გაკვეთილი 1: ეს არის ის, რაც მე მომწონს

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: ეს არის ის, რაც მე მომწონს

მე ვარ ბიჭი/მე ვარ გოგო და ის, რაც მე მომწონს,  კარგია

სწავლის მიზნები მოსწავლეები აღმოაჩენენ, თუ რა უნარებსა და ცოდნას ფლობენ ისინი და მათი თანაკლასელები. მოსწავლეები ეცნობიან გენდერული სტერეოტიპების გავლენას.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ჩანაწერებს აკეთებენ იმის შესახებ, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და როგორია მათი ქცევა ოთხ კატეგორიაში. ისინი საკუთარ პასუხებს უზიარებენ სხვა მოსწავლეებს და მსჯელობენ მათზე.
რესურსები ქაღალდის ფურცლები და კალმები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების („მე მომწონს და მე არ მომწონს“ ცხრილი) ასლები.
მეთოდები დამოუკიდებელი სამუშაო და ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებელს შემოაქვს თემა, მოსწავლეებისათვის ისეთი კითხვების დასმით, როგორიცაა: „რისი კეთება გიყვართ?“ „რისი კეთება არ გიყვართ?“ „რას აკეთებენ გოგონები?“ და „რას აკეთებენ ვაჟები?“  მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დროს სავარაუდო პასუხების მოსაფიქრებლად და შემდეგ ისმენს მათ პასუხებს.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს, ქაღალდის ფურცლებსა და კალმებს. მოსწავლეებმა შუაზე უნდა გადაკეცონ სამუშაო ფურცლები და პირველ ეტაპზე მხოლოდ მათი ზედა ნაწილი გამოიყენონ. მასწავლებელი მოსწავლეებს შემდეგ დავალებას აძლევს:

  • დაწერეთ, გოგონა ხართ თუ ვაჟი.
  • დაწერეთ ხუთი რამ, რისი კეთებაც მოგწონთ და აკეთებთ.
  • დაწერეთ ხუთი რამ, რისი კეთებაც გიწევთ, მაგრამ არ მოგწონთ.
  • დაწერეთ ხუთი რამ, რისი კეთებაც არ მოგწონთ და არც აკეთებთ.
  • დაწერეთ ხუთი რამ, რასაც არ აკეთებთ, მაგრამ ისურვებდით, რომ გეკეთებინათ.

ჩამოწერილი ყოველი პუნქტის გასწვრივ მიუთითეთ, თქვენი აზრით, თქვენი სქესისათვის ამის კეთება მისაღებია თუ არა (თუ თქვენ ვაჟი ხართ, შეჰფერით თუ არა ვაჟებს ამის კეთება და თუ თქვენ გოგონა ხართ, შეჰფერით თუ არა გოგონებს ამის კეთება).

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები სამუშაოს დაასრულებენ, მასწავლებელი მათ სთხოვს, ადგილებიდან ადგნენ, თავისუფლად იმოძრაონ საკლასო ოთახში და თავიანთი პასუხები გაუზიარონ ხუთ სხვა მოსწავლეს. ამ შემთხვევაში მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მათი სამუშაო ფურცლების ქვედა ნაწილი, სადაც ისინი დააფიქსირებენ მათ მიერ არჩეული ხუთი მოსწავლის პასუხებს.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ერთად მოგროვდნენ  და დასხდნენ  წრეზე. იწყება საერთო საკლასო განხილვა, რომლის დასაწყისშიც მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ შემდეგ კითხვებს:

  • რას ფიქრობთ თქვენი თანაკლასელების მიერ გაცემულ პასუხებზე? იყო მათ შორის ისეთი პასუხი, რომელმაც თქვენი გაკვირვება გამოიწვია?
  • რა არის ისეთი, რისი კეთებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ?
  • რომელი  იყო თქვენი თანაკლასელების მიერ განხორციელებული ქმედებებიდან ყველაზე  შთამბეჭდავი?
  • თქვენი და თქვენი თანაკლასელების პასუხები დაემთხვა თუ არა, იმასთან დაკავშირებით, რისი კეთებაც გსურთ, მაგრამ არ აკეთებთ?
  • რა ხდება მაშინ, თუ გოგონა ვაჟის გასაკეთებელ საქმიანობას ეწევა? ან ვაჟი გოგონას გასაკეთებელ საქმიანობას?
  • როგორ უპასუხებდნენ ამ კითხვებს თქვენი ოჯახის წევრები?
  • რატომ გავეცით ასეთი პასუხები? რატომ მივიჩნევთ, რომ ზოგიერთი საქმიანობა მხოლოდ გოგონებისათვის არის შესაფერისი, ხოლო ზოგიერთი საქმიანობა მხოლოდ ვაჟებისათვის?

დასასრულს, კითხვები უნდა დავუკავშიროთ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას:

  • რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ არ იცის იმის შესახებ, რომ თქვენ მოგწონთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ?
  • რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ არ იცის იმის შესახებ, რომ თქვენ არ მოგწონთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ?
  • ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთოს გოგონამ და რა – ვაჟმა?
  • რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად იქნება განსაზღვრული, თუ რა უნდა აკეთონ ვაჟებმა და რა – გოგონებმა?
  • ფიქრობთ, რომ წესები უცვლელი დარჩება? ფიქრობთ, რომ ეს ყოველთვის ასე იყო?

დამატებითი სამუშაო: დამატებითი სამუშაოს სახით შესაძლებელია ყურადღება გამახვილდეს იმ კითხვებზე, რომლებიც შეეხება იმ საქმიანობებს, რასაც მოსწავლეები არ აკეთებენ, მაგრამ სურვილი აქვთ, რომ აკეთონ. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, ეძებს გზებს, რათა მოსწავლეებს მათი პასუხების შესაბამისი ქმედებების განხორციელების საშუალება მისცეს საკლასო გარემოში.