სავარჯიშო 4.5. – ყველას გვაქვს ცრურწმენები

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 4.5. – ყველას გვაქვს ცრურწმენები
საგანმანათლებლო მიზანი

მოცემულ სავარჯიშოში მოსწავლეები იკვლევენ სხვა ადამიანებისა და უმცირესობათა შესახებ არსებულ სტერეოტიპებსა და ცრუ სტერეოტიპებს; სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფების განსხვავებულ აღქმას.

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მათ ტოლერანტობას აქვს საზღვრები და მათი ღირებულებათა სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება.

მოსწავლეებს უვითარდებათ ყურადღებით მოსმენის უნარი შეთანხმების მიღწევის მცდელობისას.

რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის (სცენარი), ყოველი მოსწავლისთვის თითო ეგზემპლარი.

მსვლელობა

  1. ყოველ მოსწავლეს ურიგდება სცენარის თითო ეგზემპლარი, რომელსაც ისინი სიჩუმეში დამოუკიდებლად ეცნობიან.
  2. ყოველი მოსწავლე ჩამონათვალიდან ირჩევს სამ ადამიანს, რომელთანაც ისურვებდა მგზავრობას და სამ ადამიანს, რომელთანაც არ ისურვებდა.
  3. მოსწავლეები ქმნიან ოთხ–ოთხკაციან ჯგუფებს.
    • ისინი ერთმანეთს ადარებენ საკუთარ არჩევანს და ერთმანეთს უზიარებენ ამ არჩევანის მიზეზებს.
    • ისინი, ამჟამად როგორც ჯგუფები, ცდილობენ, შეთანხმდნენ სამ სასურველ და სამ არასასურველ თანამგზავრზე.
    • ჯგუფები ირჩევენ მომხსენებელს.
  4. ყოველი ჯგუფის მომხსენებელი კლასს აცნობს თავისი ჯგუფის მიერ შედგენილ ჩამონათვალს, სამ სასურველ და სამ არასასურველ თანამგზავრს; ასახელებს გაკეთებული არჩევანის მიზეზებს.
  5. მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს, რათა მათ ღიად ისაუბრონ თავიანთი გამოცდილების შესახებ, მაგალითად:
    • რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი არჩევანის გაკეთებისას?
    • თუ ჯგუფი ვერ შეთანხმდა ჩამონათვალზე, რა იყო ამის მიზეზი?
    • რომელ სტერეოტიპებს შეიცავს მგზავრთა ჩამონათვალი?
    • საიდან მოდის ეს წარმოდგენები?
    • როგორ იგრძნობდი თავს, შენთან ერთად მგზავრობა რომ არავის მოესურვებინა?

გაგრძელება

მგზავრთა ჩამონათვალი შეგიძლიათ შეცვალოთ მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფის ან სოციალური წარმომავლობის შესაბამისად. მაგრამ ჩამონათვალში უნდა შედიოდეს უმცირესობათა წარმომადგენლები, რომლებიც ერთი შეხედვით არიან შესამჩნევნი და აშკარა რეაქციას იწვევენ და ისეთები, რომლებიც ასეთ რეაქციას არ იწვევენ.

უმცირესობათა და დისკრიმინაციის შემთხვევათა შესწავლა შეგვიძლია ლიტერატურაში მოცემული ინფორმაციისა და ისტორიული მაგალითების საშუალებით.

მასალა

სცენარი

ემზადებით მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობისთვის, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს. თქვენს კუპეში, თქვენთან ერთად უნდა იმგზავროს სამმა ადამიანმა.

რომელ სამ ადამიანთან ერთად მგზავრობას ისურვებდი (აარჩიე ჩამონათვალიდან)?

რომელ სამ ადამიანთან მგზავრობაზე იტყოდი უარს (აარჩიე ჩამონათვალიდან)?

  • მსუქანი შვეიცარიელი ბანკირი
  • იტალიელი  DJ, ნარკომანი
  • ეგზოტიკური ნივთებით მოვაჭრე აფრიკელი
  • ციხიდან ახლახან გამოსული ბოშა
  • გერმანელი როკმომღერალი, ფემინისტი
  • ჰომოსექსუალი უცხოელი სტუდენტი
  • ახალგაზრდა ბოშა ქალი, ჩვილი ბავშვით
  • ინგლისელი „სკინჰედი“ ნასვამ მდგომარეობაში
  • აივ დადებითი მეძავი
  • ძალიან ღარიბი ლტოლვილი
  • შეიარაღებული უცხოელი სამხედრო პირი
  • ახალგაზრდა ქალი, რომელიც მხოლოდ ფრანგულად საუბრობს.