გაკვეთილი 1: რაში გვჭირდება წესები და კანონები?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: რაში გვჭირდება წესები და კანონები?

რა ტიპის წესები უნდა მოქმედებდეს სკოლაში, რომ ჩვენ ერთად ვისწავლოთ, ვიცხოვროთ და ვითამაშოთ?

სწავლის მიზნები მოსწავლეები მსჯელობენ არსებული წესებისადმი მათ პირად დამოკიდებულებებსა და შეხედულებებზე. ისინი მსჯელობენ თანაცხოვრებისა და ერთად მუშაობისათვის წესების არსებობის აუცილებლობაზე.  მოსწავლეები აცნობიერებენ წესების არსებობის აუცილებლობას.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები მონაწილეობენ ინსცენირებულ სიტუაციაში, სადაც მათ უწევთ წესების ფუნქციის გააზრება. ისინი ინიშნავენ და ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, წესების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მოსწავლეები სკოლაში არსებულ წესებს უკავშირებენ სკოლაში მათ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს.
რესურსები მსუბუქი ბურთები, ფლიპჩარტი, კალმები, მოსწავლეებისათვის დასარიგებელი მასალა – სკოლის წესები.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა, წყვილებში მუშაობა.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები ერთვებიან თამაშში, რომელსაც ეწოდება „გამოიცანი ჩემი წესები“. მასწავლებელი მოსწავლეებს ორ გუნდად ყოფს და უხსნის მათ, რომ ისინი უნდა ჩაერთონ თამაშში, რომელიც გულისხმობს წესების გამოცნობას.

თამაშის ინსტრუქციები:

  • თითოეულ გუნდს შეუძლია, გაიტანოს გოლი, ბურთის მოთავსებით ამისათვის გამოყოფილ მონიშნულ სივრცეში, რომელიც ორივე გუნდს ცალ-ცალკე გააჩნია;
  • წესები, რომლის გამოცნობაც მოსწავლეებს ევალებათ, მხოლოდ მასწავლებლისათვის არის ცნობილი;
  • მასწავლებელი არ განუმარტავს ამ წესებს მოსწავლეებს და მათ არ უნდა დაუსვან კითხვები მასწავლებელს ამ წესებთან დაკავშირებით;
  • როდესაც რომელიმე მოსწავლე წესს დაარღვევს, მასწავლებლის მითითებით, იგი თამაშიდან უნდა გამოვიდეს და დაჯდეს;
  • თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა ბურთი უნდა მოათავსონ ამისათვის გამოყოფილ სივრცეში ისე, რომ არ დაარღვიონ თამაშის წესები; მოსწავლეთა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გამოიცნონ თამაშის წესები, რათა მათი დარღვევის გარეშე გააგრძელონ თამაში.

თამაშის წესები, რომლებიც მხოლოდ მასწავლებლისათვის არის ცნობილი:

  • თამაშში მონაწილეობა ყველას შეუძლია;
  • ბურთზე ფეხის დარტყმის უფლება მხოლოდ ვაჟებს აქვთ;
  • მოსწავლეებს, რომელთა სახელიც  „ა“ ასოზე იწყება, სირბილის უფლება არა აქვთ;
  • ბურთით ხელში გადაადგილების უფლება არავის აქვს;
  • ძალადობა დაშვებულია.

თამაშის დაწყებიდან პირველი ორი წუთის განმავლობაში მოქმედებს თამაშის პირველი ორი წესი. ამის შემდეგ მასწავლებელი თამაშში რთავს დანარჩენ წესებს და  თამაში  სულ გრძელდება დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში.

მას შემდეგ, რაც თამაში დასრულდება, მასწავლებელი მოსწავლეებს მოუხმობს და მათთან ერთად განიხილავს შემდეგ კითხვებს:

  • რას ფიქრობთ ამ თამაშის შესახებ? მოგეწონათ? არ მოგეწონათ? სამართლიანი იყო?
  • როგორ მიხვდით თამაშის ზოგიერთ წესს?
  • როგორი შეგრძნებაა, როდესაც წარმოდგენა არ გაქვს თამაშის წესების შესახებ?

მასწავლებელი ბრეინშტორმინგის მეთოდით იწყებს გამოკითხვას და მოსწავლეების პასუხები გადააქვს დაფაზე ან ფლიპჩარტზე. ძირითადი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: „რისთვის გვჭირდება წესები სკოლაში?“ იმის მიხედვით, თუ რა პასუხებს სცემენ მოსწავლეები მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს, მასწავლებელს მათი პასუხები ან გადააქვს დაფაზე ან ფლიპჩარტზე, ან – არა. ამ აქტივობის დასასრულს, დაფაზე ან ფლიპჩარტზე დატანილ პასუხებში უნდა დომინირებდეს ისეთი ძირითადი კრიტერიუმები, როგორებიცაა „თანასწორობა“, „მონაწილეობა“, „სამართლიანობა“ და ურთიერთპატივისცემა“. მასწავლებელი გამოკითხვის შედეგებს ინახავს მე-4 გაკვეთილზე გამოსაყენებლად.

სკოლაში წესების არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეებს უნდა გააჩნდეთ უფლებები და პასუხისმგებლობები. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, ფურცელზე ჩამოწერონ ის უფლებები, რომლებითაც სკოლაში სარგებლობენ და ის პასუხისმგებლობები, რომლებიც მათ სკოლის ფარგლებში აკისრიათ. შემდეგ ამ უფლებსა და პასუხისმგებლობებს მიუსადაგონ სკოლაში მოქმედი წესები. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცელზე წერენ თავიანთ უფლებებს, პასუხისმგებლობებსა და სკოლაში მოქმედ წესებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ თავიანთ ნამუშევრებს დაფაზე ან ფლიპჩარტზე გამოფენენ.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა წყვილების მიერ შევსებული ყველა სამუშაო ფურცელი გამოფენილი იქნება, ყველა მოსწავლე ეცნობა ამ ნამუშევრებს და მათ აქვთ საშუალება, კითხვები დაუსვან თანაკლასელებს მათი ნამუშევრების შესახებ.