ინსტრუმენტი 3: საერთო საკლასო სხდომის თავმჯდომარეობა (დისკუსია და კრიტიკული აზროვნება) დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 3: საერთო საკლასო სხდომის თავმჯდომარეობა (დისკუსია და კრიტიკული აზროვნება) დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე

წინასიტყვაობა

მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებსა და იდეებს ერთმანეთს უზიარებენ მასწავლებლის ხელმძღვანელობის ქვეშ. გარემო მარტივად არის მოწყობილი, საჭიროა მხოლოდ დაფა ან ფლიპჩარტი, მაგრამ მასწავლებლის ფუნქცია ფრიად საპასუხისმგებლოა. პლატონის „დიალოგი სოკრატესთან“ ამგვარი სწავლების დიდ ტრადიციაზე მეტყველებს, სოკრატე ყურადღებას ამახვილებდა პრობლემურ საკითხებზე და მისი პარტნიორის მცდარი და დოგმატური შეხედულებების დეკონსტრუქციას ახდენდა. ის, რასაც ჩვენ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელ მასწავლებლებს ვთავაზობთ, არის ხელშემწყობის ფუნქცია, რომელიც უფრო მწვრთნელის ფუნქციას წააგავს. კომპეტენციათა განვითარების ასპექტი – მოსწავლეებმა შეძლონ სწორი მიმართულებით აზროვნება და თავიანთი მოსაზრებების სწორად გამოთქმა – ისეთსავე მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს, როგორც შინაარსის სწორი აღქმა და გაგება.

მოსწავლეები ჩართული არიან აზროვნებისა და ინტერაქტიულ-კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში. მასწავლებელი ხელის შემწყობის ფუნქციას ასრულებს. ზოგადად, აზროვნების პროცესი წარმოადგენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონკრეტულის აბსტრაქტულთან დაკავშირებისაკენ. საერთო საკლასო სხდომები მოსწავლეების აზროვნების უნარის განვითარებას უწყობს ხელს. აზროვნება დროს მოითხოვს. ყველაზე ფრთხილი და წინდახედული მოსწავლეები აზროვნებას დიდ დროს ანდომებენ.

მხოლოდ სკოლას შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს, სწავლების ფორმატში, ხელმძღვანელობის ქვეშ წარმოებული პლენარული სხდომა. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის წაკითხული ლექციის მსგავსად, საერთო საკლასო პლენარული სხდომაც  მორგებული უნდა იყოს მოსწავლეების საჭიროებებზე, უფრო მეტადაც კი, ვიდრე სახელმძღვანელოები ან ვიდეოგაკვეთილები. კრიტიკოსები მართებულად აღნიშნავენ, რომ ეს ფორმატი ხშირად ირღვევა: საერთო საკლასო სხდომებს ძალიან ხშირად მიმართავენ და მათი ხანგრძლივობაც არაადეკვატურია; მასწავლებლები მოსწავლეებს უსვამენ ისეთ კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისათვის არ არის საინტერესო და რომლებზე პასუხიც მათ არ აქვთ; მასწავლებლები „ახალბედა სოკრატეების“ როლს ასრულებენ, მოსწავლეებს ასწავლიან, როგორც მათზე დაბალ საფეხურზე მდგომთ და სთხოვენ მათ იმ პასუხს, რომლის მოსმენაც თავად სურთ.

მაგრამ თუ ამ მეთოდს გამოიყენებენ გარკვეული წესების დაცვითა და მცირედი პრაქტიკის შემდეგ, საერთო საკლასო სხდომები ერთ-ერთ მძლავრ, მოქნილ და უდავოდ სასარგებლო სწავლის ფორმატს წარმოადგენს, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში გამოკვეთილია სწავლის შესაძლებლობები და ისინი განკუთვნილია მასწავლებელთა დასახმარებლად, რომელიც აწვდის მათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მსგავსი სხდომების ორგანიზებისას რა უნდა გააკეთონ მათ და რისგან უნდა შეიკავონ თავი. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სახელმძღვანელოთა სერიაში შესულ წიგნებში  II, III, IV და V, მოცემულია მსგავსი საერთო საკლასო სხდომების ბევრი მაგალითი, როგორც მაღალკლასელებისათვის, ასევე დამწყები საფეხურის მოსწავლეებისათვის. სწორედ ამ მიზეზის გამო, მოცემული ინსტრუმენტის დახასიათებაში არ არის შესული მაგალითი.

მოსწავლეთა როლი

მოსწავლეები:

  • სხდომის გამართვამდე მეტ-ნაკლებად იცნობენ თემას, ფლობენ მის გარშემო გარკვეულ ცოდნასა და ინფორმაციას და აინტერესებთ განსახილველი თემა;
  • იციან იმის შესახებ, რომ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები მოსმენილი იქნება და არასწორი მოსაზრებისა და წინადადებების გამო მათ ქულები არ დააკლდებათ;
  • დიდი დრო ეძლევათ გამოსვლებისათვის;
  • მათი სწავლის საჭიროებები განსხვავებულია (მაგალითად, მათ შორის არიან ნელა მოსაუბრე მოსწავლეები და მოსწავლეები, რომლებიც სწრაფად საუბრობენ).

მასწავლებლის როლი

მასწავლებელი:

  • ესაუბრება მოსწავლეებს და შეუძლია და მზად არის იმპროვიზებისათვის, რათა რეაგირება მოახდინოს მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე;
  • სრულად ესმის განსახილველი თემა და ნათელი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება სხდომა;
  • აკონტროლებს საერთო საკლასო სხდომას, მაგრამ ცდილობს, არ აიღოს წამყვანის ფუნქცია, თავის გამოსვლას მხოლოდ მცირე დროს უთმობს;
  • საკმარის დროს აძლევს მოსწავლეებს მოსაფიქრებლად;
  • ისმენს ყოველგვარი ჩანიშვნების გაკეთების გარეშე;
  • ისმენს აქტიურად, ცდილობს დაიჭიროს ის  მომენტები, სადაც მოსწავლეები საინტერესო და ხელჩასაჭიდ იდეებს გამოთქვამენ;
  • ამხნევებს მოსწავლეებს, რათა მონაწილეობა მიიღონ სხდომის მსვლელობაში და მიმართავს იმ მოსწავლეებს, რომლებიც ძირითადად ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ;
  • აკონტროლებს დროს, ორგანიზებას უწევს ჯგუფს და აწესრიგებს პროცესებს;
  • აწესრიგებს მსჯელობის ფორმატს, დაფის (ამ შემთხვევაში, ფლიპჩარტის ნაცვლად უმჯობესია გამოყენებულ იქნეს დაფა) გამოყენებით, სთავაზობს მოსწავლეებს თვალსაჩინოებებს, მაგალითად, სურათებს, სიმბოლოებს, მაგალითებს, აწვდის მათ ინფორმაციას, კონცეფციებს და ჩარჩოებს;
  • განსაზღვრავს მოსწავლეების სწავლის საჭიროებებს და მოქმედებს მათ შესაბამისად. აწვდის ინფორმაციას და ინსტრუქციებს მოსწავლეებს ისეთ საკითხებზე, რაც მათ არ იციან და უზრუნველყოფს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მცდარ მოსაზრებებსა და აზროვნების არასწორ მიმართულებებს კრიტიკით უპასუხებენ და მოახდენენ მის დეკონსტრუქციას, მოსწავლეები ან თავად მასწავლებელი.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის შესაბამისი თემები და კონტექსტი

შესაბამისი თემები:

  • მოსწავლეების მიერ შემოტანილი თემები (კითხვები, კომენტარები, პრეზენტაციები, საშინაო დავალება, გამოცდილება და გრძნობები);
  • მასწავლებლის მიერ შემოტანილი თემები (კითხვები, მინიშნებები, სურათები, ლექციები);
  • შემოტანილი ახალი კონცეფცია;
  • წასაკითხი მასალის ირგვლივ მსჯელობა და კვლევითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ გამართული მსჯელობა;
  • ამოცანაზე დაფუძნებული სწავლისა ან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ეტაპის შემდეგ გამართული მსჯელობა (შეჯამება, განხილვა);
  • მოსწავლეების მიერ შემოთავაზებულ თემაზე რეაგირება;
  • შემდგომი კვლევის საგნის განხილვა.

სწავლის შესაძლებლობები

მოსწავლეები:

  • ქმნიან კონტექსტს, მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის მიხედვით, გაკვეთილზე შემოტანილი ახალი კონცეფციისათვის (კონსტრუქტივისტული სწავლა);
  • საკუთარ თავზე გამოცდიან, როგორ მიმდინარეობს აზროვნების პროცესი – სვამენ კითხვებს, ყურადღებით ფიქრობენ პასუხებზე, კონკრეტულს აკავშირებენ აბსტრაქტულთან და პირიქით (კომპეტენციების განვითარება, ანალიტიკური აზროვნებისა და კრიტიკული მსჯელობის უნარის დემონსტრირების საშუალებით);
  • მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მსჯელობისას გამოყენებულ კრიტერიუმებს და აანალიზებენ იმ მიზეზებს, რამაც განაპირობა მათი მხრიდან არჩევანის შეჩერება ამ კრიტერიუმებზე (მსჯელობის კომპეტენცია ან ინტერაქტიულ-კონსტრუქტივისტული სწავლა);
  • საკლასო გარემოს აღიქვამენ, როგორც შემსწავლელთა მიკროსაზოგადოებას, რომელში მონაწილეობისათვისაც მათ სტიმული ეძლევათ (სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საშუალებით);
  • მათ მიმართავენ, როგორც ექსპერტებს (თვითშეფასების ამაღლება);
  • მას შემდეგ, რაც გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას პოლიტიკური საკითხის გარშემო გაჟღერებული სადავო შეხედულების შესახებ (პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის სიმულაცია), სიტყვას გადასცემენ სხვა მოსწავლეებს.

მომზადება

თემის შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოსწავლეები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას განსახილველი თემის შესახებ (მოსწავლეთა გამოცდილებასთან კავშირი).
  • მოსწავლეები უნდა აცნობიერებდნენ, რატომ ღირს შერჩეულ საკითხზე მსჯელობა (რელევანტურობა, პირადი ინტერესი).
  • პაექრობა: თემა უნდა იყოს პრობლემური და უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მოსწავლეებს განსხვავებული მოსაზრებები გაუჩნდეთ მასთან დაკავშირებით; მასწავლებელს უნდა ჰქონდეს თავისი გარკვეული პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საკუთარი მოსაზრება არ უნდა წარმოაჩინოს, როგორც ერთადერთი „სწორი გამოსავალი“.
  • მასწავლებელს გონებაში შექმნილი აქვს მატრიცა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს, თუ რა მოსაზრებები შეიძლება გაუჩნდეთ მის მოსწავლეებს და უნდა მოაქციოს მათი მოსაზრებები კონცეპტუალურ ჩარჩოებში (მაგალითად, დადებითი და უარყოფითი შედეგები, სამართლიანობისა და ეფექტურობის კრიტერიუმები, კონკრეტული და აბსტრაქტული, ინტერესები და კომპრომისი).
  • იმ შემთხვევისათვის, თუ მოსწავლეები არ იწყებენ დისკუსიას, მასწავლებელს მზად უნდა ჰქონდეს ხერხი, თუ როგორ ჩაითრიოს საუბარში მოსწავლეები (მაგალითად, კითხვა ან მინიშნება).
  • მასწავლებელი ადგენს სხდომის გეგმას – მაგალითად, დიაგრამა ახალი კონცეფციისათვის, თეზისი ან ძირითადი ტერმინების ჩამონათვალი – რომლითაც მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ და ააგონ მასზე საკუთარი მსჯელობა, რაც შეიძლება მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით მივცეთ.

რა უნდა გავაკეთოთ

  • მინიშნების მიცემისას ან კითხვის დასმისას, მოსწავლეებს მიეცით დრო მოსაფიქრებლად – დააცადეთ მათ რამდენიმე წამი და შემდეგ სიტყვა გადაეცით რამდენიმე მოსწავლეს ერთმანეთის მიყოლებით.
  • ვარიანტები (მოსწავლეებს მეტი დრო სჭირდებათ, მაგრამ ეს საგრძნობლად აუმჯობესებს მოსწავლეებისა და მასწავლებლის მიერ სხდომაში მონაწილეობის ხარისხს): მინიშნების მიცემისას ან კითხვის დასმისას:
    მიეცით მოსწავლეებს იმის საშუალება, რომ მათ წერილობით ჩაინიშნონ  მოსაზრებები და მხოლოდ შემდეგ გამოვიდნენ სიტყვით; მოსწავლეები კითხულობენ თავიანთ ჩანაწერებს ან მასწავლებელი აგროვებს მოსწავლეების ჩანაწერებს და გაფენს იატაკზე ან ამაგრებს პოსტერზე;
    საშუალება მიეცით მოსწავლეებს, წყვილებში განიხილონ თავიანთი მოსაზრებები და შემდეგ კლასის წინაშე წარდგნენ შედეგებით.
  • ძირითადი კანონი: „მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას ან სვამს კითხვას – საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ბევრი მოსწავლე“. დროის განაწილების თვალსაზრისით, ამან შესაძლებელია საერთო საკლასო სხდომისათვის განკუთვნილი მთლიანი დრო მოითხოვოს, რის შემდეგაც, დასკვნით სახით, მასწავლებელი კლასის წინაშე უნდა წარდგეს მოკლე შემაჯამებელი სიტყვით.
  • უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მოსწავლეები სხედან საკლასო ოთახის გარშემო ან წრეზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, ერთმანეთს პირისპირ უყურონ და ერთმანეთს მიმართონ.
  • უნდა დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეებს ესმით ერთმანეთის. გაამხნევეთ და წაახალისეთ ისინი, რათა ახსნან თავიანთი მოსაზრებები და მათ მიერ გამოყენებული ყველა ის ტერმინი, რომელიც გაუგებარია სხვა მოსწავლეებისათვის.

რა არ უნდა გავაკეთოთ

მოერიდეთ:

  • ისეთი კითხვების დასმას, რომელზე პასუხიც შეიძლება იყოს მხოლოდ „კი“ ან „არა“. ამის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ ახალი კითხვის დაუყოვნებლივ დასმა. დასვით ისეთი კითხვები, რომლებიც მსჯელობას მოითხოვს ან მიაწოდეთ მინიშნებები. ამის შემდეგ დასმული კითხვები უფრო კონკრეტული და სპეციფიკური იქნება;
  • ერთ ან ორ მოსწავლესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარს. ამის ნაცვლად, შეეცადეთ მათ მიერ დასმულ კითხვებს სხვა მოსწავლეებმა უპასუხონ;
  • გვერდზე გადგომას და მოსწავლის მიერ გამოთქმული მოსაზრების უგულებელყოფას, თუ თქვენ მასზე რეაგირებისათვის მოუმზადებელი ხართ. ასეთი მოსაზრებები შესაძლებელია ყველაზე საინტერესო აღმოჩნდეს! ამ შემთხვევაშიც, შეეცადეთ მსჯელობაში ჩართოთ კლასი;
  • კომენტარის გაკეთებას ყოველი მოსწავლის მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებზე, რომელსაც თქვენ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით. ნაცვლად ამისა, მოსწავლეებს მიუთითეთ, იმსჯელონ სხვების მიერ გამოთქმული მოსაზრებების ძლიერსა და სუსტ მხარეებზე;
  • თქვენი ფუნქციის მხოლოდ იმითი შემოფარგვლას, რომ მოსწავლეებს ხელის აწევის შემთხვევაში მისცეთ სიტყვა. ძალიან ხშირად, მოსწავლეები საკითხის სხვადასხვა ასპექტსა და ქვეთემებზე იწყებენ მსჯელობას, რამაც შესაძლოა დაბნეულობა და ქაოსი გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა მასწავლებელმა აიღოს ინიციატივა და შეახსენოს მოსწავლეებს, რა საკითხზე უნდა გაამახვილონ მათ ყურადღება ან რა მიმართულებით უნდა წაიყვანონ მსჯელობა. მოსწავლეების ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ დრო და ფორმატი შეზღუდულია და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ განხილულ იქნას ყველაფერი, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები ეჭვის ქვეშ დააყენებენ თქვენი არჩევანის მართებულობას, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მასწავლებელი იმპროვიზატორი – მოსწავლეები დისკუსიის მოთავენი

აქამდე ჩვენ განვიხილეთ საერთო საკლასო სხდომები, რომელსაც მასწავლებელი წინასწარ გეგმავს,  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებისათვის.

მოსწავლეებმა შესაძლოა მოითხოვონ ამა თუ იმ საკითხის სპონტანური განხილვა, თუმცა ხშირად ეს ხდება მათი დაკვირვების შედეგად ან კომენტარის გამო, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თუ დრო და გაკვეთილი ამის საშუალებას იძლევა, მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს საშუალება, განახორციელონ საკუთარი ჩანაფიქრი. ამაში იკვეთება მათი სწავლის საჭიროებები – ისინი, ან რამდენიმე მათგანი მაინც, დაინტერესებულნი არიან მოცემული საკითხით.

მაგალითები:

  • „ბოლოს და ბოლოს ის, ვისი ნდობაც შეიძლება გქონდეს, მარტო შენი ოჯახი და ოჯახის წევრებია“.
  • „ვფიქრობ, ზოგიერთი დამნაშავისათვის სასიკვდილო განაჩენი აუცილებელია“.
  • „რა ელის პოლიტიკოსს, რომელიც არ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას?“
  • მოსწავლეს სურს, განიხილოს აქტუალური საკითხი, რომელიც მან ახალ ამბებში მოისმინა.

მსგავს სიტუაციებში მოსწავლეები მასწავლებლის წინაშე აყენებენ ამოცანას. მასწავლებელი იძულებულია, თავმჯდომარეობა გაუწიოს სხდომას, რომლისთვისაც იგი მზად არ არის, რასაც თავს მხოლოდ იმპროვიზების გამოყენებით გაართმევს. მასწავლებელი არ უნდა გაურბოდეს მსგავს სიტუაციებს. როგორც წესი, მასწავლებელს ყოველთვის აქვს წარმოდგენა და საკუთარი მოსაზრება მოსწავლეების მიერ წამოჭრილ მსგავს საკითხებზე, ხოლო ურთიერთობის მოდელი იგივეა, რაც წინასწარ დაგეგმილი საერთო საკლასო სხდომის დროს. იგივე სიტუაცია მეორდება, როდესაც მოსწავლეები მასწავლებელს სთხოვენ რაიმეს განმარტებას („რას ნიშნავს დემოკრატია?“).

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი სპონტანურად გამართულ სხდომაზე:

  • სთხოვეთ მოსწავლეს, რომელმაც წამოიწყო დისკუსია, აუხსნას კლასს საკითხის არსი. ამ შემთხვევაში ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვაში და თქვენც გეძლევათ დრო მოსაფიქრებლად.
  • აუხსენით კლასს, რა დროს დაუთმობთ საკითხის განხილვას. მოიფიქრეთ, როგორ  განავრცობთ თემას და როგორ გააგრძელებთ გაკვეთილს.
  • მოსწავლეების მოსმენისას, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა ცოდნას ფლობენ თქვენი მოსწავლეები საკითხის შესახებ, რა გაიგეს მათ და რა ვერ გაიგეს.
  • საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა, შეაჯამოთ მოსწავლეების მიერ გამართული დისკუსია. შესაძლებელია, თქვენი დასკვნითი გამოსვლა არ იყოს იმ ხარისხის, როგორიც წინასწარ მომზადების შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ ეს უმჯობესია, ვიდრე მოსწავლეების მსჯელობის დასრულება ისე, რომ მათ არ აუხსნათ, თუ რას ემსახურებოდა მსჯელობისათვის დათმობილი დრო და რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს განხილულ საკითხთან დაკავშირებით.
  • შემაჯამებელი სიტყვა შეგიძლიათ მოსწავლეებსაც გადააბაროთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განხილულ საკითხთან დაკავშირებით  გარკვეული აზრი გაქვთ ჩამოყალიბებული.