გაკვეთილი 3: ჩვენი სკოლის ახალი წესები

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: ჩვენი სკოლის ახალი წესები

ერთობლივი შეთანხმება

სწავლის მიზნები მოსწავლეები ეცნობიან საერთო წესების შემუშავებაზე მუშაობის პრინციპებს, წესებისა, რომლებსაც ყველა უნდა დაექვემდებაროს სკოლის ფარგლებში. მოსწავლეები განიხილავენ ამ წესების სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირების რეალურ გზებს.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები თანხმდებიან წესებზე, რომლებიც მიღებულ იქნა უმრავლესობის მიერ და განიხილავენ ამ წესებში უმცირესობათა მოსაზრებების ჩართვის შესაძლებლობებს.
რესურსები ფლიპჩარტი, კალმები, ბარათები ხმის მისაცემად, ფლიპჩარტზე ან დაფაზე გაკრული სკოლის წესების ჩამონათვალი, ქაღალდის მცირე ზომის ფურცლები.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები სხედან ნახევარწრეზე ისე, რომ მათ წინ მდგარი დაფა ან ფლიპჩარტი, რომელზეც სკოლაში მოქმედი წესები დიდი ასოებით არის დატანილი, ყველა მათგანის თვალთახედვის არეში იყოს მოქცეული. დაფაზე ასევე მიკრულია ფურცლები, რომლებზეც დატანილია მოსწავლეთა ჯგუფების მიერ ჩამოყალიბებული და შემოთავაზებული წინადადებები, სკოლაში მოქმედ წესებში მათი თვალსაზრისით შესატანი ცვლილებების შესახებ. მოსწავლეები მართავენ დისკუსიას, რომელიც მასწავლებლის მიერ არის ინიცირებული, და მოიცავს შემდეგი კითხვებისა თუ საკითხების განხილვას:

  • რას ფიქრობენ მოსწავლეები შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ?
  • ეთანხმებიან თუ არა ისინი შემოთავაზებულ ცვლილებებს?
  • რამდენი მათგანი ეთანხმება მათ? შეადგენს მომხრეთა რაოდენობა უმრავლესობას?
  • რა ბედი ელის უმცირესობას? შესაძლებელია კომპრომისის გამონახვა?

დისკუსიის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები კვლავ თავთავიანთ, ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში ნაწილდებიან და ამჯერად მუშაობენ მათ მიერ შერჩეული ერთ-ერთი წესის შეცვლის წინადადებაზე და ცდილობენ, ახალი ფორმულირება გამოუძებნონ მას. შეცვლილი წესი მათ ახალი ფორმულირებით უნდა დაიტანონ ფურცელზე და გამოფინონ დაფაზე ან ფლიპჩარტზე.

მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაფაზე ან ფლიპჩარტზე გამოფენს მათ მიერვე შეცვლილ წესებს, მოსწავლეების ამოცანას წარმოადგენს, კენჭი უყარონ შეცვლილ წესს. კენჭისყრა წარმოებს მოსწავლეებისათვის დარიგებული სპეციალური ბარათების გამოყენებით. თითოეულ წესს მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს, რის შემდეგაც მოსწავლეებმა უნდა აწიონ ის ბარათები, რომლებიც მათ დამოკიდებულებას გამოხატავს მოცემული წესის მიმართ: ვემხრობი, წინააღმდეგი ვარ, თავის ვიკავებ.

ის წესები, რომლებიც ხმების უმრავლესობის მოგროვებას ვერ მოახერხებს, განხილული უნდა იყოს ახლიდან.

პროცედურების დასრულების შემდეგ, სკოლის ახალი წესები უნდა ჩამოყალიბდეს და წერილობითი ფორმით დატანილ იქნეს ქაღალდის ფურცელზე.