გაკვეთილი 1: კონფლიქტის გადაჭრა

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: კონფლიქტის გადაჭრა

როგორ უნდა გავუმკლავდეთ სერიოზული უთანხმოების შემთხვევებს?

სწავლის მიზანი კონფლიქტის გადაჭრის ექვსეტაპიანი მიდგომა: შესავალი
მოსწავლის დავალება განიხილეთ კონფლიქტური სიტუაცია; იპოვეთ კონფლიქტის გადაჭრის გზები.
საჭირო მასალა ფურცლები, რვეულები და კალმები. მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.1.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა   მთელი კლასის მუშაობა; საჭიროებისამებრ, წყვილებში მუშაობა.

ძირითადი ცნებები

კონფლიქტები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. კონფლიქტი არის ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის ინტერესთა შეჯახების შედეგი. კონფლიქტები პოლიტიკაში საჯარო განსჯის საგნად იქცევა. კონფლიქტის საჯარო განხილვა და კომპრომისის ერთობლივი ძიება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს. კონფლიქტის გადაწყვეტის გზების (კომპრომისის) ძიება არის უნარი, რომელსაც გამომუშავება სჭირდება. ეს გაკვეთილი სწორედ ამ უნარის განვითარებას ემსახურება.

ამ წიგნში გამოიყენება კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული შემდეგი ცნებები, რომლებსაც მასწავლებელი უნდა იცნობდეს:

მოგება-მოგება – ეს ცნება გულისხმობს კონფლიქტის დასრულებას ორივე მხარისათვის მომგებიანი გადაწყვეტილებით. ორივე მხარე კმაყოფილია, რადგან სასურველს მიაღწია. ეს არის კონფლიქტის მოგვარების იდეალური მოდელი და გარანტიას იძლევა, რომ კონფლიქტი არ განახლდება.

მოგება-წაგება ან წაგება-მოგება – ეს ცნება გულისხმობს კონფლიქტის დასრულებას ისე, რომ ერთ-ერთი მხარე მოგებული რჩება, მეორე კი – წაგებული. კონფლიქტის ამ მოდელით გადაჭრის შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ კონფლიქტი განახლდება, რადგან წაგებული მხარე არ არის დაკმაყოფილებული.

წაგება-წაგება – თუ კონფლიქტი ამ ცნებით სრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ეს მოდელი კონფლიქტის მხოლოდ დროებით მიწყნარებას გულისხმობს; არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ კონფლიქტი მალე განახლდება.

გაკვეთილი

მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში დაფის მარცხენა მხარეს წერს სიტყვას ,,კონფლიქტი“. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ფურცელზე ჩამოწერონ სიტყვები და ცნებები, რომლებიც კონფლიქტთან ასოცირდება.

მასწავლებელი დაფის მარჯვენა მხარეს წერს სიტყვას ,,მშვიდობა“ და სთხოვს მოსწავლეებს, ახლა ამ ცნებასთან დაკავშირებული სიტყვები ჩამოწერონ ფურცელზე.

შემდეგ მასწავლებელი, დაახლოებით, 10 მოსწავლეს სთხოვს, წაიკითხონ ჩამოწერილი სიტყვები. მოსწავლეთა ასოციაციები დაფაზე იწერება და დანარჩენ კლასს საშუალება ეძლევა, საკუთარი კომენტარები წარმოადგინონ:

  • რომელიმე სიტყვა იწვევს მათ გაოცებას?
  • ყველა სიტყვა, რომელიც ცნება ,,კონფლიქტის“ გარშემო წერია, ხომ არ არის ნეგატიური და ყველა სიტყვა, რომელიც ცნება ,,მშვიდობის“ გარშემო წერია, ხომ არ არის პოზიტიური?

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, მოიყვანონ კონკრეტული კონფლიქტური სიტუაციების მაგალითები, რომელიც მათ თავად შემთხვევიათ, ან რომელსაც ისინი შესწრებიან. შემდეგ მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენად გადაჭრადი იყო თითოეული ეს კონფლიქტი. მასწავლებელს შემოაქვს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველა კონფლიქტს არ მივყავართ ძალადობამდე; არსებობს კონფლიქტური სიტუაციები, რომლებიც კომპრომისით სრულდება.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს კონფლიქტის მაგალითს, რაც შეიძლება ოჯახში მოხდეს:

,,18 წლის კატიას უნდა, მეგობრის გამოგზავნილ ფილმს უყუროს  მაშინ, როცა, მის 15 წლის ძმა მარტინს სატელევიზიო პროგრამის ყურება სურს“.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცელ  4.1-ს და იწყებს კონფლიქტური სიტუაციის გაანალიზებას ქვემოთ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი მიდგომის გამოყენებით.

მოსწავლეები მსჯელობენ არსებული კონფლიქტის განსაზღვრებაზე და მხარეების საჭიროებებზე. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე მხარეთა საჭიროებები არაპროვოკაციული ტონით იყოს ჩამოყალიბებული. ეს საჭიროებები უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს კონფლიქტის გადაჭრას და არ უნდა წარმოადგენდეს ამ მხარის ზოგად მისწრაფებებს. აუცილებელია, ორივე მხარე თანხმდებოდეს არსებული კონფლიქტის განსაზღვრებაზე (მე-2 ეტაპი).

მე-3 ეტაპი უკავშირდება არსებული კონფლიქტის გადაჭრის გზებს. ამ ეტაპზე არ განიხილება კონფლიქტის გადაჭრის გზების დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე-3 ეტაპზე ხდება ყველა ვარიანტის მხოლოდ ჩამოთვლა. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ სამ ცნებას: მოგება-მოგება, მოგება-წაგება/წაგება-მოგება და წაგება-წაგება. მასწავლებელი დაწყვილებულ მოსწავლეებს სთხოვს, შეაფასონ კონფლიქტის მოგვარების თითოეული ვარიანტი ამ ცნებების გამოყენებით (მე-4 ეტაპი).

თუ მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ შეუძლებელია კონფლიქტის დასრულება მოგება-მოგების მოდელით, ისინი გადადიან შემდეგ მოდელზე. ანალიზის ბოლოს მოსწავლეები წყვეტენ, თუ რომელია კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა (მე-5 ეტაპი). რეალურ ცხოვრებაში, როცა მხარეები ექვსეტაპიანი მიდგომის საშუალებით ცდილობენ კონფლიქტის მოგვარებას, ისინი აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ ერთ-ერთ ვარიანტზე.

ბოლოს მასწავლებელი წარმოადგენს მე-6 ეტაპს: საჭიროა, კონფლიქტის მოგვარების შერჩეული გზა შეფასდეს გარკვეული დროის შემდეგ და მოხდეს მასში ცვლილებების შეტანა, რამდენადაც ამას სიტუაცია მოითხოვს.

გაკვეთილის შესაჯამებლად, მასწავლებელი მოსწავლეებს თავად მეთოდის ეფექტურობის შესახებ უსვამს კითხვებს: როგორ სიტუაციებში იქნება ეს მეთოდი ყველაზე წარმატებული? რა შედეგებს მოიტანდა ამ მეთოდის ფართოდ გამოყენება? მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ კონფლიქტების მოგვარებისას ამ მეთოდის გამოყენების სხვადასხვა კონტექსტზე:

  • თანატოლებთან;
  • ოჯახში;
  • კლასში;
  • სკოლაში;
  • სახელმწიფოში;
  • ომში;
  • სპორტში.