სავარჯიშო 8.8. – ომისა და მშვიდობის სურათები

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 8.8. – ომისა და მშვიდობის სურათები
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები განმარტავენ ომისა და მშვიდობის ასპექტებს.

მოსწავლეებს უვითარდებათ წარმოსახვის უნარი.

მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ომისა და მშვიდობის შესახებ.

რესურსები სურათების ნაკრები (მათ შორის, ფოტოები, კარიკატურები, სარეკლამო ჩანახატები და ა.შ.).

მსვლელობა

  1. მასწავლებელი რამდენიმე სურათს მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო ადგილზე გამოფენს. უმჯობესია მათი კედლებზე განთავსება საკლასო ოთახის გარშემო ან კარგად განათებულ ჰოლში. მოსწავლეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, დაათვალიერონ სურათები ისე, როგორც ეს გამოფენაზე ხდება.
  2. მოსწავლეებს უშუალო და დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ეძლევათ. რომელ სურათზეა ასახული მშვიდობა და რომელზე ომი? მასწავლებელი არ აიძულებს მოსწავლეებს, რაიმე კომენტარი გააკეთონ სურათების შესახებ. ამ შესავალი საფეხურის შემდეგ მასწავლებელი აღნიშნავს, ემთხვეოდა თუ არა მოსწავლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ერთმანეთს. მოსაზრებათა შორის განსხვავებების შესახებ მასწავლებელი არ საუბრობს.
  3. მოსწავლეები ირჩევენ სურათს, რომელიც მათ განსაკუთრებით მოეწონათ. მათ შეუძლიათ, ახლოდან დაათვალიერონ და შეისწავლონ იგი, თუ ამის სურვილი ექნებათ. სრულ სიჩუმეში ისინი წერილობითი ფორმით პასუხობენ შემდეგ კითხვებს:
    • რას ხედავთ (აღწერა)?
    • რა ფიქრებს აღძრავს სურათი (წარმოსახვა)?
    • რა გრძნობებს აღძრავს სურათი (ემოცია)?
  4. მოსწავლეები ქმნიან ოთხკაციან ჯგუფებს, ირჩევენ სურათებს და ქმნიან სურათების კონტრასტულ წყვილებს. მათ შეუძლიათ, მესამე საფეხურზე განხილული სურათები აირჩიონ, ან აირჩიონ ნებისმიერი.
  5. მოსწავლეები საკუთარ არჩევანს წარუდგენენ კლასს და მსჯელობენ იმაზე, თუ რამ განაპირობა მათი არჩევანი. თუ დრო არ არის საკმარისი, თითოეულ ჯგუფს სურათების ერთი კონტრასტული წყვილის წარდგენის საშუალება მაინც უნდა მიეცეს.
  6. შეჯამება. მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ ემოციებს და გამოთქვამენ ნააზრევს. მათ, შესაძლოა, კითხვებიც გაუჩნდეთ სურათებზე გამოსახულ სიტუაციებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ განხილვას საჭიროებს.

გაგრძელება

იგივე თემა შესაძლოა შესწავლილ იქნეს ლიტერატურულ და მხატვრების ნამუშევართა გამოყენებით.

კლასი აწყობს გამოფენას, რომელიც მოცემულ თემებს ეძღვნება.