გაკვეთილი 3: სტერეოტიპები და ცრურწმენები

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: სტერეოტიპები და ცრურწმენები

ჩვენი მოსაზრებები სხვა ადამიანების, ჯგუფებისა და ქვეყნების შესახებ

სწავლის მიზანი მოსწავლეებს ესმით, როგორ უკავშირდება ცრურწმენები და სტერეოტიპები ერთმანეთს. ასევე, მათ გააზრებული აქვთ, რომ სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გამოყენებამ შეიძლება არასწორი, ზედმეტად გამარტივებული შეხედულებები შეგვიქმნას ადამიანებზე, ადამიანთა ჯგუფებზე და მთელ ქვეყნებზეც კი.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები აანალიზებენ საკუთარ შეხედულებებს სხვა ადამიანებზე და ამ შეხედულებებს ჯგუფებში განიხილავენ.
საჭირო მასალა ფურცლები და მარკერები.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა  ჯგუფური მუშაობა, დისკუსია.

 

ძირითადი ცნებები:

სტერეოტიპები: შეხედულებები, რომლებიც ადამიანთა დაჯგუფებებს საკუთარი ჯგუფის, ან ადამიანთა სხვა ჯგუფების მიმართ აქვთ.

ცრურწმენები: ემოციით დატვირთული შეხედულებები ადამიანთა დაჯგუფებების (ძირითადად, უმცირესობების) ან ადამიანთა (უმცირესობის წარმომადგენელთა) შესახებ.

გაკვეთილი

ამ გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებისათვის იმის ჩვენება, რომ კონკრეტულ პიროვნებას განსხვავებულად აღვიქვამთ, ვიდრე პიროვნებათა ჯგუფს,  ან ქვეყანას.

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი მოკლედ, ლექციის ფორმით, ესაუბრება მოსწავლეებს სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს შორის არსებულ განსხვავებებზე. წინა ორი გაკვეთილის გამოცდილების მოშველიებით, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს შორის განსხვავებების აღმოჩენაში. მასწავლებელს ეს ორი ცნება შემოაქვს წინა გაკვეთილებზე განხილული მაგალითის გათვალისწინებით, რომელიც ახალ საზოგადოებაში ბიჭის დამკვიდრებას უკავშირდება. მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს, რომ სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს ამ ბიჭს. ამ შეხედულებებს მასწავლებელი განიხილავს, როგორც ცრურწმენებს ან სტერეოტიპებს (იხილეთ დამხმარე მასალა მასწავლებილსათვის ამ თავის ბოლოს, სადაც მოცემულია ინფორმაცია ასეთი მოკლე ლექციისათვის). შემდეგ მოსწავლეები მცირე ზომის ჯგუფებს ქმნიან და მუშაობენ ისეთი სოციალური ჯგუფების აღწერებზე, როგორებიცაა:

  • გოგონები და ბიჭები;
  • პროფესიები;
  • ეთნიკური ჯგუფები;
  • ქვეყნები;
  • კონტინენტები.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს არ მოვთხოვოთ სხვებისადმი მათი პირადი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. უმჯობესია, მათ იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ აღიქვამდნენ, მათი აზრით, მეზობლები, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები იმ ჯგუფებს, რომლებიც მათ აღსაწერად ერგოთ.

მასწავლებლის მიერ გაკვეთილის დასაწყისში მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მოსწავლეები ცდილობენ, ცრურწმენები სტერეოტიპებისაგან გაარჩიონ.

მასწავლებელს შეუძლია დაფაზე გარკვეული მინიშნებები მისცეს მოსწავლეებს, რომლებიც პრეზენტაციას საკითხების ისეთი ნუსხის ფორმით ამზადებენ, როგორც ქვემოთაა წარმოდგენილი.

მოსწავლეები დავალებას, დაახლოებით, 15 წუთს უთმობენ. 3-4 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში მათი  მუშაობა მასწავლებლის ლექციის დასრულებისთანავე იწყება. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ მაგალითზე მუშაობას დაავალებს მოსწავლეებს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიმე ვარიანტი შეიძლება უფრო ახლოს იყოს მოსწავლეების ყოველდღიურ გამოცდილებასთან. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეთნიკური უმცირესობების შესახებ დისკუსიის/პრეზენტაციის მოწყობა მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, თუ დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არცერთ მოსწავლეს გულს არ ატკენს, ან არ შექმნის კონფლიქტურ სიტუაციას.

თითოეული ჯგუფი დისკუსიის შედეგების წარმოსადგენად ერთ ადამიანს ირჩევს, რომელიც პრეზენტაციის დროს ყურადღებას შემდეგ საკითხებზე ამახვილებს:

  • ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ჯგუფი, ჩვენი ეთნიკური კუთვნილება, ჩვენი პროფესია;
  • სტერეოტიპები, რომლებიც ჯგუფში დისკუსიის დროს გამოიკვეთა;
  • ცრურწმენები, რომლებიც ჯგუფში დისკუსიის დროს გამოიკვეთა;
  • ჩვენი ვარაუდები იმის შესახებ, თუ რატომ აქვთ ჯგუფის წევრებს ეს შეხედულებები;
  • ჩვენი აზრები, მსგავსებები და განსხვავებები ჩვენს მიდგომებში.

პრეზენტაციების დროს მასწავლებელი თითოეული ჯგუფის გამოსვლიდან ძირითად საკითხებს ფლიპჩარტზე ინიშნავს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა დაეხმარება მასწავლებელს ასეთი ჩანაწერების გაკეთებაში:

ჯგუფი ქვეყანა/პროფესია/ეთნ. ჯგუფი სტერეოტიპები ცრურწმენები შენიშვნები
1
2
3
4
5

ბოლოს, მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აფასებს როგორც პროცედურულ საკითხებს, ისე შედეგებს.  მასწავლებელი მოსწავლეებს მოკლედ აცნობს შემდეგი გაკვეთილის თემას.