გაკვეთილი 4: კონფერენცია

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: კონფერენცია

საზოგადოების წევრები თანხმდებიან წესებზე

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება გადაწყვეტილების მიღება.
სწავლის მიზანი კომპრომისი, კონსენსუსის ფარგლები.
მოსწავლეთა ამოცანა

მოსწავლეები ცდილობენ მიიღონ ერთსულოვანი გადაწყვეტილება.

მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ გამოცდილებას.

მასალა და რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის 5.4–5.6.
მეთოდი

კენჭისყრა.

მასწავლებლის ლექცია და დისკუსია.

დროის ბიუჯეტი 1. მოსწავლეები მართავენ კონფერენციას. 20 წთ.
2. მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ გამოცდილებას. 20 წთ.

 

ინფორმაცია

მოსწავლეებისათვის კონფერენცია, რომელზეც მათ კონსტიტუციის დამტკიცება ეკისრებათ და სადაც სახელმწიფოს დამაარსებლების როლში გამოდიან, წარმოადგენს წვრთნას დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის. მოსწავლეები ასრულებენ კონსტიტუციის კანონმდებელთა ფუნქციას. კონფერენციის გამართვისთვის საჭიროა წესების სისტემა, რომელსაც მოსწავლეები კონფერენციის დაწყებამდე ამტკიცებენ. მას შემდეგ, რაც შეთანხმდებიან პროცედურების სისტემაზე, მოსწავლეები იღებენ სრულ პასუხისმგებლობას კონფერენციის ჩატარებაზე, მათ შორის, მის თავმჯდომარეობაზე.

პრაქტიკული სწავლა ყოველთვის მოითხოვს შეჯამებას. მოსწავლეები პრაქტიკის საფუძველზე ცოდნას იღებენ მხოლოდ მაშინ, როცა აცნობიერებენ, თუ რას აკეთებენ, ან რა გააკეთეს. რაში მდგომარეობს მისი მნიშვნელობა? შემაჯამებელი ეტაპი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ჩაწვდნენ ათვისებული ცოდნის არსს. მოსწავლეები ხვდებიან, თუ რისი განზოგადებაა შესაძლებელი. სწავლის პროცესის ამ თანმიმდევრობით, ისინი სწავლობენ რაში სჭირდება საზოგადოებას ინსტიტუციური სისტემა და რა პრობლემები და რისკ–ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული, როდესაც ხდება ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადაცემა.

ამ თავში მასწავლებლებს ვთავაზობთ, მოსწავლეებს წაუკითხონ მოკლე ლექცია, რომელსაც ასევე შემაჯამებელი ხასიათი ექნება. მოსწავლეები ამის შემდეგ მართავენ დისკუსიას და ავსებენ კითხვარს.

 

გაკვეთილის აღწერა

ადგილების დაკავება

მოსწავლეები გაკვეთილის ორივე ნაწილის განმავლობაში – კონფერენციის გამართვისას და შემაჯამებელ ეტაპზე – სხედან წრეზე, მერხების გარეშე, ან თავიანთ მერხებთან საკლასო ოთახის გარშემო. თავმჯდომარე უზის მასწავლებლის მაგიდას, დაფასთან ან ფლიპჩარტთან ახლოს.

1. მოსწავლეები მართავენ კონფერენციას

მოსწავლეები მართავენ კონფერენციას, იმ წესების თანახმად, რომელზეც ისინი კონფერენციამდე შეთანხმდნენ. მასწავლებელი მათ თვალყურს ადევნებს. მასწავლებელი არ ერევა მათ საქმიანობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსწავლეები ძალიან სერიოზულ პრობლემას არ წააწყდებიან (მაგალითად, კამათს არ გამართავენ იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენონ დადგენილი წესები), რის ალბათობაც საკმაოდ დაბალია.

მასწავლებელი აკვირდება, თუ როგორ ასრულებენ მოსწავლეები საკუთარ ფუნქციებს. იგი ცდილობს, დაგეგმილი ლექცია მიუსადაგოს მოსწავლეთა მიერ ამ ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას.

2. მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ გამოცდილებას

მასწავლებელი ლექციის სახით აჯამებს მე–4 და მე–5 თავებს

მასწავლებელი ლექციის დაწყებამდე მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 5.5. ლექციის დროს მასწავლებელი მიმოიხილავს, როგორ განვითარდა მოვლენები ორი თამაშის დროს, თევზჭერის თამაშისა და გადაწყვეტილების მიღებაზე თამაშის დროს. მოსწავლეებმა გაითამაშეს ისტორიული პროცესი, თუ როგორ ყალიბდებოდა ადამიანთა ჯგუფი საზოგადოებად, წესების ინსტიტუციური სტრუქტურის შექმნის საფუძველზე. იმის მიხედვით, თუ რა არჩევანი გააკეთეს მოსწავლეებმა გამართულ კონფერენციაზე, მეთევზეთა საზოგადოებას ან ჩამოყალიბებული სახელმწიფო აქვს, თავისი გამართული კონსტიტუციით, განსაზღვრული საკანონმდებლო და სამართალდამცავი ძალაუფლებით აღჭურვილი სტრუქტურით, ან მათი მომავალი დამოკიდებულია თამანშრომლობის ქსელზე, რომელზეც მოსწავლეებმა არჩევანი, სავარაუდოდ, იმის გამო შეაჩერეს, რომ თავიდან აერიდებინათ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრობლემა. მასწავლებელი ლექციას თამაშების შედეგებს უსადაგებს. გარდა ამისა, მოსწავლეები შეეცადნენ, მეთევზეთა საზოგადოებაში მოესპოთ მუდმივი კონფლიქტის წყარო, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საჭირო სტრატეგიის შემუშავებით.

ეს, არსებითად, მოდერნიზაციის პროცესია. თამაში სოციალური და ისტორიული რეალობის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს, მაგრამ, ამავდროულად, განსხვავდება კიდეც მისგან (იხ. დასკვნა).

მოსწავლეები მსჯელობენ ლექციაზე განხილულ საკითხებზე

ასეთი ლექციები მოსწავლეების აზროვნებას ასაზრდოებს. თამაშის შესახებ მათ ყველაფერი იციან და ესმით. მათთვის ახალი და მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ თამაშის დროს მიღებული გამოცდილებიდან რისი განზოგადება და, შესაბამისად, სხვა სიტუაციასა და შემთხვევაში გამოყენება შეიძლება.

მოსწავლეებს შეუძლიათ დასვან კითხვები იმის თაობაზე, რისი გაგებაც სურთ, გააკეთონ კომენტარი – რას ეთანხმებიან და რას – არა.

მოსწავლეებმა შეიძლება წამოჭრან მათთვის საინტერესო საკითხები. ეს როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაგეგმონ შემდეგი გაკვეთილები ერთად. რაზე გაამახვილონ ყურადღება სხვა თავებში? რა შეიძლება შევუსაბამოთ სასწავლო პროგრამის მოთხოვნებს? რა დრო გვაქვს ხელთ? აინტერესებთ მოსწავლეებს კვლევითი ამოცანები?

შესაძლოა მოსწავლეებმა გამოთქვან სურვილი თევზჭერის თამაშის გაგრძელების, რამდენიმე რაუნდის გათამაშების თაობაზე, რათა სცადონ და შეამოწმონ, რა შედეგს მიიღებენ იმ ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, რასაც ისინი ამ ეტაპზე  ფლობენ.

მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ რეაქციასა და თვალსაზრისს

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 5.6. ეს არის კითხვარი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს შეაჯამონ სწავლის პროცესი. მათ მიერ გაცემული პასუხები მნიშნელოვან ინფორმაციას შეიცავს მასწავლებელისთვის, რადგან მათზე დაყრდნობით მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ გააუმჯობესოს და წარმართოს მუშაობა მოსწავლეებთან შემდგომ ეტაპზე. თუ მოსწავლეებს აქვთ პორტფოლიო, შევსებული კითხვარები მოთავსდება მათ პორტფოლიოში.

თუ მასწავლებელს სურს წაიკითხოს  შევსებული კითხვარები, შეიძლება ზოგიერთმა მოსწავლემ ამჯობინოს კითხვარის ანონიმურად შევსება.