ინსტრუმენტი 6: ინტერვიუებისა და გამოკითხვების წარმართვა

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 6: ინტერვიუებისა და გამოკითხვების წარმართვა

ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებით, მაგალითად, როდესაც ადამიანებს უსვამთ კითხვებს იმ მიზნით, რომ მათი პასუხებიდან შეიტყოთ, რაც მათ იციან მოცემულ თემაზე, ან თუ სთხოვთ, საკუთარი მოსაზრება გამოთქვან კონკრეტულ საკითხზე.

შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები:

  • სპეციალისტებს – იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რაიმე კონკრეტული და სპეციფიკური შეიტყოთ მოცემულ საკითხზე;

ან

  • ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ შეხება მოცემულ სფეროსთან, მაგრამ თქვენ გაინტერესებთ მათი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ინტერვიუებისა და გამოკითხვის საწარმოებლად უმჯობესია იმუშაოთ პატარ-პატარა ჯგუფებში. ამ შემთხვევაში ჯგუფის წევრები ერთმანეთს ეხმარებიან როგორც კითხვების შედგენაში, ასევე, მათ კითხვებზე მიღებული პასუხების დამუშავებაში.

საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ყველა კითხვაზე პასუხი მოკლედ ჩაინიშნეთ.
  • აღნიშნეთ კითხვები, რომლებზეც არ გაქვთ პასუხი.
  • კლასში განიხილეთ ის კითხვები, რომლებზეც თქვენ არ გაქვთ პასუხი.

მოქმედებათა თანამიმდევრობა

1. მიზანი
  • რას ეხება ჩვენი თემა? რა გვსურს შევიტყოთ ამ თემის გარშემო?
  • როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი ნამუშევრის საბოლოო ვერსია?
2. მზადება
  • ვინ უნდა იყოს რესპონდენტი? რამდენი რესპონდენტი გვჭირდება? მნიშვნელობა აქვს ასაკსა და სქესს?
  • როგორ შევარჩიოთ რესპონდენტები ინტერვიუსათვის?
  • როგორ უნდა ვაწარმოოთ ინტერვიუ ან გამოკითხვა?
  • ვის უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ან ვისგან უნდა ავიღოთ ნებართვა?
  • როგორ უნდა ჩავიწეროთ პასუხები (ჩამწერი აპარატურით, ხელით ჩანიშვნებით, კითხვარების შევსებით)?
3. კითხვები
  • რა კითხვები უნდა დავსვათ?
  • რამდენი კითხვა უნდა დავსვათ? რა დრო გვაქვს მოცემული კითხვების დასასმელად და მათზე პასუხების მისაღებად?
  • კითხვები ჩამოწერეთ და მიეცით მათ კითხვარის ფორმა.
4. ინტერვიუს ან გამოკითხვის წარმოება
  • როგორ დავიწყოთ ინტერვიუ?
  • ჯგუფის წევრებს შორის როგორ არის გადანაწილებული ფუნქციები (ვინ სვამს კითხვებს, ვინ ინიშნავს პასუხებს, ვინ აგებს ჩამწერი აპარატურის მართვაზე პასუხს)?
  • როგორ უნდა დავასრულოთ ინტერვიუ?
5. შეფასება
  • იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუს დროს თქვენი რესპონდენტი სპეციალისტი იყო, დაფიქრდით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მისი პასუხებიდან შეიტყვეთ და გამოყავით მსგავსი პასუხები.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რამდენიმე რესპონდენტი გყავდათ, რომლებსაც ერთი და იგივე კითხვები დაუსვით და გსურთ გაიგოთ, რამდენმა მათგანმა გასცა თქვენს კითხვებზე ანალოგიური პასუხები, მათი პასუხები შესაბამისად უნდა დაახარისხოთ.
6. პრეზენტაცია

გადაწყვიტეთ, რა ფორმით გააცნობთ კლასს თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას:

  • სიტყვით გამოხვალთ კლასის წინაშე; თუ
  • დაწერთ საგაზეთო სტატიას; თუ
  • დაამზადებთ პოსტერს; თუ
  • თქვენს შედეგებს სხვა ფორმით გააცნობთ კლასს.