით, ან თანაბარი დროით გაინაწილონ. ამ შემთხვევაში, ორივე მათგანი მოგებულია. თუ უფროსი ბურთს ერთ–ერთ მათგანს მიაკუთვნებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი მხარე დარჩება მოგებული. თუ უფროსი მათ ბურთს ჩამოართმევს, ვინაიდან ბავშვები ვერ თანხმდებიან, ვერც ერთი მათგანი ვეღარ ისარგებლებს ამ ბურთით.
  3. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში ან ჯგუფებში. ისინი ცდილობენ, საკუთარი გამოცდილებიდან გაიხსენონ კონფლიქტის მაგალითები. მათ შეიძლება  ოჯახში წარმოქმნილი, ან ჯგუფებს და, შესაძლოა, ქვეყნებს შორის მიმდინარე კონფლიქტის მაგალითები მოიყვანონ.
  4. მოსწავლეები განიხილავენ კონფლიქტის მოგვარების მაგალითებს და აიგივებენ მათ ზემოთ მოყვანილ მოდელთან. არკვევენ, რომელი მხარე რჩება მოგებული. ვის შეუძლია, გამონახოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც ორივე მხარე მოგებული რჩება?
  5. პლენარული განხილვა: მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ კონფლიქტის ანალიზის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს.

ვარიანტი

მეორე საფეხურის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას, სადაც აღწერილია კონფლიქტი. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებად და ცდილობენ, მიაგნონ ისეთ გადაწყვეტილებას, სადაც არც ერთი მხარე არ აღმოჩნდება წაგებულის პოზიციაზე. მასწავლებელს შემდეგ შეუძლია მათ მიაწოდოს აღწერილი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ვარიანტი, რომელსაც მოსწავლეები ადარებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს. ეს ანალიზი უნდა მოსდევდეს პოლიტიკური ციკლის მოდელს (იხ. სავარჯიშო 7.9).