2 – სამუშაო ფურცელი 6: საკონტროლო კითხვარი „როგორ ვაფასებ ჩემს მოსწავლეებს“

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 6: საკონტროლო კითხვარი „როგორ ვაფასებ ჩემს მოსწავლეებს“

მოსწავლეების შეფასებისას, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში შესული ძირითადი პრინციპები:

  • შეფასება უნდა წარმოადგენდეს ხელშეწყობის საშუალებას: უნდა ემსახურებოდეს ინდივიდუალური მოსწავლის ხელშეწყობას საკუთარი პოზიციის განსაზღვრაში, უნდა აწვდიდეს მას მინიშნებას შემდგომ მუშაობასთან დაკავშირებით, უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის მიერ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნების დონის ამაღლებასა და საკუთარ თავზე წარმოდგენის გამტკიცებას.
  • შეფასება მოსწავლეთა დახმარებას უნდა უზრუნველყოფდეს და ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა თვითშეფასებას.
  • შეფასება უნდა იყოს გამჭვირვალე: მოსწავლეებისათვის ცნობილი უნდა იყოს შეფასების ბაზა, შეფასების კრიტერიუმები და შეფასებისას გამოყენებული ნორმები.
  • შეფასება უნდა იყოს შინაარსისა და მიზნების ადეკვატური. ცოდნის შეფასება, კომპეტენციებისა და უნარების შეფასებისაგან განსხვავებულად უნდა წარმოებდეს.
  • მასწავლებლები უნდა ითვალისწინებდნენ ქულების მინიჭების საშუალებით განხორციელებული შერჩევის ფუნქციას. შემაჯამებელ შეფასებას, მომავალში, საჭიროა  ჩაენაცვლოს მოსწავლეთა საუბრებში მონაწილეობისა და მათ მიერ მომზადებული მოხსენებების შეფასება, რაც უნდა დამკვიდრდეს, როგორც შეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სასკოლო სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესება.
  • ტესტები უნდა დგებოდეს ისე, რომ მათი საშუალებით შესაძლებელი იყოს სწავლის წინასწარ განსაზღვრულ მიზნებთან მიახლოების განსაზღვრა. (ტესტები ასევე იძლევა სწავლის მიზნების განხორციელებისას გამოყენებული სწავლების ხარისხის შეფასების საშუალებას. აქედან გამომდინარე, ტესტების შედეგები მეტყველებს არა მარტო მოსწავლეთა მიღწევებზე, არამედ მასწავლებლის მიერ გახორციელებული სწავლების ხარისხზე.)

კითხვები თვითშეფასებისათვის

მოსწავლეთა სწავლის პროცესი:

  • როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ მოსწავლეებმა მიაღწიეს მიზანს?
  • სწავლის პროცესში მოსწავლეებს მუდმივად ჰქონდათ პროგრესი?
  • როგორია მოსწავლეების მიერ საკუთარი მიღწევების აღქმა, დარწმუნებული არიან ისინი, რომ მათ პროგრესი აქვთ ამ მიმართულებით?
  • სწავლების მეთოდი, რომელსაც მე ვიყენებ, თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს გოგონებსა და ვაჟებს?
  • მოსწავლეები შეგნებულად ეკიდებიან სწავლისა და მუშაობისას მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, აკვირდებიან, აკონტროლებენ და ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი შედეგები?
  • სწავლის პროცესში მოსწავლეები იღებდნენ მითითებებს, რომლებიც მათ დახმარებას ითვალისწინებდა?
  • შეუძლიათ მოსწავლეებს თავად აკონტროლონ და შეაფასონ სწავლის პროცესში  მიერ შესრულებული ქმედებები და ამ ქმედებების შედეგები?
  • თვითშეფასების პროცესში მოსწავლეები ითვალისწინებენ თავიანთ მიზნებს, სტანდარტებს, კრიტერიუმებს ან საჭიროებებს?
  • შემიძლია აღვიქვა და შევაფასო ინდივიდუალური მოსწავლის მიღწევები?
  • როგორ ვახდენ ინდივიდუალური მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას?
  • როგორ ვაკვირდები  სოციალურ ურთიერთობებს გაკვეთილის განმავლობაში?
  • როგორ ვაწარმოებ ჩანიშვნებსა და ჩანაწერებს ინდივიდუალურ მოსწავლესა და მთლიან კლასზე ჩემი დაკვირვებებისა და შეფასებების შესახებ?

ზოგიერთი კითხვა მასწავლებლის სწავლის პროცესთან დაკავშირებით:

  • როგორ, როდის და ვისთან განვიხილავ სწავლებასთან დაკავშირებულ ჩემთვის საინტერესო საკითხებს?
  • როგორ ვუწყობ ჩემს მოსწავლეებს ხელს და როგორ განვაწყობ მათ სწავლის პროცესში ჩართულობისათვის?
  • როგორ ვუკავშირებ ჩემი მოსწავლეების წარმატებასა და წარუმატებლობას ჩემ მიერ წარმართულ სწავლების პროცესს?
  • როგორ ვაფასებ ჩემს საკუთარ მიღწევას სწავლების თვალსაზრისით და რას და როგორ ვსწავლობ მე, როგორც მასწავლებელი?