გაკვეთილი 1: უმრავლესობა – მუდმივი მმართველი?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: უმრავლესობა – მუდმივი მმართველი?

მაგალითი

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება პრობლემის ანალიზი
სწავლის მიზანი „მუდმივი უმცირესობის“ პრობლემა: დემოკრატიულ საზოგადოებაში უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას და უმცირესობა იძულებულია დათანხმდეს როგორც ამ პრინციპს, ასევე იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ხმათა უმრავლესობით. მაგრამ რა ხდება თუ უმცირესობის ინტერსები მუდმივად არის უგულებელყოფილი?
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები განსაზღვრავენ „მუდმივი უმცირესობის“ პრობლემას და ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ განცხადებებით გამოდიან.
მასალა და რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის 7.1 (მაგალითი), მარკერები, ფლიპჩარტი.
მეთოდი ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფური მუშაობა, პლენარული განხილვა.
დროის ბიუჯეტი 1. შესავალი: პრობლემის განსაზღვრა. 15 წთ.
2. ამოცანის დასახვა. 20 წთ.
3. ჯგუფური მუშაობა. 10 წთ.

ინფორმაცია

მოცემულ გაკვეთილზე მოსწავლეები ეცნობიან უმრავლესობა/უმცირესობის საკითხს. შეთხზულ მაგალითში პრობლემა, შეძლებისდაგვარად, მარტივად არის დაყენებული. სპორტული კლუბი აღქმულია, როგორც მიკროსაზოგადოება, რომელიც მხოლოდ ორი ჯგუფისგან შედგება – ერთი მრავალრიცხოვანი და ერთი მცირერიცხოვანი ჯგუფისგან. გადასაჭრელი პრობლემა – როგორ დავარეგულიროთ უმრავლესობისა და უმცირესობის უფლებები – რეალურ, პოლიტიკურ საზოგადოებაში არსებული პრობლემის მსგავსია.

გაკვეთილის აღწერა

1. შესავალი: პრობლემის განსაზღვრა

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ გაკვეთილი იწყება მაგალითით. იგი ჩამოარიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 7.1 და მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ მაგალითს. გაკვეთილის დასაწყის ეტაპზე, პრეზენტაციის ეს ფორმა, ნაცვად იმისა, რომ მოსწავლეებს მაგალითის დამოუკიდებლად, ჩუმად წაკითხვა დავავალოთ, მათ  ჯგუფური მუშაობისთვის განაწყობს.

მასწავლებელი სვამს ერთ შეკითხვას:

„რაში მდგომარეობს პრობლემა?“

იგი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ ამ კითხვაზე და ჩაინიშნონ საკუთარი პასუხები. ამგვარი დავალება, მოსწავლეებს, რომლებიც „ნელა“ ფიქრობენ (და რომლებიც ხშირად წინდახედულ პასუხებს იძლევიან), ისევე როგორც მოსწავლეებს, რომლებიც ინტროვერტები არიან, საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ განხილვაში.

პლენარულ რაუნდზე, მოსწავლეები, მათ მიერვე გაკეთებულ ჩანიშვნებზე დაყრდნობით, პასუხს სცემენ დასმულ კითხვას. მასწავლებელი მათ უსმენს და ამხნევებს, რათა გარკვევით ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები (აქტიური მოსმენა). მას შემდეგ, რაც დაახლოებით 10 მოსწავლე გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, მასწავლებელს მათ მიერ გამოთქმული ძირითადი მოსაზრებები გადააქვს დაფაზე. მოსალოდნელია, რომ მოსწავლეები შეეხებიან დემოკრატიის ძირითად პრინციპს, რაც მრავალრიცხოვანი ჯგუფის სასარგებლოდ მოქმედებს, მაშინ როცა მცირერიცხოვანი ჯგუფის სასარგებლოდ მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი (თანასწორობა). მასწავლებელი მოსწავლეთა მოსაზრებებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით ახარისხებს, რაც გამოყენებული იქნება დისკუსიისთვის მიმართულების მისაცემად:

მიკროსაზოგადოება: სპორტული კლუბი
პრობლემა პრობლემის გადაჭრის შემოთავაზებული გზები

თანანაბარი უფლებების დარღვევა

დისკრიმინაციის შთაბეჭდილება (თანანაბარი უფლებების დარღვევა)

მუდმივად გამარჯვებულნი და მუდმივად დამარცხებულნი („მუდმივი უმცირესობა“)

უმცირესობის ინტერესებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული (კომპრომისი)

მოჭადრაკეები ტოვებენ კლუბს (მარცხის სცენარი)

დემოკრატია საფრთხის წინაშეა

უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას – დამარცხებულები არ იზიარებენ მათ გადაწყვეტილებას

უმრავლესობის განმარტების შეცვლა

მოსწავლეებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ მსგავსი კონფლიქტი გადაჭრას მოითხოვს. მოჭადრაკეების მიერ კლუბის დატოვება არავის ინტერესში შედის. მაგალითად ცალ–ცალკე კლუბის არსებობა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასე რომ საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც შეესაბამება როგორც დემოკრატიის, ასევე თანასწორობის პრინციპებს.

2. ამოცანის დასახვა

ა. პრობლემა

მოსწავლეებს, სავარაუდოდ, ესმით, რომ წარმოდგენილი მაგალითი არის მოდელი, რომელიც აჩვენებს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, აქედან გამომდინარე, უმრავლესობა/უმცირესობის საკითხს გააჩნია პოლიტიკური განზომილება. რეალობის ნაცვლად, მაგალითის შესწავლა, პრობლემას უფრო ნათელს ხდის და ამოცანას ამარტივებს. შემდგომში, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ეს მაგალითი, რეალურ სიტუაციასთან პარალელის გასავლებად. მასწავლებელი ხაზგასმით აღნიშნავს, მაგალითის კავშირს რეალობასთან, რადგან ეს ამართლებს ამოცანის მიზანს.

მოსწავლეებმა უნდა დაიცვან ორი პრინციპი: თანასწორობა და დემოკრატია.

ერთი მხრივ, უმრავლესობა/უმცირესობის საკითხი სამართლიანად უნდა გადაიჭრას – უმცირესობა არ შეეგუება იმას, რომ მათი ინტერესები და მოთხოვნილებები მუდმივად იყოს უგულებელყოფილი. მეორე მხრივ, დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა სამართლიანად მოითხოვს გადამწყვეტი ხმა მის ხელთ იყოს. მოსწავლეების ამოცანას წარმოადგენს ისეთი წესდების შექმნა, რომელიც ამ ორივე პრინციპს გააერთიანებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 7.2 და 7.3 და აძლევს მათ დროს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ჩუმად წაიკითხონ მასალა მოსწავლეებისთვის 7.2. მოკლე პლენარული რაუნდის განმავლობაში, მოსწავლეები მასალაში მოსწავლეებისთვის 7.2 წამოყენებულ ძირითად მიდგომებს დაფაზე დატანილ, მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან აკავშირებენ.

ბ. მოსალოდნელი გამოსავალი

მოსწავლეები კარგად უნდა ერკვეოდნენ იმაში, თუ რაში მდგომარეობს მათი ამოცანა და რისი მომზადება ევალებათ მათ. მუშაობენ რა პატარ–პატარა ჯგუფებად, მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ წესდება, რომელშიც მოცემული იქნება წესები, რომელთა დაცვითაც თავიდან ავირიდებთ „მუდმივი უმცირესობის“ პერსპექტივას, როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათი ინტერესები და მოთხოვნილებები მუდმივად არის უგულებელყოფილი. მათ შეუძლიათ წესდებაში შეიტანონ წესები გადაწყვეტილების მიღებაზე და ასევე ბიუჯეტის გადანაწილებაზე. მოსწავლეებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ სპორტული კლუბი მიკროსაზოგადოებაა და მათი წესდება ისევე მოქმედებს, როგორც სახელმწიფოში კონსტიტუცია. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი და მოსწავლეები იყენებენ მასალას მოსწავლეებისთვის 7.3, რათა პასუხი გასცენ ამოცანასთან დაკავშირებით წამოჭრილ კითხვებს.

გ. პროცედურა

ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ამოცანასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს. მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს. მათ მიერ არჩეული, მასალაზე პასუხისმგებელი მოსწავლე ჯგუფს ფლიპჩარტითა და მარკერებით უზრუნველყოფს. ჯგუფების დროის აღმრიცხველებს მასწავლებელი მოკლე ინსტრუქციას აძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯგუფებს ნამუშევრები მზად უნდა ჰქონდეთ მეორე გაკვეთილის დასასრულისთვის.

მასწავლებელს ფლიპჩარტზე აქვს გადატანილი ძირითადი კითხვები, რომელიც მასალაში მოსწავლეებისთვის 7.3 არის მოცემული (იხ. გაკვეთილი 3, ქვემოთ). იგი უხსნის მოსწავლეებს, რომ ეს ის კითხვებია, რომლებიც კრიტერიუმების ფუნქციას შეასრულებს, როდესაც მოხდება მოსწავლეების ნამუშევრების შედარება.

3. ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეები ქმნიან ოთხ ან ექვსკაციან ჯგუფებს. ისინი ჯგუფებში მუშაობენ პირველი გაკვეთილის დარჩენილი დროის განმავლობაში და აგრძელებენ მუშაობას მეორე გაკვეთილზე.

მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს ჯგუფების მენეჯერებს, გაკვეთილის ბოლოს მასთან მოიყარონ თავი, რათა მოკლე მოხსენებები გააკეთონ თავიანთი ჯგუფის მუშაობის შესახებ.