1.ზოგიერთი ხშირად დასმული შეკითხვა ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან დაკავშირებით

Living Democracy » Textbooks » 1.ზოგიერთი ხშირად დასმული შეკითხვა ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან დაკავშირებით

რას წარმოადგენს იგი?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც ახალგაზრდა თაობას ეხება. იგი მიღებულ იქნა 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე. კონვენცია მოიცავს 41 მუხლს, რომელიც ეხება ბავშვების უფლებებს, 1 მუხლს, რომელიც საზოგადოების ინფორმირების დონისა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და 12 მუხლს, რომელიც კონვენციაში შესული დებულებების დაცვის კონტროლს, კონვენციის რატიფიცირებასა და მის გატარებას ეხება. ბავშვის უფლებების კონვენციას ხელს აწერს უფრო მეტი ქვეყანა, ვიდრე რომელიმე სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება. 2008 წლის დეკემბრისთვის მასზე უკვე 193 ქვეყანას ჰქონდა ხელი მოწერილი ან რატიფიცირებული ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტი.

ამრიგად, რას წარმოადგენს ტერმინი „ბავშვი“ კონვენციის მიხედვით?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განმარტებით,  ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი, რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას. ასეა ნათქვამი კონვენციის პირველ მუხლში.

როგორ მოქმედებს კონვენცია?

მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია არ წარმოადგენს სახელმწიფო კანონს, მოცემული კონვენციის პრინციპები ასახული უნდა იყოს იმ ქვეყნების სახელმწიფო კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პროგრამებში, რომლებიც ხელს აწერენ მას. ამ ქვეყნების მთავრობები ვალდებული არიან, რეგულარულად წარადგინონ ანგარიშები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე, კონვენციის მუხლებით გათვალისწინებული დებულებების გახორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ. ანგარიშების წარდგენის სისტემა ქვეყნების მთავრობებზე განხორციელებული კონტროლის საშუალებას წარმოადგენს, რათა ამ ქვეყნებში ადგილი არ ჰქონდეს ბავშვების უფლებების დარღვევის შემთხვევებს.

რა გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ?

გაეროს მოცემული კონვენციის რატიფიცირებით, ქვეყნის მთავრობა საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, პატივი სცეს 18 წლამდე ასაკის ადამიანთა უფლებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში, რომლებიც მათ ეხება, სახელმწიფო ზრუნავს მათი სიცოცხლის შენარჩუნებასა და მათ დაცვაზე ნებისმიერი ზიანისაგან. კონვენციის მე-4 მუხლში ნათქვამია, რომ კონვენციაზე ხელმომწერი და, მაშასადამე, მონაწილე სახელმწიფოები ყველა სათანადო ზომების მიღებით ეცდებიან, განახორციელონ კონვენციით აღიარებული უფლებები, გარდა ამისა, იქვე ნათქვამია, რომ  მონაწილე სახელმწიფოები ეკონომიკურ,  სოციალურ და კულტურულ უფლებათა რეალიზაციისათვის ღებულობენ ზომებს, მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით. როდესაც ჩვენთვის ცნობილია, რა წერია და რა იგულისხმება კონვენციაში, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა დაკანონება და წესად ქცევა, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ბავშვების მიმართ მოპყრობას.