გაკვეთილი 3: წესდების პროექტი

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: წესდების პროექტი

უმრავლესობა/უმცირესობის საკითხის დარეგულირებისათვის საჭირო ინსტიტუციური სისტემების შედარება

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება მოკლე პრეზენტაციები, შედარება და მსჯელობა მოსაზრებებისა და მიზეზების შესახებ.
სწავლის მიზანი ინსტიტუციური სტრუქტურა გულისხმობს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა, განხორციელებადობა, სამართლიანობა და სტაბილურიბა.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები იკვლევენ ინსტიტუციური სტრუქტურის კრიტერიუმებს. გამოდიან პრეზენტაციებით და ერთმანეთს ადარებენ საკუთარ მოსაზრებებს.
მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 7.4.

მატრიცა მოსწავლეთა პრეზენტაციებისთვის (დაფა ან ფლიპჩარტი).

ხუთი ცალი A4 ფორმატის ფურცელი. მარკერები. წებო ან წებოვანი ლენტი.

მეთოდი ჯგუფური პრეზენტაციები, პლენარული განხილვა.
დროის ბიუჯეტი 1. პრეზენტაციები: წესდებათა პროექტები სპორტული კლუბისთვის. 30 წთ.
2. წესდებათა პროექტების შედარება. 10 წთ.

 

ინფორმაცია

მოცემულ გაკვეთილზე, ძირითადად საუბრობენ მოსწავლეები. ჯგუფებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები (მონაწილეობა), იმ შემთხვევაში, თუ მათ მზად აქვთ პრეზენტაციები. სპიკერებმა უნდა დაიცვან რეგლამენტი (ეფექტურობა). მონაწილეობა დამოკიდებულია ეფექტურობაზე. ეფექტური მუშაობა დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის რეკვიზიტია. სწორედ ამის გამო მეთოდური უნარის გამომუშავება მნიშვნელოვანი ელემენტია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში.

გაკვეთილის აღწერა

1. მოსწავლეთა პრეზენტაციები

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის განრიგს: ჯგუფების სპიკერები კლასის წინაშე წარსდგებიან მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციებით, რომლის დროსაც პასუხს გასცემენ მასალაში მოსწავლეებისთვის 7.3 მოცემულ კითხვებს. ეს კითხვები მოცემულია მატრიცაში. ისინი განიხილავენ ინსტიტუციური სტრუქტურის ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა, განხორციელებადობა, სამართლიანობა და სტაბილურობა.

მასწავლებელს მატრიცა გადააქვს სამ ფლიპჩარტზე ან დაფაზე. დროის დაზოგვის მიზნით, მასწავლებელი A4 ფორმატის ფურცლებზე წინასწარ დაწერილ ძირითად კითხვებს ამაგრებს მატრიცაზე. ეს ასევე არის დემონსტრირება იმ მეთოდისა, რომელიც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ პრეზენტაციის დროს.

ძირითადი კითხვები ჯგუფი 1 ჯგუფი 2 ჯგუფი 3 ჯგუფი 4 შედარება
ბიუჯეტის განაწილება: როგორ?
ვინ იღებს გადაწყვეტილებას განაწილების შესახებ?
ავტონომია ჯგუფებს?
დისკრიმინაციის აკრძალვა?

თითოეულ ჯგუფს დაახლოვებით ექვსი წუთი ეძლევა პრეზენტაციისთვის. ჯგუფები მომზადებული პრეზენტაციებით, რიგრიგობით წარდგებიან კლასის წინაშე. მასწავლებელი თავმჯდომარეობს პრეზენტაციის სესიას. მოსწავლეები არ მართავენ დისკუსიას, სანამ ყველა პრეზენტაციას არ მოისმენენ. თუმცა, ყველა ჯგუფის სპიკერი პრეზენტაციის დროს საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც ჯგუფის გადაწყვეტილება განაპირობა.

მასწავლებელი ამხნევებს სპიკერებს, პრეზენტაციისას მიმართოს მთელ კლასს და არ იყვნენ ორიენტირებული მხოლოდ მასწავლებელზე.

ჯგუფის მეორე წევრი პასუხისმგებელია სპიკერის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ჩანაწერების გაკეთებაზე. ჩანაწერების გასაკეთებლად დაფაზე ან, უკეთეს შემთხვევაში, ფლიპჩარტზე გამოყოფილია სპეციალური გრაფა. დანარჩენი მოსწავლეები საკუთარ ჩანიშვნებს აკეთებენ მათთვის დარიგებულ ფურცლებზე. ეს ჩანაწერები გამოყენებული იქნება, როგორც მასალა, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ შემდეგ გაკვეთილზე.

მასწავლებელი ამხნევებს ჯგუფის სპიკერს პრეზენტაციის დროს ისაუბროს იმ მიზეზებზე, რამაც ჯგუფის გადაწყვეტილება განაპირობა.

2. წესდებათა პროექტების შედარება

განხილვის დაწყებამდე, მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომზადებულ წესდებათა პროექტებს. პრეზენტაციების დროს ჩანაწერების გაკეთება ხდებოდა ვერტიკალურად, სვეტის სახით, ყოველ კითხვაზე თანმიმდევრობით პასუხის გაცემის სახით. ამჯერად მოსწავლეებმა მატრიცა ჰორიზონტალურად, მწკრივის სახით უნდა წაიკითხონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა ჯგუფის მიერ ერთ კითხვაზე გაცემული პასუხები. ბოლო სვეტში მასწავლებელი, რომელიც თავმჯდომარეობს სესიას, აკეთებს ჩანაწერებს მოსწავლეთა პასუხების შესაბამისად.

მოსწავლეები საკუთარ ჩანაწერებს აკეთებენ მათთვის დარიგებულ ფურცლებზე, მასალა მოსწავლეებისთვის 7.4.

3. საშინაო დავალება – ინფორმაციის მომზადება დისკუსიისთვის

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ ისინი შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში უნდა წარდგნენ წინასწარ მომზადებული ინფორმაციით იმის თაობაზე, თუ რომელი წესდების პროექტი მიაჩნიათ მათ უფრო დამაჯერებლად  და რატომ.

მასალაში მოსწავლეებისთვის 7.4 მოცემულია ის ძირითადი კითხვები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს წესდებების შეფასებაში; ასევე, აწვდის მოსწავლეებს მითითებას, როგორ გამოიყენონ ეს კითხვები და უხსნის, რა ფუნქცია აკისრია მათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში.