2 – სამუშაო ფურცელი 3: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის საჭირო მასალის შერჩევა და გამოყენება

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 3: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის საჭირო მასალის შერჩევა და გამოყენება

მედიასაშუალებების მიერ გაშუქებული მასალის შერჩევა

მასალის ფართო ცნება გულისხმობს, რომ მასალას არჩევენ როგორც მასწავლებლები, ასევე, მოსწავლეები. მოსწავლეები მასალას არჩევენ კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში. ამჯერად ყურადღება გამახვილებულია მასწავლებლის როლზე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე საჭირო მასალის შერჩევაში.

მედიასთან დაკავშირებული მასალის შერჩევის კრიტერიუმები

  • უტყუარობა: შესაძლებელია თუ არა ავტორის, წყაროსა და გამოცემის თარიღის გარკვევით იდენტიფიცირება? ტექსტი, მონაცემები და ა.შ. პირველწყაროდან არის აღებული? შეუძლიათ (საშუალო სკოლის) მოსწავლეებს, მიხვდნენ, რომ ტექსტში შეტანილია ცვლილებები, თუ მსგავსი ცვლილებების იგულისხმება  ორიგინალ ტექსტში?
  • შესაბამისობა: მასალა ესადაგება მოსწავლეების აღქმასა და კომპეტენციის განვითარების დონეს, და მათ გამოცდილებას მედიასაშუალებებით გაშუქებული გზავნილების დეკონსტრუქციის კუთხით? მასალა არ უნდა იყოს არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი; მასალის აღქმა მოსწავლეების მხრიდან ძალისხმევას უნდა გულისხმობდეს, რაც მოსწავლეების უნარების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, აღქმისა და განსჯის უნარების დახვეწას ემსახურება.
  • მართებულობა: მასალა აკმაყოფილებს მოსწავლეების ინტერესს? ეხება მასალა ისეთ თემას ან საკითხს, რომელიც, მოსწავლეების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია? შეუძლიათ მოსწავლეებს მასალის შინაარსი დაუკავშირონ თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას?
  • ინდოქტრინაციის დაუშვებლობის ან პერსპექტივათა პლურალიზმის პრინციპი: გამოხატავს მასალა განსხვავებულ პერსპექტივებს? ხომ არ ემსახურება იგი მოსწავლეთა ინდოქტრინაციას – აზროვნების, განსჯის ან ინტერესთა ნებისმიერი კუთხით (იხილეთ წინამდებარე წიგნში შესული მასალა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელ მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის შესახებ)?

მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალა

მასწავლებელმა, გაკვეთილის დაწყებამდე ან გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, გულდასმით უნდა შეისწავლოს მოსწავლეების მიერ შესრულებული წერითი ან სახვითი სამუშაო და წინასწარ დაგეგმოს გასატარებელი ღონისძიებები.

მოსწავლეების მიერ ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დროს მასწავლებლის წინაშე გაცილებით რთული ამოცანა დგება, ვინაიდან მას უწევს სპონტანურად რეაგირება და ხშირად იმპროვიზებაც. იხილეთ წინამდებარე წიგნში შესული მასალა საერთო საკლასო დისკუსიის თავმჯდომარეობის შესახებ.