გაკვეთილი 1: რას წარმოადგენს ევროპა?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: რას წარმოადგენს ევროპა?

რა ვიცი ევროპის შესახებ

სწავლის მიზნები მოსწავლეები ავლენენ საკუთარ ცოდნას ევროპის შესახებ და აღმოაჩენენ, თუ რა წარმოდგენა აქვთ მათ ევროპის შესახებ.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები მუშაობენ ევროპის რუკაზე. ისინი მიუთითებენ, საიდან არიან წარმოშობით, რუკაზე დააქვთ ქალაქები და ქვეყნები, რომლებიც იციან, სად მდებარეობს და, აგრეთვე, დროშები და ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლის შესახებაც ისინი ფლობენ ინფორმაციას.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების ასლები, მასზე დატანილი ევროპის რუკითა და ქვეყნების საზღვრების კონტურებით, ფანქრები, წებო, მაკრატლები, ატლასი, წიგნები, ინტერნეტი (თუ ამის საშუალება არსებობს).
მეთოდები დამოუკიდებელი სამუშაო და ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეებს ურიგდებათ ევროპის შესავსები რუკის ნაბეჭდი ასლები (რეკომენდებულია A3 ფორმატის ფურცლებზე დაბეჭდილი). მათი ამოცანა მდგომარეობს იმ ცოდნის გააქტიურებაში, რომლებსაც ისინი უკვე ფლობენ ევროპის შესახებ. მოსწავლეები მუშაობას იწყებენ რუკის ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხების გაცემით.

ამის შემდეგ მასწავლებელი მათ ურიგებს სამუშაო ფურცლებს, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ევროპის ქვეყნებისა და დედაქალაქების, სახელმწიფო დროშების, მდინარეების, მთებისა და რელიეფის შესახებ). მოსწავლეები მუშაობენ მასალაზე და, ამავდროულად, მათ ეძლევათ საშუალება, ინფორმაცია მოიძიონ სხვა რესურსების გამოყენებითაც, რომლებიც ხელმისაწვდომია მათთვის საკლასო გარემოში (ინტერნეტი, ატლასი, წიგნები და სხვ.).

მოსწავლეების მიერ შედგენილი, დასრულებული ევროპის რუკები გამოიფინება საკლასო ოთახის კედელზე.

საშინაო დავალების სახით, მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ევროპის ერთი ქვეყანა და მოიპოვონ ინფორმაცია მასზე. მათ მიერ შერჩეულ ევროპის ქვეყანაზე მასალა უნდა მოამზადონ მე-2 გაკვეთილისათვის. მათ, ასევე, შეუძლიათ, შეარჩიონ პარტნიორი, ვისთან ერთადაც იმუშავებენ შემდეგ გაკვეთილზე. იდეალურ შემთხვევაში, პარტნიორებად უმჯობესია შევარჩიოთ მოსწავლეები, რომელებიც ერთმანეთის მეზობლად მდებარე ქვეყნებს ირჩევენ.