თავი 4 – როგორ აღვიქვამთ გარშემომყოფებს

Living Democracy » Textbooks » თავი 4 – როგორ აღვიქვამთ გარშემომყოფებს

V6_P35&95

წინასიტყვაობა

სურათზე ნაჩვენებია გოგონა, რომელიც ბიჭს გამადიდებელი შუშით აკვირდება. გამადიდიბელ შუშაზე აღბეჭდილი სახე სურათზე გამოსახული ბიჭის მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. ბიჭს წარმოდგენა არა აქვს, როგორ გამოიყურება მისი სახე გამადიდებელ შუშაში. იგი შეიძლება მის ნამდვილ სახეს უჩვენებდეს, შეიძლება შეცვლილს და რეალობიდან განსხვავებულს, შეიძლება მეტ დეტალებსაც ასახავდეს, ვიდრე ამის შესახებ ბიჭმა იცის, ან უნდა, რომ სხვას გაუზიაროს. როგორც შუშაზე აღბეჭდილი სახე, ასევე ბიჭიც იცინის, ასე რომ სხვაობა აღბეჭდილსა და რეალურს შორის პრობლემას არ წარმოადგენს. გოგონა შუშაზე ასახულ გამოსახულებას უცინის და არა თავად ბიჭს.

ჩვენ ყველანი ჩვენს გამადიდებელ შუშას მივმართავთ სხვა ადამიანებისკენ და მათზე აღბეჭდილ გამოსახულებას გონებაში ვინახავთ. ადამიანებს ვაფასებთ ჩვენს გონებაში შექმნილი გამოსახულებების მიხედვით. ისინი ნედლეულს წარმოადგენენ, საიდანაც ჩვენ ვქმნით სტერეოტიპებს. გონებაში კომპლექსური სამყაროს ისეთ გამარტივებულ წარმოდგენას ვატარებთ, რომელიც სხვისთვის ბოლომდე ამოუხსნელი რჩება. თუ სტერეოტიპები ცრურწმენის/დამახინჯებული აღქმის ფორმას მიიღებენ, საზოგადოებაში ეს განხეთქილებისა და შუღლის მარცვლის ჩაგდების ტოლფასი იქნება.

მოცემულ თავში შესული სავარჯიშოები მოსწავლეებს ეხმარება, გააცნობიერონ საკუთარი აღქმა და სხვათა დამახინჯებული, ცრუ სტერეოტიპები, კრიტიკულად მიუდგნენ მათ და, საჭიროების შემთხვევაში, ეცადონ, გამოასწორონ ისინი. აქედან გამომდინარე, ეს თავი ეძღვნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სოციალურ განზომილებას. ჩვენი ურთიერთაღქმა, დამახინჯებული სტერეოტიპები და ის, თუ როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, ქმნის სწორედ იმ საფუძველს, რომელსაც ემყარება დემოკრატია და ადამიანის უფლებები. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრინციპების მხოლოდ კონსტიტუციაში ჩადება და მთავრობის მიერ მათი პრიორიტეტად გამოცხადება საკმარისი არ არის; სოციალური და კულტურული საწყისები თანაბრად მნიშვნელოვანია.

ზოგადად, მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რა დატვირთვა გააჩნიათ სტერეოტიპებს ჩვენი კომპლექსური საზოგადოებისა და მსოფლიოს აღქმის გამარტივებაში. მათ ასევე უნდა ესმოდეთ, რომ სტერეოტიპები ზოგჯერ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, რადგან შეუძლიათ განხეთქილება და შუღლი გააღვივონ. ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა უცნობ ადამიანებს ვხვდებით და შიშის გრძნობა გვიპყრობს. განათლება ეხმარება ადამიანებს, ამოიცნონ ცრურწმენები თუ დამახინჯებული სტერეოტიპები და გამოასწორონ ისინი.

მოზრდილი ასაკის მოსწავლეებს შეიძლება ავუხსნათ, რომ ჩვენი აღქმა და ცრურწმენები საბოლოოდ აისახება კულტურაზე, რომელიც ან ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ან ძირს უთხრის მათ პრინციპებს. სიტყვასიტყვით, დემოკრატია იწყება ჩემგან და შენგან.