მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.1: სკოლა ტყის პირას

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.1: სკოლა ტყის პირას

უღრანი ტყის პირას ადამიანთა ჯგუფი ცხოვრობდა. ეს რელიგური თემი იყო და ბავშვებსაც წინაპართა რელიგიური შეხედულებების მიხედვით ზრდიდნენ; მათი რელიგიის მიხედვით, არ არსებობდა განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის.

ამ თემის საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იყო ზეგანი, სადაც სხვა თემი ბინადრობდა; ისინი არ იყვნენ რელიგიურები, მაგრამ შრომა ძალიან უყვარდათ. ეს იყო მებრძოლი ხალხი, სადაც დომინანტურ ფუნქციას მამაკაცები ასრულებდნენ. ქალებს ძალიან აფასებდნენ, მაგრამ ქალი ხელმძღვანელები არ ჰყავდათ.

ტყის თემს არაფერი ჰქონდა საერთო ზეგანის თემთან; მათ ერთმანეთთან სიძულვილი და შიში აკავშირებდათ. წარსულში ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ. ერთ დღეს ახალგაზრდა კაცი მივიდა ტყის პირას მაცხოვრებელ თემთან და სკოლის აშენება შესთავაზა. ამ სკოლაში ორივე თემის ბავშვები ივლიდნენ, რაც მათ დაახლოებას შეუწყობდა ხელს.

მალე ააშენეს ხის მოკრძალებული შენობა და მასწავლებელიც მოძებნეს. ორივე თემის ბავშვები სკოლაში წავიდნენ. მშობლები და თემის ხელმძღვანელები გულდასმით ელოდნენ მოვლენათა განვითარებას.

თავდაპირველად იყო გარკვეული პრობლემები ბავშვებს შორის; ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. მალე ბავშვები დარწმუნდნენ, რომ სკოლაში სიარული სასარგებლო იყო და ერთმანეთს უკეთესად ეგუებოდნენ. მასწავლებელი მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი და ყველა ბავშვს თანასწორად ეპყრობოდა. მასწავლებელი ორივე თემის ცხოვრების წესს სცემდა პატივს და ბავშვებს ამ ორ თემს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ასწავლიდა.

უფრო და უფრო მეტი ბავშვი დადიოდა ამ სკოლაში.

თანდათანობით გამოიკვეთა, რომ სკოლის მოსწავლეთა დიდ ნაწილს ზეგანზე მაცხოვრებლები შეადგენდნენ.  სკოლაში ყოველი 4 ბავშვიდან მხოლოდ ერთი იყო ტყის თემიდან. მასწავლებელი ორივე თემის წარმომადგენლებთან საუბრობდა და არწმუნებდა, რომ ბავშვების სკოლაში გამოშვება აუცილებელი იყო.

ერთ დღეს სკოლაში მისულ მასწავლებელს სკოლა დამწვარი დახვდა.17

17. ეფუძნება ტედ ჰუდლესთონის მოთხრობას (სამოქალაქო ფონდი)