ნაწილი 1 – ცნებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები

Living Democracy » Textbooks » ნაწილი 1 – ცნებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები

დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების იდეა არ არის ახალი. სამოქალაქო ან მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობების შესახებ განათლება მრავალი წლის წინ დაინერგა ევროპის ბევრ ქვეყანაში და დღემდე ხორციელდება სხვადასხვა გზით. ამგვარი სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა ინფორმირება მათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემის შესახებ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონსტიტუციის შესახებ, ინსტრუქციის მიწოდების ფორმალური მეთოდების გამოყენებით. შესაბამისად, მოქალაქეობის მოდელი, რომელსაც ამგვარი სწავლება გულისხმობს, პასიური და მინიმალურია. მოქალაქეობა, რიგითი ადამიანების დიდი უმრავლესობისათვის, შემოიფარგლება თითქმის მხოლოდ იმ მოლოდინით, რომ ისინი უნდა დაემორჩილონ კანონს და მონაწილეობა მიიღონ სახალხო არჩევნებში. ეს არის ის პასუხისმგებლობები, რომლებიც ეკისრებათ მოქალაქეებს იმ სამართლებრივ და კულტურულ გარემოში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ზოგიერთი ქვეყანის მიერ გახორციელებულ იქნა ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ჩართვა მოქმედ სასწავლო პროგრამებში. ევროპის მასშტაბით, განათლების სფეროში დასაქმებული პირები დღითიდღე სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას შორის კავშირის აუცილებლობაში.

თუმცა უკანასკნელ წლებში ევროპის მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა და განხორციელებულმა ცვლილებებმა რამდენადმე შეცვალა მოქალაქეობის მოდელი: ეს მოვლენები მოიცავს:

  • ეთნიკურ კონფლიქტებსა და ნაციონალიზმს;
  • გლობალურ საფრთხეებსა და დაუცველობას;
  • ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიების განვითარებას;
  • გარემოსდაცვით პრობლემებს;
  • მოსახლეობის მიგრაციას;
  • მანამდე არაღიარებულ კოლექტიურ იდენტობათა ახალი ფორმების აღმოცენებას;
  • მზარდ მოთხოვნას პერსონალურ ავტონომიასა და თანასწორობის ახალ ფორმებზე;
  • ადამიანებს შორის სოციალური ერთობისა და სოლიდარობის შესუსტებას;
  • პოლიტიკური ინსტიტუციებისადმი, მმართველობის ფორმებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის ხარისხის შემცირებას;
  • პოლიტიკას, ეკონომიკასა და კულტურას შორის მზარდ ურთიერთკავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ამგვარი გამოწვევების ფონზე ცხადი გახდა, რომ საჭიროა ახალი ტიპის მოქალაქეები: მოქალაქეები, რომლებიც არა მხოლოდ ინფორმირებულნი არიან და ნათელი წარმოდგენა აქვთ თავიანთ ფორმალურ მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე, არამედ არიან აქტიურნი – შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ საზოგადოების ცხოვრებაში, რომელსაც ეკუთვნიან, იმ ქვეყნის განვითარებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და, ასევე, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენებში; რომელთა აქტიური მონაწილეობაც მიმდინარე მოვლენებში არის გამოხატულება მათი ინდივიდუალობისა და ემსახურება პრობლემების მოგვარებას.