თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი

Living Democracy » Textbooks » თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი

როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთად, მშვიდობიანად იცხოვრონ?
ID_5599

ეს თავი სამ ძირითად ცნებაზეა ორიენტირებული, ესენია: მრავალფეროვნება, პლურალიზმი და დემოკრატია. შემდეგი ოთხი გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარება, დაინახონ ამ სამ ცნებას შორის კავშირი და განუვითარებს მათ მიდგომებსა და უნარებს, რომლებიც აუცილებელია პლურალისტულ, დემოკრატიულად მართულ ქვეყანაში ცხოვრებისათვის.

პლურალიზმი თანამედროვე საზოგადოებების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. პლურალისტულ საზოგადოებაში მისაღებია რელიგიური და პოლიტიკური რწმენის მრავალფეროვნება ისევე, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ დანახული იდეალური საზოგადოებების ურთიერთთავსებადობის არარსებობა. მაგალითად, პლურალისტურ საზოგადოებაში შევხვდებით რადიკალურ სოციალისტებსაც და მემარჯვენე კაპიტალისტებსაც; ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ის რწმენა და მიდგომები, რომლებიც მათთვის ყველაზე მისაღებია. შესაბამისად, პლურალისტური საზოგადოება ყოველთვის გამოწვევის წინაშეა: ერთი მხრივ, ადამიანებს აქვთ პიროვნული თავისუფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ უწევთ უფრო აქტიური ურთიერთთანამშრომლობა შეთანხმების მისაღწევად. შეთანხმებისა და დათმობების გარეშე პლურალისტური საზოგადოება ვერ გადარჩება. ისმება კითხვა: რომელი პოლიტიკური სისტემა უზრუნველყოფს ღია, პლურალისტურ საზოგადოებაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ყველაზე ეფექტურ ორგანიზაციას?

ავტორიტარულ სისტემაში (ერთპარტიული მმართველობა, თეოკრატია, ან დიქტატურა) ერთ მოთამაშეს (პარტიას ან ლიდერს) შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, ყველა ადამიანის საერთო ინტერესის გათვალისწინებით. შედეგად, ავტორიტარიზმს მსხვერპლად ეწირება ადამიანების თავისუფლება.  ასეთ საზოგადოებაში ადამიანების პრობლემების არტიკულაცია ბარიერებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, გადაწყვეტილებები არ არის სამართლიანი.

დემოკრატიულ სისტემაში მოქალაქეები თანხმდებიან ძირითად პრინციპებზე, პროცედურებსა და უფლებებზე, რომლებიც საკამათო საკითხებზე მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევის საშუალებას იძლევიან. დემოკრატია ხელს უწყობს მშვიდობას პლურალისტურ საზოგადოებაში, რადგან ცივილურ ფორმაში აქცევს ყველა უთანხმოებას. საერთო ინტერესს ერთი პიროვნება ან პარტია არ განსაზღვრავს. საერთო ინტერესი განისაზღვრება მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე. დემოკრატიული მმართველობის პირობებში მოქალაქეებს აქვთ ცნობიერების, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ უფლებათა გამოყენებისას, ბუნებრივია, რომ იქმნება უთანხმოება და კონფლიქტი. შესაბამისად, მოლაპარაკება, დათმობა და გამოსავლის ძებნა დემოკრატიისათვის დამახასიათებელი პროცესებია. პლურალისტურ დემოკრატიაში მოქალაქეები სოციალურ საერთო წესებზე თანხმდებიან, რაც კონფლიქტების გადაჭრის საერთო რეგულაციებს, სოციალურ და პოლიტიკურ ნორმებზე შეთანხმებას გულისხმობს.

სოციალური კონტრაქტის ნაწილია უმრავლესობის პრინციპი. უმცირესობების წარმომადგენელთათვის ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის საშუალებით მათი რადიკალური მოსაზრებები ვერ იმარჯვებს. მიუხედავად ამისა, დემოკრატია ქმნის ინსტრუმენტებს,  რომელთა დახმარებითაც უმცირესობების ინტერესების დაცვა შეიძლება. პლურალისტურ დემოკრატიაში შეიძლება არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში მოვიდეს რადიკალური დაჯგუფება, რომელთა წარმომადგენლებმა, შესაძლოა, სცადონ ოპონენტების ხმის ჩახშობა. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით იყოს გამყარებული.

ყველას უნდა ესმოდეს პლურალისტული საზოგადოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ამ თვალსაზრისით, დაუწერელი სოციალური კონტრაქტი უმნიშვნელოვანესია, რადგან მის გარეშე დემოკრატიული საზოგადოება ვერ იარსებებს. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ეხმარება მოსწავლეებს იმ მიდგომებისა და უნარების ჩამოყალიბებაში, რაც აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქისათვის.

სწავლება მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის შესახებ

მოსწავლეები, რომლებიც დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების კურსს გადიან, უნდა ეცნობოდნენ სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი მრავალფეროვნების ძირითად მახასიათებლებს. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული გამოწვევები. იმის გათვალისწინებით, რომ ცრურწმენების საფუძველი, უმეტესწილად, სწორედ გაუთვითცნობიერებლობაა, ადამიანური მიდგომების რაციონალური შესწავლა ცრურწმენების საფუძველზე არასწორი გადაწყვეტილებების შემთხვევებს შეამცირებდა.

სწავლება მრავალფეროვნებისა და პლურალიზმისათვის

მოსწავლეებს უნდა ეძლეოდეთ დემოკრატიულ დისკუსიებში მონაწილეობის საშუალება. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს, რათა მოსწავლეების მხრიდან აზრის გამოხატვასა და დისკუსიებში ჩაბმას შეუწყოს ხელი. როცა მოსწავლეები საწინააღმდეგო აზრს უსმენენ და საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ, მათ უვითარდებათ აზრის გამოთქმისა და ანალიტიკური უნარები; ასევე, მოსწავლეებს ემატებათ შემწყნარებლობა მორალური და პოლიტიკური მრავალფეროვნებისადმი. დისკუსიების დროს მოსწავლეები ხვდებიან, რომ უთანხმოება და აზრთა ჭიდილი ჩვეულებრივი მოვლენებია; ისინი, ასევე, აცნობიერებენ კომპრომისების აუცილებლობას და ერთმანეთისაგან ასხვავებენ სამართლიან და უსამართლო კომპრომისებს. მოსწავლეები ხვდებიან, რომ აუცილებელია სადავო საკითხზე კონცენტრაცია და ადამიანების პატივისცემა, იმისდა მიუხედავად, თუ რა პოზიციას იზიარებენ ისინი.

ასევე, დემოკრატიული დისკუსიების წარმოების პროცესში მოსწავლეები მიხვდებიან, რომ ღია და სამართლიანი დებატები მოითხოვს გარკვეული პროცედურების გათვალისწინებას, მათ შორის:

  • ყველა მონაწილეს უნდა შეეძლოს აზრის გამოთქმა;
  • ყველა მონაწილის აზრს დანარჩენებმა პატივისცემით უნდა მოუსმინონ;
  • მონაწილეები არგუმენტების წინააღმდეგ უნდა გამოდიოდნენ, და არა ხალხის წინააღმდეგ;
  • მონაწილეებმა დებატების დასაწყისშივე უნდა გააცნობიერონ, რომ დებატებმა შეიძლება, მათი მიდგომების შეცვლა გამოიწვიოს;
  • დებატების გამართვა იმ დროს, როცა მონაწილეები მიდგომების მოდიფიკაციისათვის მზად არ არიან, ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე დებატები, რომლებიც ღიაა და დამოკიდებულებების სრულყოფილ ახსნაზეა მიმართული. დებატების მიზანი უნდა იყოს არა ერთ-ერთი მხარის გამარჯვება, არამედ პრობლემის გააზრება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მთავარი ქვაკუთხედია ძიება, დისკუსია და არა – დადგენილი ჭეშმარიტებები. შესაბამისად, მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, მოსწავლეებს აზროვნების უნარის განვითარებაში დაეხმაროს და კლასში საკუთარი დომინანტური პოზიცია დათმოს. კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეები მაშინ არიან კლასში სიტყვაუხვნი და აქტიურნი, როცა მასწავლებლები ნაკლებს ლაპარაკობენ.

თავი 3: მრავალფეროვნება და პლურალიზმი

როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთად, მშვიდობიანად იცხოვრონ?

გაკვეთილის სახელწოდება სწავლის მიზანი მოსწავლის დავალება საჭირო მასალა მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

გაკვეთილი 1:

როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთად იცხოვრონ?

იმ საკითხების განხილვა, რომლებიც სხვადასხვა ღირებულებისა და რწმენის მქონე თემების მშვიდობიანი თანაცხოვრების დროს პრობლემური შეიძლება იყოს.

განათლების როლის განხილვა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაში.

იმის გაანალიზება, თუ რამდენად შეუძლია პიროვნებას საზოგადოებაზე ზემოქმედება.

მოსწავლეები განიხილავენ მოთხრობაში წამოჭრილ საკითხებს.

მოსწავლეები ჩართულნი არიან კრიტიკული აზროვნების პროცესში.

ისინი აზრებს უზიარებენ ერთმანეთს.

საკითხის უკეთ წვდომის მიზნით, მოსწავლეები როლების გათამაშებას მიმართავენ.

მოსწავლის სამუშაო ფურცელ  3.1-ის ასლები დისკუსია. კრიტიკული აზროვნება. ჰიპოთეზების ჩამოყალიბება. როლების გათამაშება.

გაკვეთილი 2:

რატომ არსებობს ადამიანებს შორის უთანხმოება?

იმ მიზეზების განხილვა, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ერთი და იგივე საკითხის მიმართ.

სადავო საკითხების განხილვის უნარის განვითარება.

იმ ღირებულებათა განხილვა, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ საზოგადოებას.

მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ და იცავენ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

მოსწავლეები განიხილავენ საჯარო დისკუსიის თემებს და მათ საფუძვლებს.

მოსწავლეები განიხილავენ იმ ფაქტორებს, რამაც მათი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაზე მოახდინა ზეგავლენა.

მოსწავლეები შეიმუშავებენ პლურალიზმის წამახალისებელ სახელმძღვანელო პრინციპებს, რათა საჯარო დიალოგი ყოველთვის ხარისხიანი და ურთიერთპატივისცემის გამომხატველი იყოს.

დიდი ზომის ნიშნულები სავარჯიშოსათვის ,,ოთხი კუთხე~ დისკუსია. მოსაზრებების გამოთქმა. კრიტიკული აზროვნება. წესების შემუშავება, თანამშრომლობის პრინციპის გათვალისწინებით.

გაკვეთილი 3:

რითი განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან?

საზოგადოებაში თანასწორობის ხელისშემშლელი ფაქტორების განხილვა.

უთანასწორო საგანმანათლებლო შესაძლებლობების მიზეზების იდენტიფიკაცია.

თანასწორობის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობის განხილვა.

მოსწავლეები განიხილავენ ძირითად ცნებებთან დაკავშირებულ ჰიპოთეზურ სიტუაციას.

მოსწავლეები ძირითად პრინციპებს ცხოვრებისეულ სოციალურ სიტუაციებს უსადაგებენ.

მოსწავლეები განიხილავენ გაკვეთილზე წამოჭრილ ძირითად საკითხებს.

მოსწავლეები ასრულებენ წერილობით დავალებას.

მოთხრობის ასლები. მოსწავლის სამუშაო ფურცელ 3.3-ის ასლები. კრიტიკული აზროვნება. დისკუსია. მოსაზრების ჩამოყალიბება წერილობითი ფორმით.

გაკვეთილი 4:

რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებები?

 

 

 

 

 

 

იმ პრობლემური საკითხების განხილვა, რომლებიც სხვადასხვა ღირებულებისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების თანაცხოვრების დროს წამოიჭრება.

იმ მიზეზების განხილვა, რომლებიც საფუძვლად ედო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტების შემუშავებას, განსაკუთრებით, დაუცველი თემებისა და ადამიანებისათვის.

მოსწავლეები ერთვებიან კრიტიკულ ანალიზში და ახდენენ სიტუაციების პრიორიტეტიზაციას.მოსწავლეები გაითამაშებენ მოწინაარმდეგე მხარეების  წარმომადგენელთა როლებს.

როლების გათამაშების დასკვნებიდან გამომდინარე, მოსწავლეები შეიმუშავებენ რამდენიმე ძირითად პრინციპს და ადარებენ მათ ამ წიგნში გაკეთებულ დასკვნებს.

მოსწავლეები განიხილავენ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს თავიანთ ქვეყანაში.

მოსწავლეები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სხვადასხვა საკითხზე აკეთებენ პრეზენტაციებს.

კუნძულზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ამბის ასლები.

სიტუაციური ბარათების ასლები თითოეული პატარა ჯგუფისათვის.

ადამიანის უფლებათა ძირითადი კომპონენტების ნუსხა.

დიდი ზომის ფურცლები და სხვა მასალები, რაც პრეზენტაციისათვის არის საჭირო.

კრიტიკული აზროვნება. დისკუსია. მოლაპარაკება. ჯგუფური პრეზენტაცია.