გაკვეთილი 4: ჩვენი შეთანხმება წესების შესახებ

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: ჩვენი შეთანხმება წესების შესახებ

როგორ ვქმნით საერთო კანონებს?

სწავლის მიზნები მოსწავლეები აღწევენ შეთანხმებას და სწავლობენ, როგორ მოერგონ ერთობლივად ფორმულირებულ შეთანხმებას.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ადგენენ საერთო წესებს და საკუთარი ხელმოწერები დააქვთ შედგენილ დოკუმენტზე. ისინი განიხილავენ კონტროლის მექანიზმსა და სავარაუდო შედეგებს.
რესურსები ფლიპჩარტი, კალმები.
მეთოდები საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას პრობლემებისა თუ კონფლიქტების გადაჭრის გზების შერჩევის გამო გამართულ კენჭისყრაში, მათ ევალებათ ამ გადაწყვეტილებების დაწერა, წესების შესახებ „კონტრაქტის“ ფორმატში, რომელზეც ყველა მოსწავლემ უნდა დაიტანოს საკუთარი ხელმოწერა.

მოსწავლეები მართავენ საერთო საკლასო დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც ისინი მსჯელობენ კონტრაქტის ფორმაზე. სურთ მათ იგი წარმოდგენილი იყოს პოსტერის სახით, A4 ფორმატის ფურცელზე დაწერილი თუ დახვეული და ბეჭდით დალუქული? მოსწავლეები უნდა შეთანხმდნენ დოკუმენტის ფორმაზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კენჭისყრის გამართვაც.

მოსწავლეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ დოკუმენტის მათთვის სასურველ ფორმაზე, იმ პირობით, თუ დაცული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

  • ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული, ექნება ჩამოყალიბებული განაცხადის ანუ მუხლის ფორმა.
  • კონტრაქტი ხელმოწერილ იქნება უკლებლივ ყველა მოსწავლის მიერ, შედგენილი დოკუმენტის ქვევით.
  • კონტრაქტზე დატანილი იქნება ხელმოწერის ადგილი და თარიღი.

მას შემდეგ, რაც კონტრაქტი შედგება და მოსწავლეების ხელმოწერით იქნება დადასტურებული, მოსწავლეებმა უნდა განიხილონ, რა შედეგი უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ამ კონტრაქტის რომელიმე მუხლს დაარღვევს. უნდა მოჰყვეს თუ არა ამას რეაგირება? თუ უნდა მოჰყვეს, რა სახის? როგორ უნდა გაკონტროლდეს  შემუშავებული წესების დაცვა? ეს შედის თუ არა ყველას მოვალეობაში? თუ საჭიროა გარკვეული პირების არჩევა, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან შემუშავებული წესების დაცვაზე? სასარგებლო იქნება ეს თუ უკუშედეგის მომტანი?

მოსწავლეების მხრიდან სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, შემუშავებული წესების დარღვევისას განსახორციელებელი ღონისძიებები შესაძლებელია შეტანილ იქნას კონტრაქტში (დანართის სახით).