გაკვეთილი 4: ვაწარმოებთ კამპანიას ჩვენი სკოლის ახალი წესების დასამკვიდრებლად

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: ვაწარმოებთ კამპანიას ჩვენი სკოლის ახალი წესების დასამკვიდრებლად

ახალი წესების შეფასება და მათი წარმოდგენა

სწავლის მიზნები მოსწავლეებს ესმით, რა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი კანონი. ისინი სწავლობენ, როგორ აწარმოონ კამპანია სკოლაში ახალი წესების დასამკვიდრებლად.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები მსჯელობენ კარგი კანონების სხვადასხვა კრიტერიუმზე. ისინი მათ მიერვე შემუშავებულ ახალ კანონებს განიხილავენ ამ კრიტერიუმების მიხედვით. მოსწავლეები წერილობითი ფორმით ადგენენ საბოლოო შეთანხმებას და დააქვთ ზედ თავიანთი ხელმოწერები. ამ შეთანხმებას აცნობენ სხვა კლასებს.
რესურსები ფლიპჩარტი, მოსწავლეებისათვის დასარიგებელი სამუშაო ფურცლები, ქაღალდის ფურცლები, მოსწავლეების მიერ შედგენილი შეთანხმების ასლები სხვა კლასის მოსწავლეებისათვის, ამ თავის პირველ გაკვეთილზე ბრეინშტორმინგის მეთოდით წარმოებული ჩანაწერების შედეგები.
მეთოდები წყვილებში მუშაობა,  საერთო საკლასო განხილვა, პრეზენტაციები სხვა კლასების წინაშე.

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებელს გაკვეთილზე შემოაქვს პირველ გაკვეთილზე მოსწავლეთა ბრეინშტორმინგის მეთოდით გამოკითხვის შედეგები, რომლებიც, ფაქტობრივად, წესების კრიტერიუმებს წარმოადგენს. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, მათ მიერ მიღებული ახალი წესები განიხილონ და შეაფასონ ამ კრიტერიუმების მიხედვით. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, რა დროსაც ისინი ავსებენ მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებს.

მოსწავლეები კვლავ ერთად იყრიან თავს და მართავენ საერთო საკლასო სხდომას, რომლის დროსაც სხვა მოსწავლეებს აცნობენ წესების ანალიზზე წყვილებში მუშაობისას მიღებულ შედეგებს. გახორციელებულ იქნა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები სკოლის წესებში? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, ამ ცვლილებების შესახებ უნდა შედგეს შეთანხმება.

აუცილებელია ფურცელზე დატანილი სკოლის ახალი წესების ასლების გაკეთება, რათა ამ წესებს სკოლის სხვა კლასების მოსწავლეებიც გაეცნონ.

მასწავლებელი მითითებას აძლევს მოსწავლეებს, რათა ისინი ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში გადანაწილდნენ. მოსწავლეთა ჯგუფები უნდა ეწვიონ სკოლის სხვადასხვა კლასს და მათ გააცნონ სკოლის წესების ახალი პროექტი.

მოცემული პროცესი წინასწარ დაგეგმვას მოითხოვს. რა უნდა მოიმოქმედონ სხვა კლასის მოსწავლეებმა მათთვის სკოლის წესების ახალი პროექტის გაცნობის შემდეგ? უნდა შეაფასონ თუ არა მათი სკოლის ახალი წესები? რა ღონისძიებებია დაგეგმილი ამის შემდეგ?

მოსწავლეთა ჯგუფები ემზადებიან პრეზენტაციისათვის, რომლითაც ისინი უნდა წარსდგნენ სხვა კლასის მოსწავლეების წინაშე, ამასთან, ისინი აყალიბებენ იმ მიზეზებს, რომლებმაც, მათი თვალსაზრისით, სკოლაში მოქმედი წესების შეცვლის აუცილებლობა განაპირობა. ამის შემდეგ ისინი უნდა წარსდგნენ სხვა კლასების მოსწავლეების წინაშე პრეზენტაციებით.

პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეები იკრიბებიან და, საერთო საკლასო სხდომის ფორმატში, მოკლე მოხსენებებით წარსდგებიან საკუთარი თანაკლასელების წინაშე, სადაც პრეზენტაციის შედეგებს აცნობენ ერთმანეთს.