მოსწავლის სამუშაო ფურცელი 9.1: სიკალის სამეფო

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 9.1: სიკალის სამეფო

სიკალი მთაგორიანი ქვეყანაა. საუკუნეების მანძილზე ის თითქმის მოწყვეტილი იყო დანარჩენ სამყაროს.

მიუხედავად იმისა, რომ სიკალი არის ძალიან პატარა სამეფო, ამ ბოლო პერიოდში მან დიდი ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებული ყურადღების მიზეზია ამ სამეფოს ორიგინალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

დავიწყოთ იმით, რომ სიკალში მშიერი არავინაა. სიკალის მოსახლეობა საკუთარ საკვებ პროდუქციას მთლიანად თავად აწარმოებს. წარმოებული პროდუქტი თანაბრად უნაწილდება ყველას, ვისაც სჭირდება. სახლი ყველა ოჯახისათვის უფასოა. სახლის ზომა დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე. გათბობისა და საკვების მომზადებისათვის საწვავი უფასოდ მიეწოდებათ; ასევე, უფასოა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთების მომსახურებაც. სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილია ყველა ადამიანისათვის, ვისაც სჭირდება. ყველა მოქალაქეს უტარდება უფასო სამედიცინო შემოწმება ყოველ 6 თვეში ერთხელ. მოხუცებულებს, მცირეწლოვანი შვილების პატრონ ოჯახებს და ყველა სხვას, ვინც დახმარებას საჭიროებს, მუდმივად აქცევენ ყურადღებას სოციალური მუშაკები.

სიკალში ამქვეყნიური სიკეთე ხელმისაწვდომია ყველასათვის. ყოველ ოჯახს ეძლევა ვაუჩერები, რითაც შეუძლიათ, შეიძინონ ფუფუნების საგნები, როგორებიცაა: სუნამოები, ავეჯი ან სანელებლები. ვაუჩერები შეიძლება გამოიყენონ მაშინვე, ან შეინახონ, დააგროვონ და უფრო უკეთესი საქონელი შეიძინონ.

როგორ ხდება ამ ყველაფრის ორგანიზაცია? სიკალი ყოველთვის მონარქია იყო. ამჟამინდელი მეფეა სიკ III. მეფე ერთპიროვნულად წყვეტს, თუ მუშახელის რა რაოდენობაა საჭირო თითოეული საქმიანობისათვის (საკვების მოყვანა, სახლების მშენებლობა ან ჯანდაცვა). სხვადასხვა საქმისათვის ადამიანების შერჩევა 5 წლის ასაკში ხდება, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ სკოლებში იგზავნებიან. მომავალი ფერმერები იწყებენ სიარულს სოფლის მეურნეობის სკოლაში, სახლების მომავალი მშენებლები – ტექნიკურ სკოლაში, ჯანდაცვის სფეროს მომავალი თანამშრომლები – სამედიცინო სკოლაში და ა.შ. ყველა დანარჩენი კი მეფის სასახლეში საქმდება.

ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ სიკალში არ არის ფული. არავის სჭირდება ფულის გადახდა, რადგან ყველას ყველაფერი აქვს.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: მოსწონს ხალხს ასეთი ცხოვრება? არავინ არ ჩივის? მოქალაქეები საჩივრით ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოდიან და ვინც საკუთარ უკმაყოფილებას აფიქსირებს, იგზავნება გონებრივად დაავადებულთა ჰოსპიტალში. ალბათ ავადმყოფი უნდა იყო, რომ ასეთი ცხოვრების მიმართ უკმაყოფილება გამოხატო, არა?