გაკვეთილი 3: ეს ვისი პრობლემაა?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: ეს ვისი პრობლემაა?

როგორ ხდება სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება?

სწავლის მიზანი

მოქალაქეთა იურიდიული პასუხისმგებლობების არსის გააზრება.

მორალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობებს შორის განსხვავებების გააზრება.

მოსწავლის დავალება

მოსწავლეები განიხილავენ სოციალურ პრობლემებზე პასუხისმგებლობის საკითხებს.

მოსწავლეები ავსებენ აზროვნების ჩარჩოს.

მოსწავლეები ამზადებენ წერილობით პასუხებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

საჭირო მასალა

,,წერილი“ – მოთხრობის ასლები.

დაფა.

ქაღალდები მოსწავლეთა ინდივიდუალური მუშაობისათვის.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

სტრუქტურირებული კრიტიკული ანალიზი. ანალიზი და დისკუსიები მცირე ზომის ჯგუფებში. მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა.

ინდივიდუალური წერითი დავალება.

ძირითადი ცნებები

სოციალური პრობლემა: თემის ყველა ან ბევრი წევრის პრობლემა, რომელზე პასუხისმგებლობასაც თემი იზიარებს. პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა თანაბრად არ ნაწილდება თემის ყველა წევრს შორის.

პასუხისმგებლობის ხარისხი: კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მოცულობა, რომელიც ადამიანს ეკისრება.

გაკვეთილი

მასწავლებელი მოსწავლეებს წარმოუდგენს მის მიერ შეთხზულ წერილს, რომლის მსგავსიც ადგილობრივ გაზეთში შეიძლება გამოქვეყნებულიყო. ამ წერილში დაფიქსირებულია ადგილობრივ მაცხოვრებელთა ორი სოციალური პრობლემა.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს: ა. მოახდინონ ამ ორი პრობლემის იდენტიფიკაცია; ბ. მოიფიქრონ, თუ ვინ იქნება ამ პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებელი. მოსწავლეების დასახმარებლად, მასწავლებელი ასეთ აზროვნების ჩარჩოს ხატავს დაფაზე:

 

ჯგუფური მუშაობა

ნაბიჯი 1

დაყავით კლასი 3-4 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებად. იმდენი ქულა მიეცით თითოეულ ჯგუფს, რამდენი მხარეცაა ამ პრობლემის გადაჭრაში ჩართული.

ნაბიჯი 2

ჯგუფში შემავალი ყველა მოსწავლე  ისე ანაწილებს ქულებს, რომ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პასუხისმგებლობის შესახებ. მაგალითად, ბავშვებს და ძაღლებს, შესაძლოა, არ ერგოთ ქულა, თუ მოსწავლე  გადაწყვეტს, რომ უკონტროლო ძაღლებზე მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

ნაბიჯი 3

შემდეგ მოსწავლეები ჯგუფის სხვა წევრებს უზიარებენ საკუთარ შეხედულებებს და მოჰყავთ სათანადო მიზეზები. მოსწავლეები მსჯელობენ და გამოყავთ საშუალო ქულა თითოეული მხარისათვის. საბოლოო შედეგები გამოხატავს ჯგუფის პოზიციას პასუხისმგებლობის გადანაწილების შესახებ.

მასწავლებელი კლასში განიხილავს სხვადასხვა ჯგუფის მოსაზრებებს, ეხმარება მოსწავლეებს, ჩაუღრმავდნენ და გაიაზრონ ერთმანეთის შეხედულებები პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

თუ გაქვთ დრო, გაიმეორეთ სავარჯიშო დანაგვიანების მაგალითზეც. მასწავლებელს შეუძლია, მაგალითი ჩაანაცვლოს მოსწავლეებისათვის უფრო ნაცნობი პრობლემური თემით.

შენიშვნა

ამ გაკვეთილზე განხილული მაგალითები შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეებთან, რომლებიც ჯერ გაწაფულნი არ არიან პოლიტიკური პრობლემების განხილვაში. მაგალითები ამიტომაცაა კონკრეტული, ცხადი და ადვილად გასაგები (თუმცა რთულად გადასაჭრელი). უფრო გამოცდილ კლასებში, შეიძლება, უფრო კომპლექსური პრობლემები შევიტანოთ, მაგალითად, რასიზმთან ან უმუშევრობასთან დაკავშირებით. აზროვნების ჩარჩო პრობლემის სირთულეს არ უკავშირდება და, შესაბამისად, არ შეიცვლება.

ნაბიჯი 4: დისკუსია, რომელიც ამ სავარჯიშოს შეიძლება მოჰყვეს

საერთო დისკუსიაზე მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, განიხილონ, თუ რამდენად იღებენ ადამიანები პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელზე. თუ მოსწავლეები თვლიან, რომ ადამიანები, როგორც წესი, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, მათ უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ კუთხით მდგომარეობის გამოსწორება. განათლებაზე ხომ არ უნდა გაკეთდეს აქცენტი? აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლა და მკაცრი სასჯელის ზომების დაწესება? თუ ადგილობრივმა ან ცენტრალურმა მთავრობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე გარკვეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა, რა დაჯდება ეს და საიდან წამოვა თანხები? მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, იფიქრონ ახალგაზრდების როლზე ასეთი პრობლემების მოგვარებაში; მათაც უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა? ახალგაზრდებმა თემის მთელი პრობლემები ზრდასრულებს უნდა დაუტოვონ გადასაჭრელად? ეს შეკითხვები მასწავლებელმა შეიძლება წერითი დავალებისათვის გამოიყენოს.

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იცნობდნენ ხალხის პრობლემებს. პოლიტიკა ხომ საერთო პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიებაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობას ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ბევრი პრობლემის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი, ადამიანები მეტი პასუხისმგებლობით რომ უდგებოდნენ საკუთარ ქმედებებს.