შესავალი

Living Democracy » Textbooks » შესავალი

1. რას გვთავაზობს წინამდებარე წიგნი?

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს 47 სავარჯიშოსა და მოდელისგან შემდგარ კრებულს და განკუთვნილია სკოლებსა და არაფორმალური განათლების დაწესებულებებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისთვის. მოცემული სასწავლო მოდელები  ხელსაყრელ გარემოს ქმნის მოსწავლეთა აქტივობისთვის, სთავაზობს მათ მაგალითებს და გზას უკვალავს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპების აღქმისკენ (ინდუქციური მეთოდი, პრაქტიკული სწავლება).

როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოთი სარგებლობისას მიხვდებით, მოდელთა უმეტესობა მცირე და მარტივ რესურსებს მოითხოვს (დაბალი ბიუჯეტის პრინციპი).

ამ მოდელთა მორგება ხდება გაკვეთილის, ან არა უმეტეს ოთხი გაკვეთილისგან შედგენილი თავის  კონტექსტზე; მოდელები, ჩვეულებრივ, სამ საფეხურს მოიცავს:

  1. გაკვეთილი ან თავი იწყება შესავლით, სადაც მოცემულია გაკვეთილის თემის, დანიშნულებისა და მიზნების განმარტება. მოსწავლეები ამ ეტაპზე ინტერესს იჩენენ თემისადმი.
  2. მოსწავლეები იღებენ ინსტრუქციას იმის თაობაზე, თუ როგორ შეასრულონ სავარჯიშო და, ასევე, იღებენ საჭირო მასალას. ამის შემდეგ ისინი შეუდგებიან ამოცანის შესრულებას.
  3. ეს არის აზროვნების, განხილვისა და ინსტრუქციების მიღების ეტაპი, რომლის დროსაც გამოიყენება მარტივი მეთოდები, როგორიცაა მოსწავლეთა რეაგირება, ჯგუფური განხილვა, კრიტიკული აზროვნება და მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იმ ძირითადი ცნებების გაცნობა, რომელიც საფუძვლად უდევს მოდელს. ამ მესამე ეტაპის გარეშე მოსწავლეებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი მხოლოდ თამაშობენ.

პირველი და მესამე ეტაპები არ ემსახურება მოდელის პრეზენტაციას (ეტაპი 2). სახელმძღვანელოში შესული თავების წინასიტყვაობებში მოკლედ არის აღწერილი ის ძირითადი ცნებები და საკითხები, რომელიც მოცემული სავარჯიშოების არსს წარმოადგენს. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მასალას, რომელიც მესამე ეტაპზე გამოგადგებათ. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია გამოცდილი მასწავლებლებისთვის, რომლებიც მზად არიან, დიდი დრო დაუთმონ გაკვეთილისთვის მზადებას. მზადება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მესამე ეტაპის ყურადღებით და გულდასმით დაგეგმვას: რა ინფორმაციას მომაწვდიან ჩემი მოსწავლეები? რა ემოციებს აღძრავს ეს სავარჯიშო მათში? რა არის ძირითადი ცნება, რომელსაც ჩემი მოსწავლეები ადვილად აღიქვამენ?  როგორ მივაწოდო ეს ცნება მათ? როგორ შეძლებენ ისინი მის შემდგომ გამოყენებას?

იმას, თუ რომელ კითხვებს აირჩევს მასწავლებელი და როგორ უპასუხებს მათ, განაპირობებს მოსწავლეთა ჯგუფის რაგვარობა, მათი ასაკი და კულტურა. აქ მოყვანილი ზოგიერთი მოდელის მაგალითები ჩვენ შემოგთავაზეთ სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სერიით გამოცემულ  სხვა წიგნებში, სადაც  მოცემული იყო დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს მოდელები.

სახელმძღვანელოში შესული სავარჯიშოები გათვლილია მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე. ზოგიერთი მოდელი უფრო კომპლექსური და აბსტრაქტულია და, გამომდინარე აქედან, გათვლილია უფრო წარმატებულ მოსწავლეებზე.

2. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, ერთიანი ევროპული მიდგომა

სახელმძღვანელოში შესულ მოდელებში სწავლებისა და სწავლის განსხვავებული მიდგომები და მეთოდებია გამოყენებული. ზოგიერთი მათგანი რეალურ გამოცდილებაზეა აგებული (მაგ. „ყვავილების თაიგული“ ან „ასაწყობი სურათი“). სხვა მოდელები მოსწავლეების მხრიდან როლების თამაშს გულისხმობს (მაგ. „ტურისტები“). აქვე შესულია მესამე კატეგორიის სავარჯიშოებიც, რომლებიც გარკვეულ თემას მოიცავს და მასალის შესწავლას მოითხოვს (მაგ. „პოლიტიკური აზროვნების ძირითადი ცნებები“). დასასრულს, სახელმძღვანელო მოსწავლეებს სთავაზობს პროექტებში მონაწილეობას, რომლის შედეგიც არის მათ მიერ შექმნილი პროდუქტი (მაგ. „ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი პოსტერი“).

გამოყენებულ მეთოდთა მრავალფეროვნება მეტყველებს იმაზე, რომ ამ წიგნის ავტორები არიან გამოცდილი სპეციალისტები ევროპის ყველა კუთხიდან, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სახელმძღვანელოს შექმნაში, სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა წყაროსა და ტრადიციის მოწოდებით და იმ მოდელების შერჩევით, რომელთა მართებულობაც დამტკიცებულ იქნა მათი პრაქტიკული გამოცდილებით. მიუხედავად ამისა, წიგნის ყველა ნაწილი დასტურია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისადმი ერთიანი მიდგომისა: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გამოყენებული მეთოდი შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ამ პრინციპების სულისკვეთებით უნდა ხორციელდებოდეს, რაც ნიშნავს დემოკრატიის სწავლებას ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებით. სწორედ ამ მიზნით, მოდელები აგებულია პრაქტიკული სწავლისა და პირადი გამოცდილების პრინციპებზე. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ამგვარ აღქმას ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს ერთიანი ევროპული მიდგომა.

ამ წიგნის თავდაპირველი გამოცემა შეიქმნა როგორც დამხმარე სახელმძღვანელო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში, მასწავლებელთა დახელოვნების მიზნით გამართული სემინარებისათვის, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, ომის (1992–1995 წლები) შემდგომ პერიოდში. 1996 წლიდან მოყოლებული, 2006 წლამდე ევროპის საბჭო აქტიურად იყო ჩართული მასწავლებელთა დახელოვნების საქმიანობაში და რეგულარულად აწყობდა სემინარებს, რომელთა მიზანიც ომის შემდგომ პერიოდში მშვიდობის დამყარების პროცესის ხელშეწყობა იყო. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებამ უნდა გაამხნეოს ახალგაზრდა თაობა, რათა მათ შეძლონ, შექმნან პოლიტიკური კულტურა, რომელზეც თანამედროვე პლურალისტული და ტოლერანტული საზოგადოების კეთილდღეობა იქნება დამოკიდებული, თავისი მყარი დემოკრატიული ინსტიტუციებით.

პირველი ორი წლის განმავლობაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, ამ წიგნის ავტორები ზაფხულობით მასწავლებელთა დახელოვნების ორკვირიან სემინარებზე იყრიდნენ თავს. ჩვენ დავრწმუნდით, რომ მასწავლებლები იყვნენ მოწადინებული, მიეღოთ ის გამოწვევა, რომელსაც მათ მოსწავლეებისთვის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება სთავაზობდა. ამისთვის სახელმძღვანელო მასალა სჭირდებოდათ, რომლის დახმარებითაც შეძლებდნენ აღებული ვალდებულებების უკეთ შესრულებას. ერთ წელიწადში მზად იყო ამ წიგნის პირველი გამოცემა, რომელიც მალევე გახდა ცნობილი „ლურჯი ბროშურის“ სახელით, რაც ასოცირდებოდა ევროპის საბჭოსთან და ფართოდ გამოიყენებოდა მასწავლებლების მიერ არა მარტო ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მოლდავეთში, ხორვატიაში, სერბეთსა და მონტენეგროში. მასწავლებლებმა, რომლებიც სარგებლობდნენ ამ წიგნის პირველი გამოცემით, დიდი წვლილი შეიტანეს მისი გაუმჯობესებული ვერსიის გამოცემაში 2000 წელს. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ბევრი მასწავლებელი პრაქტიკული სწავლისა და კომბინირებული, პრაქტიკული და კონცეპტუალური სწავლება–სწავლის (როგორც ეს ზემოთ მოცემულ სამსაფეხურიან მოდელში გამოჩნდა) განხორციელებისას დახმარებასა და სახელმძღვანელო მასალას საჭიროებდა.

ჩვენ ამ საჭიროების პასუხად შევქმენით სწავლების მოდელები, სადაც დეტალურად არის მოცემული ოთხი გაკვეთილისგან შემდგარი სწავლების ციკლის აღწერა. ამ მოდელთა ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ წიგნთა სერიაში, წიგნი III, IV და V.

ამ გამოცემაში მოცემული დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მოდელები სცდება იმ ვიწრო ჩარჩოებს, რომლისთვისაც იგი თავდაპირველად შეიქმნა – ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში მაშინ არსებული კონტექსტის ჩარჩოებს. ვინაიდან სწავლების აქ მოცემული მოდელები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისადმი ერთიან ევროპულ მიდგომას გამოხატავს, მისი გამოყენება შესაძლებელია ევროპის მასშტაბით და, მაშასადამე, მსოფლიო მასშტაბითაც. ამ წიგნში შესულ თითოეულ ნაწილს სხვადასხვა ავტორი ჰყავს, რომელთაგანაც ყველამ თანაბარი წვლილი შეიტანა სახელმძღვანელოს შექმნაში. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შეირჩეს და ტრადიციასა და კულტურაზე იქნას მორგებული ის მეთოდები და მიდგომები, რომელთაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისადმი ერთიანი ევროპული მიდგომა გვთავაზობს.

გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ ავტორთა მიმართ იმ წვლილის გამო, რომელიც მათ ამ წიგნის შექმნაში შეიტანეს. ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ მასწავლებლებს, მეთოდისტებს, ტრენერებს და განათლების სპეციალისტთა გუნდს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, რომლებიც იყვნენ პირველნი, ვინც პრაქტიკაში დანერგა წიგნში შესული მოდელები და მნიშვნელოვანი მოსაზრებები მოგვაწოდა მათ დახვეწასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით ქ–ნ ილაფსდოტირსა და ქ–ნ სარა კითინგ–ჩეთვინგს ევროპის საბჭოდან, იმ გულმოდგინებისა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მათ მთელი ამ პროექტის განხორციელების მანძილზე გამოიჩინეს; შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) განათლების საერთაშორისო პროექტის შემუშავებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის;  ციურიხის უნივერსიტეტის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ცენტრს, რომელიც ხელმძღვანელობდა პროექტის განხორციელებას. და ბოლოს, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ სარაევოში ევროპის საბჭოს პროექტების კოორდინატორის ბ–ნ ემირ ადზოვიჩის წვლილი, რომელმაც უდიდესი დახმარება აღმოგვიჩინა გორაზდეში, სარაევოში, ბანჯა ლუკასა და სხვა ტერიტორიებზე სემინარების ორგანიზების საკითხში, რომლის ფარგლებშიც გაჩნდა და განხორციელდა იდეა ამ წიგნის თავდაპირველი ვერსიის შექმნისა და რისი შედეგიც არის წინამდებარე სახელმძღვანელო.

ციურიხი და ვეინგარტენი, 2008 წლის ივლისი

როლფ გოლობი

პიტერ კრაფი