თავი 6 (დაწყებითი სკოლა, 6 კლასი) – ბავშვთა უფლებები: ხელოვნების ნიმუში!

Living Democracy » Textbooks » თავი 6 (დაწყებითი სკოლა, 6 კლასი) – ბავშვთა უფლებები: ხელოვნების ნიმუში!

ა)   გაკვეთილის გეგმა

 

ძირითადი კითხვა/გაკვეთილის თემა

ძირითადი ამოცანა

რესურსები

გაკვეთილი 1

რას წარმოადგენს პროექტი ხელოვნებაში? როგორ შეიძლება წარმოვადგინოთ ბავშვთა უფლებები ხელოვნებაში?

მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი მუხლი შეარჩიონ ბავშვთა უფლებების კონვენციიდან, მასზე ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად და გამოთქვამენ  მოსაზრებებს პროექტთან დაკავშირებით.

რამდენიმე ჟურნალი; ბარათებზე ან ქაღალდის ფურცლებზე დატანილი ბავშვთა უფლებები.

გაკვეთილები 2, 3 და 4

როგორ შეუძლიათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დაეხმარონ ერთმანეთს? როგორ უნდა ვარეგულიროთ განსხვავებული ტემპით მომუშავე მოსწავლეების ჰარმონიული თანამშრომლობა?

მოსწავლეები ახორციელებენ ერთ ან რამდენიმე  პროექტს, რომელიც ხელოვნების ნიმუშის შექმნას გულისხმობს. ისინი სწავლობენ, როგორ გაუწიონ დახმარება სხვებს და როგორ მიიღონ დახმარება სხვებისაგან, საკლასო გარემოში.

ფურცლები, ფერადი საღებავები, წებო, ჟურნალები და ა.შ.

ბ)   საფუძველი და საგანმანათლებლო მიზნები

ბავშვთა და ადამიანის უფლებები ხშირად უკავშირდება კომპლექსურ პოლიტიკურ, სოციალურ და პირად პრობლემებს. მოცემული პროექტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხდება შესაძლებელი იმ ტრადიციის ხორცშესხმა, რომელიც კარგად არის დამკვიდრებული ბავშვების და ადამიანის უფლებების კონტექსტში.

ხელოვნების მუშაკები ხშირად იღებდნენ თავის თავზე კონკრეტული მუხლების ხელოვნებაში ასახვას. ამის შედეგად გვაქვს უამრავი შესანიშნავი ბარათი, კალენდარი, წიგნი და ფილმიც კი, რომელიც ადამიანისა და ბავშვთა უფლებებს ეძღვნება.

მოსწავლეებისათვის, რომელთაც უკვე იმუშავეს საგანძურის სკივრის პროექტზე (მე-3 თავი), მოცემული პროექტი წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას, უფრო ღრმად შეისწავლონ ბავშვთა უფლებები.

V5_P32

ჩვენ მივიჩნევთ, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები დროგამოშვებით უბრუნდებოდნენ შესწავლილ მასალას (მე- 3 თავი: „საგანძურის სკივრი“-ს პროექტი) და სხვადასხვა კუთხით განიხილავდნენ მას სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოყენებულ იქნეს შემოქმედებითი და ინტეგრალური მიდგომა. ზეპირად ან  წერილობით ჩამოყალიბებული აზრი შესაძლებელია გამოიხატოს ერთი გამოსახულებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი აღქმა და გაგება სრულყოფილად მოხდება.

გირჩევთ, მოცემულ თავში შესული გაკვეთილის აქტივობების თანმიმდევრობა სასწავლო წლის დასაწყისიდანვე შეიტანოთ სასწავლო პროგრამაში, რათა მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, ბავშვთა საყოველთაო დღისადმი (20 ნოემბერი) მიძღვნილ ღონისძიებას დაემთხვეს, რომელიც  გაიმართება სკოლაში, რომელიმე საგამოფენო დარბაზში ან სხვა საჯარო დაწესებულებაში.

პროექტის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა წახალისება, რათა ისინი წარმოსახვით და შემოქმედებითად მიუდგნენ ამოცანას.

შენიშვნა: პირველი  გაკვეთილის ან მთლიანი პროექტის შესრულება შესაძლებელია მეორე ხელოვნების მასწავლებელთან ან დიზაინის და ტექნოლოგიის მასწავლებელთან ან ადგილობრივ მსახიობთან თანამშრობლობით, ისევე როგორც პარალელურ კლასთან ერთად. მოსწავლეების შემოთავაზებები შესაძლებელია აისახოს დაგეგმვის პროცესში.

გ)   ძირითადი კითხვები ბავშვთა უფლებების შესახებ შეძენილი ცოდნისა და უნარების შესაჯამებლად

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა

ბავშვთა უფლებების დანერგვა

მასწავლებელი

როგორ და რა საშუალებებით არის დაცული ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოსა და სასკოლო საზოგადოებაში?

რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ?

ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ გამოსახვის საკუთარი საშუალებების გამოყენება შესაძლებელიც არის და მნიშვნელოვანიც. ისინი ეძებენ ინდივიდუალურ ხერხებს, რათა მხატვრული საშუალებებით შეძლონ, წარმოადგინონ ბავშვთა სხვადასხვა უფლება.

მოსწავლეებმა გააფართოვეს და გააღრმავეს თავინთი ცოდნა და გაგება ბავშვთა უფლებების შესახებ;  კრიტიკულად შეაფასეს  ზოგიერთი ძირითადი უფლება ბავშვთა უფლებების კონვენციიდან.

მოსწავლეებს შეუძლიათ, ემოციურ დონეზე აღიქვან ბავშვთა უფლებების დარღვევები და საკუთარი მსჯელობა ჩამოაყალიბონ ამასთან დაკავშირებით.  მოსწავლეებში ეს კომპეტენცია ვითარდება მათ მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევების გაანალიზების პროცესში.

მოსწავლეები

რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით?

რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ?

როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ?

ამ პროექტის საშუალებით, საკლასო ოთახი და მთლიანი სკოლა იქცა ადგილად, რომლის მორთვაშიც მე ჩემი წვლილი შევიტანე და სადაც მე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მე შემიძლია გამოვხატო ჩემი ინდივიდუალობა და გარშემომყოფები პიროვნებად აღმიქვამენ.

ჩემს თანაკლასელებთან ერთად, ვეცადე, შემესწავლა ბავშვთა უფლებები. მე ბევრი კითხვა გამიჩნდა და ასევე დავრწმუნდი, რომ უცნაური არაფერია იმაში, რომ მე ჯერ კიდევ კარგად არ მესმის ზოგიერთი უფლება. მე გაგრძელებ მათ შესწავლას.

მე დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში ხელოვნების კუთხით, ახლა უკვე თამამად შემიძლია ჩემი ამ შესაძლებლობების გამოყენება და მათ დახვეწაზე ზრუნვა. ეს ჩემი პიროვნების ნაწილია და ზოგჯერ ეს დამეხმარება, უკეთ გამოვხატო ჩემი ფიქრები და ემოციები, ვიდრე ამას სიტყვებით მოვახერხებ. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმსჯელებ მსგავსი პროექტების გახორციელებაზე მომავალშიც, შესაძლებელია ნამუშევრები გავყიდოთ კიდეც და შემოსული თანხა  ბავშვებისათვის წარმოებულ პროექტებს გადავცეთ.

დ)   მსვლელობა

გაკვეთილი 1 (ხანგრძლივობა დაახლოებით 1 ½ გაკვეთილი)

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის დეტალებს. მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია:

  • კიდევ ერთხელ გაეცნონ ბავშვთა უფლებებს;
  • გაერკვნენ იმ პრინციპსა და მიზანში, რომელიც საფუძვლად უდევს მოცემულ პროექტს;
  • გააცნობიერონ, თუ რა მოთხოვნებს უყენებს მათ დროის განრიგი;
  • იხილონ მხატვრული საშუალებებით გადმოცემული ბავშვთა (ან ადამიანის) უფლებების მაგალითები.

ამისათვის მასწავლებელმა მოსწავლეებს არა მარტო უნდა უჩვენოს ადამიანისა და ბავშვთა უფლებების ილუსტრაციების მაგალითები, არამედ მათ წინაშე უნდა სცადოს განსხვავებული სტილისა და მიდგომების დემონსტრირება, რაც მოსწავლეებს დაეხმარება  გამოხატვის თავიანთი საშუალებების მოძიებაში.

გაცნობის შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს დააჯგუფებს (თითოეულ ჯგუფში ექვსი ბავშვი). (ეს იქნება მომდევნო ფიქსირებული ჯგუფების შექმნის საფუძველი). ყველა ჯგუფი მიიღებს ბავშვთა უფლებების დეკლარაციის ასლს (იხ. დანართი). ამოცანა: იპოვეთ ბავშვთა სამი უფლება, რომლისთვისაც თქვენ შექმნიდით ხელოვნების შესაფერის ნიმუშს (სურათი, ნახატი, ქანდაკება, ობიექტი).

შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც დადგინდება რომელი ჯგუფი, რომელ  ბავშვის უფლებაზე იმუშავებს (თითოეული ჯგუფი თავისი დეკლარაციის ეგზემპლიარზე აღნიშნავს შერჩეულ უფლებას). ბოლოს დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება მოიძებნება ყველა ჯგუფისთვის.

ჯგუფის წევრებმა უნდა განმარტონ შემდეგი საკითხები:

  • პირველი მოსაზრებები დაგეგმილი სურათის ან ობიექტის კონცეფციის შესახებ;
  • შერჩეული საღებავები, ინსტრუმენტები, მასალა;
  • დროის განრიგი (შენიშვნა: მასწავლებელმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს და რჩევა მისცეს მოსწავლეებს რომ მათი რჩეული პროექტი ხელმისაწვდომია მოცემულ დროში);
  • იდეები დაგეგმილი გამოფენისთვის (შესაძლებელია მოგვიანებით პლენარულ სესიაზე განხილვა).

მოსწავლეთა ჯგუფები სხვა ჯგუფებთან ერთად განიხილავენ თავიანთ მოსაზრებებს კლასში.

მომდევნო კვირას დაგეგმილი გაკვეთილისათვის ჯგუფებმა უნდა შეიმუშავონ იდეები პროექტის შესახებ, შეაგროვონ მაგალითები ჟურნალებიდან, გაზეთებიდან და წიგნებიდან, რომლებიც ილუსტრირების სხვადასხვა გზას გამოხატავს. მოიმარაგონ და მოიტანონ მასალა, რომელიც სამუშაოს შესრულებისათვის დასჭირდებათ. თითოეული ჯგუფი მოამზადებს პატარა პრეზენტაციას, შერჩეული ბავშვის უფლების შესახებ, რომელიც ილუსტრირებული იქნება მაგალითებით.

გაკვეთილი 2 (პირველი ნახევარი)

მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს და კომენტარს აკეთებენ ერთმანეთის მოსაზრებებზე. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ ბავშვთა უფლებები; ასევე, უნდა შეეძლოთ მაგალითის მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ამ უფლებების დაცვა ან დარღვევა. მასწავლებელმა უნდა მოსთხოვოს მოსწავლეებს, ახსნან უფლებები და ის გზები და საშუალებები, რომლებიც მათი ილუსტრირებისათვის მოიფიქრეს.

პროექტის საბოლოო კონცეფციის დაზუსტება, რომელიც დასრულდება გამოფენის ჩატარებით 20 ნოემბრისთვის. (პროექტის განხილვა მოხდება 3 გაკვეთილზე).

გაკვეთილები 2 (მეორე ნახევარი) 3 და 4

მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მეორე გაკვეთილის მეორე ნახევარი და შემდგომი ორი გაკვეთილი პროექტის დამოუკიდებლად გახორციელებას მოახმარონ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია აქვთ, როდესაც ჯგუფურად მუშაობენ. მასწავლებელმა უნდა გაამხნევოს ისინი და მოუწოდოს, რომ განავითარონ თავიანთი იდეები.

მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს იმით, რომ აჩვენოს მათ მხატვრული ხერხების გამოყენებით შესრულებული პოსტერები, რეკლამებიდან ამოღებული ილუსტრაციები, დიაგრამები და ა.შ. რომლებიც ამოჭრილია ჟურნალებიდან და გაზეთებიდან. მოსწავლეებს შეუძლიათ, გაკვეთილზე მოიტანონ წიგნები და ჟურნალები, რომლებიც ხელოვნებას ეძღვნება. არ არის აუცილებელი, ილუსტრაციები უკავშირდებოდეს ბავშვთა უფლებების თემას. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა აწარმოონ დისკუსია, ვიდრე ისინი ინდივიდუალურ საქმიანობას შეუდგებოდნენ.

რეკომენდაციები გამოფენისთვის:

  • თუ თქვენი მოსწავლეები გამოფენის მოწყობას სკოლის შენობაში, საკლასო ოთახში ან საზოგადოებრივი დატვირთვის შენობაში გეგმავენ, დაავალეთ მათ შეთანხმდნენ ფურცლის ფორმატსა და წარწერების სტილზე.
  • კონკურსის ჩატარება შეიძლება ჟიურის წევრების წინაშეც. ჟიურის შემადგენლობაში შეიძლება იყოს  როგორც მოსწავლეები, ასევე ადგილობრივი საჯარო პირები, მაგალითად: ადგილობრივი მსახიობი ან ჟურნალისტი.
  • თუ პროექტი ნახსენები იქნება ადგილობრივი მედიის საშუალებებში, ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში.