3. როგორ შეიქმნა ბავშვთა უფლებები

Living Democracy » Textbooks » 3. როგორ შეიქმნა ბავშვთა უფლებები

1945 წელი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს ბევრი ქვეყნა გაერთიანდა და შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – გაერო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სურვილს წარმოადგენდა მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების დამკვიდრება.

1948 წლის 10 დეკემბერი

ამ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

ამ დეკლარაციაში შესულ უფლებებში, რომელიც მსოფლიოში ყველა ადამიანის უფლებებს წარმოადგენს, მოიაზრებოდა ბავშვების უფლებებიც.

ძალიან მალე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბავშვები განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას საჭიროებდნენ.

1950 წელი

მომზადდა ბავშვთა უფლებების დოკუმენტის პირველი პროექტი, რომლის შესახებ მსჯელობაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის, რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
1959 წლის 20 ნოემბერი

ამ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო დეკლარაცია ბავშვის უფლებების შესახებ.

ამგვარი დეკლარაცია სახელმწიფოების მხრიდან ვალდებულების შემცველ დოკუმენტს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ყველა სახელმწიფოსათვის წარმოადგენს რეკომენდაციას, რომლითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ შემდგომი პოლიტიკის შემუშავებისას.

1979 წელი

მსოფლიო მასშტაბით ეს წელი გამოცხადდა ბავშვის წლად. ბავშვთა უფლებების შესახებ დისკუსიები იმართებოდა ყველგან. ბავშვების კეთილდღეობით დაინტერესებული დღითიდღე სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გამოთქვამდა სურვილს, ბავშვთა უფლებები უფრო დეტალურად ყოფილიყო შემუშავებული და, რაც ყველაზე მთავარია, სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტის სახე მიეღო.
1989 წლის 20 ნოემბერი

ამ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო ბავშვის უფლებების კონვენცია, ან, როგორც ჩვენ ვუწოდებდით მას, შეთანხმება ბავშვის უფლებების შესახებ.

ამ დღიდან მოყოლებული, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ ხელი მოაწერა კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ.

ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით, სახელმწიფოების მთავრობებმა აიღეს ვალდებულება, ბავშვთა უფლებების შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინათ თავ-თავიანთ ქვეყნებში, დაეცვათ ეს უფლებები და განსაკუთრებული მზრუნველობა გამოეჩინათ ბავშვების მიმართ.

მაგრამ მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც ბავშვებს უსამართლოდ ეპყრობიან.

ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელი და ვალდებულია, მიიღოს ზომები, რათა მთელ მსოფლიოში ყველა ბავშვი სარგებლობდეს მათთვის მინიჭებული უფლებებით.