5.2 სადავო საკითხზე მსჯელობის პრინციპი

Living Democracy » Textbooks » 5.2 სადავო საკითხზე მსჯელობის პრინციპი

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე საჭიროა შემოტანილ იქნას აქტუალური და სადავო სამეცნიერო ან პოლიტიკური საკითხები. სადავო საკითხებზე მსჯელობა ინდოქტრინაციის დაუშვებლობის პრინციპით უნდა წარმოებდეს: იმ შემთხვევაში, თუ არ უსმენენ განსხვავებულ მოსაზრებებს, ხოლო ალტერნატიული მოსაზრებები უგულებელყოფილია, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას ინდოქტრინაციის ასპარეზად გადაქცევის პერსპექტივა ემუქრება. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე დაშვებულია კომპლექსურობა, კამათი და დაპირისპირებაც კი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო უფლებებს წარმოადგენს, ინდივიდუალურად აღებული უფლებები შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს და ურთიერთგამომრიცხავიც კი იყოს.

პლურალისტულ საზოგადოებაში უთანხმოება, განსხვავებული ღირებულებები და ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები ჩვეულ წესს წარმოადგენს, და არა გამონაკლისს; და ამისათვის მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გაართვან თავი მსგავს სიტუაციებს. დემოკრატიის პირობებში დებატები და განხილვები პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მოგვარების საშუალებაა. შეთანხმება და გარკვეული ჰარმონია, რომელიც კომპრომისის საშუალებით მიიღწევა, მოლაპარაკებების შედეგს წარმოადგენს. ძალად თავს  მოხვეული ჰარმონია, პრობლემური საკითხების ღიად განხილვის გარეშე, ჩახშობის ტენდენციის მანიშნებელია.

5.2.1 პრაქტიკული გამოსავალი

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მასწავლებელმა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოს, სულ მცირე, ორი მოსაზრება მაინც. მნიშვნელოვანია მოსაზრებათა შორის ბალანსის არსებობა (მაგალითად, ყველა მოსაზრება თანაბარი მოცულობის ტექსტის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი).

საერთო საკლასო განხილვის დროს, მასწავლებელმა გულდასმით უნდა მოისმინოს მოსწავლეების მიერ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებები. თუ რომელიმე მოსაზრება მხოლოდ უმცირესობის მხრიდან გამოითქმება – ან თუნდაც არც ერთი მოსწავლე არ გამოთქვამს მას – მასწავლებელმა უნდა შემოიტანოს ეს მოსაზრება, პაექრობის სულისკვეთების შენარჩუნების მიზნით, მაგრამ, ამავე დროს, ნათლად უნდა განაცხადოს, რომ ამ შემთხვევაში იგი მხოლოდ გარკვეულ როლს ასრულებს და არ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. მასწავლებელმა პაექრობაში მონაწილეობის საკუთარი სტილი მოსწავლეების მიერ წარმოებული პაექრობის სტილს უნდა შეუსაბამოს.