თავი 9 – დამხმარე მასალა მასწავლებლებისათვის 1: მედია და დემოკრატია

Living Democracy » Textbooks » თავი 9 – დამხმარე მასალა მასწავლებლებისათვის 1: მედია და დემოკრატია

მასალა მასწავლებლებისათვის

დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია ხალხსა და სიმართლეს ემსახურება. ფაქტები ყველასათვის გასაგებად შუქდება და საზოგადოებას მიუკერძოებლად, ობიექტურად მიეწოდება. არაა დამახასიათებელი გადმოცემული მოსაზრებებისა და მსჯელობების ფაქტებში აღრევა (მკვეთრად არის ერთმანეთისაგან გამიჯნული, მაგალითად, გზავნილი და კომენტარი), ასევე, ადეკვატურად იდენტიფიცირდება ინფორმაცია, რომლის შესახებაც არ არსებობს დამამტკიცებელი ფაქტები და რომელიც მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება.

გარდა ამისა, მედიასაშუალებების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და, აგრეთვე, ერთი მედიასაშუალების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მეორე მედია საშუალების მეშვეობით კორექტირებას. ამგვარად, მედიამომხმარებელს აქვს საშუალება, მიიღოს გასწორებული და დაბალანსებული ინფორმაცია, რომელიც მისი მოსაზრების ჩამოყალიბების საფუძველი ხდება.

დიქტატორული რეჟიმის პირობებში, მედია ემსახურება მმართველს ან მმართველებს. მედია ტენდენციურია და მმართველი ძალის პოლიტიკას ატრებს, პროპაგანდისტული ტექნიკის გამოყენებით (როგორიცაა რეალური ინფორმაციის დამალვა და არმიწოდება, ინფორმაციის შეთხზვა ან ინფორმაციისათვის ემოციური დატვირთვის მიცემა და ა.შ.).

თუმცა შესაძლებელია პირიქითაც ითქვას. ქვეყანაში არსებული მედიის ანალიზმა შეიძლება მიგვანიშნოს, დამკვიდრებულია თუ არა ქვეყანაში დემოკრატია. სიტყვისა და პრესის თავისუფლება დემოკრატიისათვის უმთავრესი მნიშვნელობისაა: ამ თავისუფლების გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს და ადამიანის უფლებები დაცული ვერ იქნება. გარდა ამისა, წარსულში მედიას ბევრი წარმატება მიეწერება ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. ძალიან ხშირად გამხდარა გაზეთში დაბეჭდილი სტატია, სატელევიზიო ინტერვიუ ან სხვა ვიზუალური მასალა პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებული ადამიანებისათვის თავისუფლების მინიჭების საფუძველი; გარდაუვალი კატასტროფის შესახებ გაფრთხილების მიზნით გაგზავნილი ბევრი მოკლე ტექსტური შეტყობინება კი ადამიანების გადარჩენის საფუძვლად ქცეულა.

აქედან გამომდინარე, მასმედიის საშუალებათა კონსოლიდაცია დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის განგაშს იწვევს. ეს ზოგადად ნიშნავს იმას, რომ ყველა მედიასაშუალება ერთნაირად აშუქებს ერთსა და იმავე ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ, წესით, მათი შეხედულებები და პოზიცია მოვლენის მიმართ განსხვავებული უნდა იყოს.

რამდენიმე კრიტიკულად განწყობილი პირის მიერ გამოთქმული პროტესტისა ან გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის წყალობით, ზოგჯერ მაინც არის შესაძლებელი დაბალანსებული ინფორმაციის მიღება და არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ მსგავსი კონსოლიდაცია გამომჟღავნდეს. თუმცა, ამგვარ სიტუაციაში, უმეტესობა მხოლოდ კონსოლიდირებულ მასმედიაზეა დამოკიდებული და ამგვარი მოვლენის შედეგები სათანადო ანალიზს საჭიროებს.

მედია პასუხს აგებს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც იგი ავრცელებს: შესაძლებელია ჟურნალისტი დარწმუნებული იყოს იმ ფაქტისა თუ მოვლენის უტყუარობაში, რომელსაც იგი აშუქებს? შესაძლებელია გამართლება მოეძებნოს მათ კრიტიკულ მიდგომას? თუ მათი ერთადერთი მამოძრავებელი არის მხოლოდ ის, რომ იყვნენ პირველები „სკანდალური“ ინფორმაციის გავრცელებაში?

მედიის გამოყენება ძალაუფლებას ნიშნავს. ის, ვინც იღებს ფოტოებს ან აკეთებს ჩანაწერებს და შემდეგ მათ ნებისმიერი მედის საშუალებით აქვეყნებს, ამას დიდი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და კარგად უნდა აცნობიერებდეს მის მნიშვნელობას დემოკრატიისათვის.