2 – სამუშაო ფურცელი 15: სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართვა სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასების პროცესში

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 15: სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართვა სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასების პროცესში

როდესაც სკოლა იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ აწარმოოს თვითშეფასება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით, საჭიროა პროცესების დაგეგმვა და კარგი ორგანიზება. საუკეთესო შემთხვევაში, ერთი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს და აწარმოებდეს მთლიანი პროცესის მართვას.  უმეტეს შემთხვევაში, ამ ვალდებულებას თავის თავზე იღებს სკოლის დირექტორი ან პირი, რომელიც სპეციალურად ამ ვალდებულების შესასრულებლად არის დანიშნული. პასუხისმგებელი პირი უნდა აცნობიერებდეს, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მოითხოვს კოორდინირების მაღალ დონესა და საშუალებების მობილიზებას და არა განკარგულებების გაცემას. როგორც ეს აღნიშნული იყო სკოლების თვითშეფასებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებში (სამუშაო ფურცელი 14), თვითშეფასების პროცესის შეფერხება დაუშვებელია მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის ბერკეტების გამოყენებით.

აქედან გამომდინარე, საჭიროა მიდგომა, რომელიც გულისხმობს ჩართულობასა და თანამშრომლობას (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 74).

ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში შესულია რეკომენდაციები პროცესებში სხვადასხვა მხარის ჩართვასთან დაკავშირებით.

შემფასებელი გუნდის შექმნა

შემფასებელი გუნდი უნდა მოიცავდეს შვიდიდან ცხრა ადამიანს. გუნდში წარმოდგენილი უნდა იყოს სკოლის დირექტორი, ერთი ან ორი მასწავლებელი, ერთი ან ორი მოსწავლე, სკოლის მრჩეველი (ზოგიერთ შემთხვევაში, სკოლის მრჩეველს წარმოადგენს მეთოდისტი ან სკოლის ფსიქოლოგი), ერთი მშობელი, ერთი ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელი (ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი) და ერთი წარმომადგენელი განათლების კვლევითი ინსტიტუტიდან ან მასწავლებელთა განვითარების ცენტრიდან.

შემფასებელი გუნდის მოვალეობაში შედის (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 75 f):

  • შეფასების ინსტრუმენტების მომზადება;
  • სკოლის პერსონალის მომზადება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასების წარმოების ტექნიკისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებისათვის;
  • შეფასების პროცესის სრული პერიოდის განმავლობაში, შემფასებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება და რჩევა-რეკომენდაციების მიცემა;
  • შედეგების ანალიზი და ინტერპრეტირება, დაინტერესებულ ჯგუფებთან და მოწვეულ ექსპერტებთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით;
  • პროცესში მონაწილე მხარეებისათვის სხვადასხვა ფორმის ანგარიშების მომზადება;
  • ანგარიშების გაცნობის შემდეგ, პროცესში მონაწილე მხარეების მიერ მოწოდებული კომენტარებისა და შემოთავაზებების გაცნობა და ანალიზი.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჩვეულებრივ, საჭიროა პროცესში მონაწილე სხვადასხვა მხარის მოსაზრებების მოძიება, მოსმენა და მათი შედარება (მაგალითად, პარალელური კითხვარების მომზადებისა და სხვადასხვა მხარის მიერ მათი შევსებით). გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამ კონტექსტში, მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ენიჭება, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კომპეტენციების შეძენის თვალსაზრისით, როგორიცაა საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა გაუმჯობესებასა და ცვლილებებთან დაკავშირებით (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 77). ის, რაც უნდა გაითვალისწინოს შემფასებელმა გუნდმა, არის  სწავლებისა და სკოლის შესახებ მოსწავლეების მიერ გამოთქმული „პოლიტიკურად მართებული“ მოსაზრებების ფენომენი. შეფასებაში გამოყენებული მეთოდების ნათლად განმარტებით, შესაძლებელია ამ ფენომენის გაუვნებელყოფა (წყვილების მიერ წარმოებული ინტერვიუები, კითხვარები მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვებით, ვინაობის მითითების საჭიროების მოხსნა, კონფიდენციალურობა და ა.შ.).