თავი 5: წესები და კანონი – თანაცხოვრების საფუძველი

Living Democracy » Textbooks » თავი 5: წესები და კანონი – თანაცხოვრების საფუძველი

თავი 5: ძირითადი ცნება – „წესები და კანონი“ (დაწყებითი საფეხურისათვის)

ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: შეთანხმება დემოკრატიული პრინციპების საფუძვლებზე – ჩვენი სკოლის ახალი წესები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები დემოკრატიის პრინციპების შესახებ. რას წარმოადგენს დემოკრატია თანამედროვე გაგებით? არსებობს დემოკრატიის კარგი და ცუდი ფორმები? სახელმწიფოსათვის საკმარისია ჰქონდეს დემოკრატიული კონსტიტუცია? ძალიან ბევრი ჯგუფი და პარტია საკუთარ თავს დემოკრატიულს უწოდებს ან საკუთარ სახელწოდებაში ჩართული აქვს სიტყვა „დემოკრატია“. რისი მანიშნებელია ეს? რას ნიშნავს ეს ამგვარი ჯგუფისა თუ პარტიის წევრებისათვის?

ძირითადად, აბსოლუტურად ნათელია, რომ დემოკრატიის ძალად თავს მოხვევა შეუძლებელია. დემოკრატიას, იმისათვის რომ იმუშაოს, სჭირდება სამართლებრივი ჩარჩოები, კონსტიტუცია და სხვადასხვა შეთანხმება. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ადამიანები გრძნობენ იმის საჭიროებას, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ საზოგადოების ფარგლებში მიმდინარე პროცესებში, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. მონაწილეობამ შესაძლებელია სრულიად განსხვავებული ფორმები მიიღოს და სრულიად განსხვავებულ სფეროები მოიცვას; დემოკრატია სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვანაირად ხორციელდება. ძირითადად, დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ხალხი თავად ქმნის კანონებს, რომლებიც მათ სურთ რომ იყოს დაცული იმ საზოგადოებაში, რომელშიც უწევთ ცხოვრება. საუკეთესო შემთხვევაში, ამ პროცესებში მონაწილეობას იღებს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. რისი მართვა გვსურს ამ წესებით? ვინ უნდა დაექვემდებაროს მათ? რას ემსახურება ესა თუ ის წესი? როგორ ვმოქმედებთ ამა თუ იმ წესისა თუ კანონის დარღვევის შემთხვევაში?

წინამდებარე თავში შესული გაკვეთილების ფარგლებში, მოსწავლეები არა მარტო ეცნობიან იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიას, არამედ მათ, აგრეთვე, ეძლევათ შესაძლებლობა, რეალურ სიტუაციებში მათთან ურთიერთობის გამოცდილება მიიღონ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები მეტ ცოდნას იძენენ და მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ერთად უწევს ცხოვრება და გარკვეული დროის ერთად გატარება, ქმნიან წესებს, რომლებიც მათი ერთად ცხოვრების გარკვეულ ასპექტებს არეგულირებს. ბავშვები და მოზარდები სკოლაში გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე სხვა გარემოში. წინამდებარე თავში შესული გაკვეთილებიდან ნათელი ხდება, რომ სკოლა წარმოადგენს გარემოს, სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს, სადაც სრულიად განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანებს უწევთ ერთად „ცხოვრება“ და სწავლა და სადაც ამ თანაცხოვრების ბევრი ასპექტი საჭიროებს მართვასა და დარეგულირებას. კონფლიქტები, რომლებიც ადამიანთა თანაცხოვრების თანმდევი, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, მოგვარებული უნდა იყოს, ხოლო სხვადასხვა უმცირესობათა ინტერესები კი – დაცული.

დემოკრატიას ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ახლავს თან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყველას შეუძლია აკეთოს ის, რაც მოესურვება. პიროვნებები გამოდიან თავიანთი საჭიროებების მოთხოვნით, ვინაიდან ამას გულისხმობს თავისუფლების მათეული აღქმა. მაგრამ ამგვარი დამოკიდებულება დემოკრატიის პრინციპებს არ ესადაგება. დემოკრატია ემყარება პრინციპს, რომელიც გულისხმობს ყველასათვის გამჭვირვალე წესებისა და კანონების შექმნასა და ჩამოყალიბებას მონაწილეობის საფუძველზე. ეს წესები და კანონები შეცვლას ექვემდებარება. სწორედ ეს პრინციპები წარმოადგენს წინამდებარე თავის შესწავლის საგანს.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შედეგი სურათი გვაქვს:

კომპეტენცია …
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა … მეთოდის გამოყენება … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
** * ***
დამხმარე ინსტრუმენტები
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები, მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
0 ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში
0 ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
0 ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა
0 გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება
X გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა
0 პოსტერების შექმნა
0 გამოფენების მოწყობა
X პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა
0 პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით
0 საგაზეთო სტატიების დაწერა
X წარმოდგენების გამართვა
X დებატების წარმოება

 

თავი 5: წესები და კანონი – თანაცხოვრების საფუძველი

შეთანხმება დემოკრატიული პრინციპების საფუძვლებზე – ჩვენი სკოლის ახალი წესები

გაკვეთილის თემა სწავლის მიზნები მოსწავლის ამოცანა რესურსები მეთოდები

გაკვეთილი 1:

რაში გვჭირდება წესები და კანონები?

მოსწავლეები მსჯელობენ არსებული წესებისადმი მათ პირად დამოკიდებულებებსა და შეხედულებებზე. ისინი მსჯელობენ თანაცხოვრებისა და ერთად მუშაობისათვის წესების არსებობის აუცილებლობაზე.  მოსწავლეები აცნობიერებენ წესების არსებობის აუცილებლობას. მოსწავლეები მონაწილეობენ ინსცენირებულ სიტუაციაში, სადაც მათ უწევთ წესების ფუნქციის გააზრება. ისინი ინიშნავენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ იდეებს, წესების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მოსწავლეები სკოლაში არსებულ წესებს უკავშირებენ სკოლაში მათ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს.

მსუბუქი ბურთები, ფლიპჩარტი, კალმები, მოსწავლეებისათვის დასარიგებელი მასალა -სკოლის წესები.

 

ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა, წყვილებში მუშაობა.

გაკვეთილი 2:

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ … ?

მოსწავლეები განიხილავენ წესების დარღვევის შესაძლო შედეგებს. ისინი მსჯელობენ სკოლაში არსებულ წესებზე, სამართლიანობის, თანასწორობის, მონაწილეობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებიდან გამომდინარე. მოსწავლეები როლებს ინაწილებენ ინსცენირებულ სიტუაციაში, სადაც ადგილი აქვს წესების დარღვევას. ისინი განიხილავენ სკოლაში მოქმედ წესებს და განიხილავენ და ჩანაწერებს აკეთებენ ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და შესაძლო შედეგების შესახებ. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რის შეცვლას ისურვებდნენ ისინი სკოლაში მოქმედ წესებში, რატომ ისურვებდნენ ამ წესების შეცვლას და, მათი აზრით, როგორ უნდა შეიცვალოს ისინი. სტიკერები, კალმები, ფლიპჩარტი, სკოლის წესების ჩამონათვალი მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისათვის, მსხვილი შრიფტით დაწერილი სკოლაში მოქმედი წესები, ფლიპჩარტზე ან დაფაზე გასაკრავად. მონაწილეობა ინსცენირებულ სიტუაციებში (ჯგუფებად), საერთო საკლასო განხილვა, ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილი 3:

ჩვენი სკოლის ახალი წესები

მოსწავლეები ეცნობიან საერთო წესების შემუშავებაზე მუშაობის პრინციპებს, წესებს, რომლებსაც ყველა უნდა დაექვემდებაროს სკოლის ფარგლებში. მოსწავლეები განიხილავენ ამ წესების სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირების რეალურ გზებს. მოსწავლეები თანხმდებიან წესებზე, რომლებიც მიღებულ იქნა უმრავლესობის მიერ და განიხილავენ ამ წესებში უმცირესობათა მოსაზრებების ჩართვის შესაძლებლობებს. ფლიპჩარტი, კალმები, ბარათები ხმის მისაცემად, ფლიპჩარტზე ან დაფაზე გაკრული სკოლის წესების ჩამონათვალი, ქაღალდის მცირე ზომის ფურცლები. ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა,

გაკვეთილი 4:

ვაწარმოებთ კამპანიას ჩვენი სკოლის ახალი წესების დასამკვიდრებლად

მოსწავლეებს ესმით, რა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი კანონი. ისინი სწავლობენ, როგორ აწარმოონ კამპანია სკოლაში ახალი წესების დასამკვიდრებლად. მოსწავლეები მსჯელობენ კარგი კანონების სხვადასხვა კრიტერიუმზე. ისინი მათ მიერვე შემუშავებულ ახალ კანონებს განიხილავენ ამ კრიტერიუმების მიხედვით. მოსწავლეები წერილობითი ფორმით ადგენენ საბოლოო შეთანხმებას და დააქვთ ზედ თავიანთი ხელმოწერები.  ამ შეთანხმებას ისინი აცნობენ სხვა კლასებს. ფლიპჩარტი, მოსწავლეებისათვის დასარიგებელი სამუშაო ფურცლები, ქაღალდის ფურცლები, მოსწავლეების მიერ შედგენილი შეთანხმების ასლები სხვა კლასის მოსწავლეებისათვის, ამ თავის პირველ გაკვეთილზე ბრეინშტორმინგის მეთოდით წარმოებული ჩანაწერების შედეგები. წყვილებში მუშაობა,  საერთო საკლასო განხილვა, პრეზენტაციები სხვა კლასების წინაშე.