მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.1: მილანი ირჩევს

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.1: მილანი ირჩევს

მილანი მზად იყო სკოლაში წასასვლელად, როცა მამამისი სამზარეულოში შემოვიდა.

,,მილან, ძალიან მჭირდება შენი დახმარება ყანაში. გთხოვ, არ წახვიდე დღეს სკოლაში. თუ მოსავალს დროზე არ ავიღებთ, გაფუჭდება”.

მილანს ამის გაგონება არ ესიამოვნა.

,,მამიკო, აუცილებლად უნდა წავიდე სკოლაში. დღეს იმართება სასკოლო საბჭოს პირველი შეხვედრა და ამ საბჭოში მე მე-8 კლასელთა წარმომადგენლად ვარ არჩეული.”

,,მაგრამ შენ არ ხარ მე-8 კლასელთა ერთადერთი წარმომადგენელი ამ საბჭოში, არა? სხვა ვინმეც იქნება და ის წარმოადგენს მე-8 კლასელებს.”

,,მართალი ხარ, მაგრამ მე ჩემი ამომრჩევლის იმედები არ უნდა გავაცრუო. ასევე, დღეს გვაქვს მეცნიერების გაკვეთილი. არ მინდა ამ გაკვეთილის გაცდენა. თუ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გადავწყვეტ, მეცნიერებაში გამოცდის ჩაბარება მომიწევს.”

მილანის მამამ უკმაკოფილოდ ჩაიბურტყუნა: ,,უნივერსიტეტზე ლაპარაკობ და ოჯახი არ განაღვლებს. შენი დახმარება სახლში გვჭირდება. რას მოგვიტანს შენი უნივერსიტეტში ჩაბარება? უნივერსიტეტს რომ დაასრულებ, მერე კი ნამდვილად აღარ გაგახსენდება ოჯახი.”

,,მამა, შენ უნდა გიხაროდეს, რომ, სხვა ბიჭებისაგან განსხვავებით, სწავლის გაგრძელება მსურს. მათ არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ და მთელი ცხოვრება ზუსტად ის უნდა აკეთონ, რითაც მათი მამები არიან დაკავებულნი.”

მილანის მამამ გაბრაზებით დასძინა: ,,ძველ ღირებულებებში არაფერია ცუდი. მძულს ეს საუბრები განათლებაზე. მეჩვენება, რომ ძველი ღირებულებების პატივისცემა სრულიად დაკარგე.”

მილანმა ამოიოხრა. ასეთი საუბარი მამასთან პირველად არ ჰქონდა.

,,მამა, მე თუ კარგ სამსახურს ვიშოვი, დაგეხმარებით. როგორ შეიძლება იფიქრო, რომ მე თქვენ დაგივიწყებთ? ნუთუ მართლა გსურს, სკოლაში სიარულს თავი დავანებო და არ მივაღწიო იმას, რისი მიღწევაც შემიძლია? ყველა მასწავლებელი მეუბნება, რომ შეიძლება, კარგი მეცნიერი გამოვიდე. წარმოიდგინე, რომ შენი შვილი იქნება მეცნიერი, რომლის აღმოჩენები მსოფლიოს დაეხმარება.

მილანის მამამ მუშტი დაარტყა მაგიდას:

,,შენი პირველადი მოვალეობაა ოჯახისა და  თემის დახმარება, მით უმეტეს ახლა, ამ გაჭირვებულ დროში. თავი ოცნებებით გაქვს გამოტენილი. რა დროს მსოფლიოს დახმარებაა?”

მილანს მამის სიტყვებმა გული დასწყვიტა, მაგრამ არ უნდოდა სევდის გამომჟღავნება. მამა შეტრიალდა, დატოვა ოთახი და კარი გაიჯახუნა.

მილანი ჩამოჯდა და ამოიოხრა. ის ჩაფიქრდა და მალე გადაწყვეტილება მიიღო. მილანმა აიღო ჩანთა და კარებისაკენ გაემართა. უცებ შეჩერდა, ამოიღო ჩანთიდან კალამი და ქაღალდი, დაჯდა მაგიდასთან და მამისათვის წერილის წერას შეუდგა. ეს იყო მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება.