სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლა

Living Democracy » Textbooks » სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლა

1. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, დიდაქტიკის ძირითადი საკითხები

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში, ისევე როგორც ზოგადად სწავლების პროცესში, მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია გააცნობიეროს მიზნები და ნათლად განმარტოს მიზეზები იმ არჩევანისა, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და იმ პრიორიტეტებისა, რომელიც უნდა იქნეს დასახული.

1. რა ცოდნა უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლის პროცესში?

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორც მოქალაქეებმა. მათ სჭირდებათ გამოიმუშაონ:

  • პოლიტიკური ანალიზისა და შეფასება/განსჯის კომპეტენცია, როდესაც მათ უწევთ პოლიტიკური პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტა;
  • პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის კომპეტენცია;
  • მთელი რიგი მეთოდიკის გამოყენების უნარი.

2. რისთვის სჭირდებათ მოსწავლეებს დაეუფლონ ამ კომპეტენციებს?

დემოკრატია დამოკიდებულია მოქალაქეებზე, რომელთაც გააჩნიათ სურვილი და უნარი მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დასაქმდნენ და ვალდებულებები აიღონ საზოგადოებრივ დაწესებულებებში. მოსწავლეებს სჭირდებათ ეს კომპეტენციები და უნარები, რათა მათ შეძლონ ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დაცვა და საკუთარი ფუნქციების და აღებული ვალდებულებების შესრულება, როგორც აქტიურმა მოქალაქეებმა (ვსწავლობთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის).

3. ამას მივყავართ შემდეგ კითხვამდე. თუ ეს არის ის, რაც ახალგაზრდა მოქალაქეებმა უნდა ისწავლონ – სწავლის შედეგების თვალსაზრისით – რა უნდა იღონონ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში მონაწილე მასწავლებლებმა, რათა ეს შედეგი გარანტირებული იყოს?

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში მონაწილე  მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა მიაწოდონ ის, რაც უზრუნველყოფს მათი მოსწავლეების:

  • ცოდნას და სწავლისადმი კონცეპტუალურ მიდგომას – ვსწავლობთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ;
  • უნარების გამომუშავებას;
  • მასწავლებელი ასევე თავად უნდა იყოს მაგალითი და სწავლისთვის შექმნას ისეთი გარემო, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების თვალსაზრისით, რომელიც ესადაგება დემოკრატიულ კულტურას (ტოლერანტობა, ურთიერთპატივისცემა, ადამიანის უფლებებისადმი ღირსეული დამოკიდებულება) – ვსწავლობთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფუძვლებზე.

4. ზემოთმოყვანილ სამ საკითხზე უკვე ვიმსჯელეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს შესავალში. თუმცა, რჩება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: როგორ ითვისებენ მოსწავლეები მათთვის მიწოდებულ მასალას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში?

როგორც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში მონაწილე მასწავლებლებს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი მოსწავლეების სწავლის პროცესი და როგორ შეგვიძლია ჩვენ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. რათა პასუხი გაგვეცა იმ კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი მოსწავლეების სწავლის პროცესი, ჩვენ ავირჩიეთ  ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლის კონცეპტუალური ჩარჩო. ამ მიდგომის საშუალებით ჩვენ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფუძვლებზე სწავლებას ვუკავშირებთ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებს.  დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი არსებითად სწავლის კოლექტიური პროცესია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჯონ დიუიმ სკოლას უწოდა „მინიატურული საზოგადოება, საზოგადოება ემბრიონულ ფაზაში“.2 ამ თავში ჩვენ შევეცდებით დავამტკიცოთ ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლის პრიორიტეტულობა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მეთოდი ეხმარება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში მონაწილე მასწავლებელს უკეთ გაიგოს:

  • მოსწავლეების მიერ, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში, მათთვის მიწოდებული მასალის ათვისების პროცესი;
  • მათი, როგორც მოსწავლეთათვის სწავლის პროცესში ხელშემწყობის როლი;
  • დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება არის კოლექტიური სწავლის პროცესი.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება და სწავლა ისევე, როგორც პოლიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში, შეიძლება განხილულ იქნეს კონსტრუქტივისტულ ჭრილში. ეს შესაძლებელია და სასარგებლოც, გამომდინარე იმ სტრუქტურული ანალოგიიდან, რომელიც არსებობს კონსტრუქტივისტულ სწავლებასა და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებას შორის. როგორც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილები, ასევე დემოკრატიული საზოგადოებები, წარმოადგენენ, ან სულ მცირე, უნდა წარმოადგენდნენ შემსწავლელთა საზოგადოებებს, რომლებიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა დაცვას. აქედან გამომდინარე ინტერაქტიული კონსტრუქტივიზმი ამყარებს  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად მიდგომას – ვასწავლით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძვლებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ: ასეთი სწავლება სასარგებლოა, ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვას და ამავდროულად აკმაყოფილებს მოსწავლეებისა და მოქალაქეთა მოთხოვნილებებს განათლებაზე.

თეორია გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული მაგალითით. ამიტომ, შემდგომ თავში მოყვანილია მაგალითი იმისა, თუ ბავშვთა უფლებების სწავლების პროცესში რამდენად შედეგიანია ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლა.

2. ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლის მაგალითი – მოსწავლეები წარმოიდგენენ მათთვის იდეალურ მსოფლიოს

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ,  V წიგნში, ვიკვლევთ ბავშვთა უფლებებს, შესულია თავი, რომელიც მოიცავს ოთხ გაკვეთილს, მესამე კლასელი მოსწავლეებისთვის, სათაურით „ჩვენ ჯადოქრები ვართ!“.3 სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან საკუთარი სურვილები და აზრები, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო, ხოლო შემდგომი განხილვისას ისინი იკვლევენ მათთვის იდეალურ მომავალ მსოფლიოზე მათი წარმოდგენების მორალურ და პოლიტიკურ შედეგებს.

პირველი გაკვეთილი შემდეგნაირად იწყება:

„მასწავლებელი დაფაზე ხატავს ორ ფიგურას: ჩვეულებრივ ადამიანს, ქალს ან კაცს და ჯადოქარს.

შიმშილი V4_P20
სიღარიბე
მოწყენილობა
დაბადების დღე

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, ისინი ასევე ხატავენ ორ ფიგურას და ცდილობენ ერთად უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

  • როგორ მოქმედებს ჩვეულებრივი ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში?
  • როგორ მოქმედებს ჯადოქარი იგივე სიტუაციაში?

რამდენიმე წუთის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ნახევარწრედ განალაგებს დაფის წინ, რათა არც ერთ მათგანს არ ჰქონდეს შეზღუდული მხედველობის არეალი (მრავალრიცხოვან კლასებში შესაძლებელია მოსწავლეების ორმაგ ნახევარწრედ განლაგება). მასწავლებელს ყველა მოსწავლის პასუხი გადააქვს დაფაზე სიის სახით – ყოველგვარი კომენტარისა და მსჯელობის გარეშე. გთავაზობთ შემდეგ ცხრილს მოსწავლეთა მოსაზრებების დასატანად.

მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას მიაპყრობს გადაწყვეტილებებისკენ და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საკუთარი კომენტარი გააკეთონ ამ გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა წარმოიშობა ახალი კითხვები! მასწავლებელს სურს შეიტყოს:

  • შეგიძლიათ აღმოაჩინოთ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო კეთილმა ან ბოროტმა ჯადოქარმა?
  • ბოლოს როდის ინატრეთ რომ ჯადოქარი ყოფილიყავით, და რისი შეცვლა გსურდათ?
  • რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება ამჟამად?

მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და ყველა მათგანს ამხნევებს. (…)“

ეს მაგალითი გვიჩვენებს ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტს იმისა, თუ როგორი ურთიერთობა ყალიბდება მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის კონსტრუქტივისტული სწავლის გარემოში.

მასწავლებელი … მოსწავლეები …

… მოსწავლეებს აძლევს ისეთ დავალებას, რომელიც:

– მოსწავლეებისგან მოითხოვს სხვადასხვა პერსპექტივების განხილვა–გაზიარებას (რეალობა–უტოპია)

– იცავს მოსწავლეების აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას.

… მოსწავლეთა მოსაზრებები გადააქვს დაფაზე;

… ამატებს სტრუქტურებს (ძირითადი სიტყვები და ცნებები);

… რეაგირებს რა მოსწავლეთა პასუხებზე, იყენებს იმპროვიზაციის უნარს;

… სვამს კითხვებს, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება მიაკვლიონ თავიანთი მოსაზრებების მიზეზებსა და განსაზღვრონ მათი შედეგები;

… ამხნევებს მოსწავლეებს და  მათ პასუხებს დადებით შეფასებას აძლევს.

… აყალიბებენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს;

 

 

 

 

 

… გამოთქვამენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს;

(მაგალითში მათ მოსაზრებებს გააჩნია როგორც პიროვნული ასევე პოლიტიკური განზომილება)

… ფიქრობენ თავიანთ სურვილებზე და რეალურ ცხოვრებაში ამ სურვილების განხორციელების შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებზე;

… პოულობენ სხვაობას კეთილ და ბოროტ ჯადოქრობას შორის.

კონსტრუქტივისტული სწავლის ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში:

  • როგორ აღიქვამენ მოსწავლეები მსოფლიოს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ?
  • როგორ განიხილავენ ისინი იმას, რაც მათ გარშემო ხდება?
  • რას შეცვლიდნენ ისინი, რომ შეეძლოთ?
  • რა წარმოადგენს მათ ყველაზე დიდ საზრუნავს – რომელი პრობლემა აწუხებთ მათ ყველაზე მეტად?
  • რომელ მოსაზრებებს იზიარებენ ისინი საკლასო გარემოში – რითი განსხვავდება მათი მოსაზრებები?
  • აშკარაა, რომ მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე, რაც  მსოფლიოში ხდება და აფასებენ მიმდინარე მოვლენებს, და მათი შეფასებები დიდად განაპირობებს იმას, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი და როგორ ჩაერთვებიან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში.4

კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ გამოვიდნენ ექსპერტების როლში. სწავლის პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებულია და ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რაც მოსწავლეებმა უკვე იცინ, და არა იმაზე, რაც მათ არ იციან. ჯადოქრის როლში, ყველა ბავშვს გააჩნია, და აქვს შესაძლებლობა სხვასაც გაუზიაროს, საკუთარი მოსაზრება და ამ შემთხვევაში არ მოქმედებს „მართებულის და მცდარის“ სტანდარტი. ნაცვლად ამისა მნიშვნელოვანია ის მიზეზი, თუ რატომ უჩნდება ამა თუ იმ ბავშვს ესა თუ ის მოსაზრება – მათი რა გამოცდილება განაპირობებს ამ მოსაზრებების ჩამოყალიბებას? რა ადარდებს მათ? რა არის ბიჭების ან გოგოების სურვილები და მოთხოვნილებები? კონსტრუქტივისტული სწავლა ითვალისწინებს ინდივიდუალური მოსწავლის პერსპექტივასა და სწავლისა და აზროვნების პროცესს.

კონსტრუქტივისტული სწავლა წარმოადგენს ადამიანის და ბავშვთა უფლებების დაცვის მაგალითს –  თავისუფალი აზროვნება, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება; თანაბარი შესაძლებლობები; ურთიერთაღიარებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპები; და განათლების მიღების უფლება.

კონსტრუქტივისტული სწავლის გარემოში, მასწავლებლის მოვალეობაა დაეხმაროს მოსწავლეებს სხვადასხვა გზით – იგი აწვდის მოსწავლეებს პრაქტიკულ დავალებას ან წამოჭრის პრობლემას, პატივს სცემს და იცავს მოსწავლეების  თავისუფლებისა და თანასწორობის უფლებებს, აძლევს მოსწავლეებს მითითებებს, დირექტივებს (ცნებებს) და ამხნევებს მათ. მასწავლებლისთვის უცნობია, თუ რა პასუხს მიიღებს მოსწავლეებისგან და მზად არის იმუშაოს მოსწავლეებისგან მიღებული პასუხების შესაბამისად (იმპროვიზაცია). მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ და შეადარონ საკუთარი მოსაზრებები, და ხშირად მათთვის შერჩეული თემები და დავალებები აიძულებს მათ დაამყარონ ურთიერთგაგება ან მიიღონ გადაწყვეტილება. მასწავლებელი მხოლოდ ხელშემწყობის ფუნქციას ითავსებს; მას შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს მოსწავლეთა სწავლის პროცესის შედეგები, მაგრამ სრული სიზუსტით ვერ განსაზღვრავს მათ.

კონსტრუქტივისტული სწავლა უფრო ხელს უწყობს კომპეტენციების განვითარებას, ვიდრე მოსწავლეების მიერ ფაქტების დამახსოვრებას და ინფორმაციის ათვისებას. კონსტრუქტივისტული თვალსაზრისით, ნებისმიერი, ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის გარშემო ჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა განხორციელდეს სწავლის პროცესი ცალკეული ფაქტების დამახსოვრებით, თუ არ მოხდა მათი გაგება და შეფასება.

სახელმძღვანელოს შემდეგ თავში უფრო დეტალურად არის განხილული ეს საკითხი, სადაც  პარალელია გავლებული ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლის თეორიის ზოგიერთი ასპექტსა და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების კონსტრუქტივისტულ კონცეფციას შორის.

3. ყველა ადამიანი თავისებურად სწავლობს – „ჩვენ ვქმნით მსოფლიოს ჩვენს საკუთარ გონებაში“

როდესაც წიგნში რაიმე ისტორიას ვკითხულობთ, ჩვენს გონებაში ფილმის მსგავსი წარმოსახვა იქმნება. ჩვენ ვამატებთ დეტალებს ან სცენებს, რომლებზეც ავტორი მიგვანიშნებს ან რომელზეც არაფერს ამბობს, ჩვენ შეგვიძლია პერსონაჟთა სახეებიც კი შევქმნათ წარმოსახვაში. ზოგიერთი ისტორია იმდენად ღრმად აღწევს ჩვენს წარმოსახვაში, რომ ამ ისტორიაზე გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ იმედგაცრუებულები ვრჩებით, ვინაიდან ჩვენს წარმოსახვაში გაცილებით უკეთესი ფილმი შევქმენით, რომელიც უნიკალურია, ვინაიდან ყოველი ადამიანი თავის გონებაში ერთი და იგივე ისტორიაზე სხვადასხვა „ფილმს“ ქმნის.

ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია „შევქმნათ მსოფლიო ჩვენს გონებაში“. მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ის მსოფლიო, როგორადაც ჩვენ მას აღვიქვამთ – იგი შედგება წარმოდგენებისა და გამოცდილებებისაგან, ცნებებისა და შეფასებებისაგან, რომელთა ავტორებიც ჩვენ თვითონ ვართ. სწავლისა და შემეცნების პროცესში, ადამიანი ცდილობს მისცეს ფორმა იმას, რაც მას ესმის და რასაც ის კითხულობს – მას სურს კარგად გაიგოს ის, რასაც სწავლობს. ერთერთმა მკვლევარმა, რომელიც ადამიანის ტვინს იკვლევდა, იგი დაახასიათა როგორც „მანქანა, რომელიც მნიშვნელობების ძიებაშია“. რაღაც უნდა მოვუხერხოთ იმას, რაც აზრს არ ქმნის. თუ ინფორმაცია გამოტოვებულია, ჩვენ ან ვეძებთ მას, ან ვავსებთ მას ვარაუდით. სტერეოტიპები რთული საკითხების გამარტივებაში გვეხმარება.5

მასწავლებლები გამოცდილებით აღმოაჩენენ ხოლმე, რომ როდესაც ისინი ლექციას ატარებენ, ყოველი სტუდენტი ითვისებს და იმახსოვრებს ერთგვარად სხვადასხვა მესიჯს. ზოგი სტუდენტის მეხსიერებაში ინფორმაცია დიდ ხანს რჩება, იმიტომ, რომ მათთვის ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო ზოგს იგივე ინფორმაცია უკვე მეორე დილით აღარ ახსოვს, ვინაიდან მათთვის ამ ინფორმაციას არ ჰქონდა მნიშვნელობა. კონსტრუქტივისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება სტუდენტის გონებაში.

კონსტრუქტივიზმი სწავლის პროცესს აღიქვამს, როგორც აბსოლუტურად ინდივიდუალურ პროცესს:

  • მოსწავლეები აყალიბებენ მნიშვნელობას. ახალი ინფორმაციის დაკავშირება ხდება იმასთან, რაც მოსწავლემ უკვე იცის ან რაც გაიგო.
  • მოსწავლეებს, რომლებიც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მოდიან, საკუთარი ინდივიდუალური ბიოგრაფია და გამოცდილება აქვთ.
  • სქესი, კლასი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა თუ რელიგია ყოველ მათგანს ინდივიდუალურ თვალთახედვას უყალიბებს.
  • ჩვენ ინტელექტის სხვადასხვა ფორმის მატარებელი ვართ, რაც სცდება საყოველთაოდ მიღებულ გაგებას იმის თაობაზე მათემატიკაში ხარ ძლიერი თუ ენების ათვისებაში.6
  • არ არსებობს პიროვნული თუ პოლიტიკური მართებულობის აბსოლუტური სტანდარტი. ადამიანისთვის პრობლემად იქცევა ის, რასაც იგი პრობლემად აღიქვამს, მსმენელის გონება ირჩევს დაიმახსოვროს თუ დაივიწყოს ინფორმაცია.

4. კონსტრუქტივისტული სწავლა და სოციალური ურთიერთობა

აქამდე ჩვენ განვიხილეთ ინდივიდუალური მოსწავლის პერსპექტივა. მოსწავლეები ეძებენ მნიშვნელობას, მაგრამ მოსწავლეები ასევე უშვებენ შეცდომებს. როგორ უნდა გავასწოროთ მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომა? კონსტრუქტივისტული მიდგომით, მოსწავლემ თავად უნდა განახორციელოს არასწორი მოსაზრების დეკონსტრუქცია და თავადვე მოახდინოს მისი რეკონსტრუქცია მართებულ მოსაზრებად. მაგრამ, როგორ უნდა მიხვდეს ინდივიდუალური მოსწავლე, რომ მან შეცდომა დაუშვა? არსებობს ორი გზა, თუ როგორ უნდა აღმოფხვრას მოსწავლემ ხარვეზები და გამოასწოროს შეცდომები.

პირველი, ჩვენ ჩვენს შეცდომებს თავად აღმოვაჩენთ, მივხვდებით რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრობლემას არ ჭრის ან ჩვენს მიერ წამოყენებული არგუმენტი აზრს არ ქმნის.

მეორე, ჩვენ სხვებისგან ველოდებით ჩვენს შეცდომებზე შენიშვნებს და ხშირად მათგან დახმარებასაც ველით.

კონსტრუქტივისტული სწავლა, აქედან გამომდინარე, არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პროცესი. მას აგრეთვე გააჩნია მეორე, ასევე მნიშვნელოვანი, კოლექტიური სწავლის განზომილება. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს, ერთმანეთთან და მასწავლებელთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საშუალებით. ამიტომაც ვუწოდეთ ჩვენს კონცეფციას ინტერაქტიული კონსტრუქტივისტული სწავლა.

ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზე გამოსახულია კონსტრუქტივისტული სწავლის ინდივიდუალური და სოციალური დონე; ეს არის კონსტრუქტივისტული სწავლის სოციალური განზომილება.

დიაგრამაზე ასევე ნაჩვენებია, რომ მოსწავლეებს მუდმივად აქვთ კავშირი გარე სამყაროსთან. როდესაც ისინი საკუთარ მოსაზრებებისა და გეგმების მართებულობას ამოწმებენ, სწორედ გარე სამყაროზე არიან დამოკიდებულნი. ეს არის კონსტრუქტივისტული სწავლის სუბიექტ–ობიექტის განზომილება.

როგორც მოსწავლეები საკლასო ოთახში, ასევე მოქალაქეები დემოკრატიულ სახელმწიფოში ურთიერთობენ ერთმანეთში, როგორც მოსწავლეთა საზოგადოება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჯონ დიუიზე, რომელიც სკოლას „მინიატურულ საზოგადოებას, საზოგადოებას ემბრიონულ ფაზაში“ უწოდებდა.7 აქედან გამომდინარე, ურთიერთობა, რომელსაც სკოლაში მოსწავლე ამყარებს სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებელთან რეალური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს და არა ხელოვნურად შექმნილ გარემოს, რომელიც მათ მომავალი რეალური ცხოვრებისთვის ამზადებს.

როგორც პოლიტიკაში, ასევე სკოლაში, ყოველთვის არიან წევრები, რომლებიც გამოცდილებით, ცოდნით, აღქმის უნარით და ასევე ძალაუფლებით სხვებზე მაღლა დგანან – მასწავლებლები, პოლიტიკური ლიდერები, მენეჯერები, მეცნიერები და ა.შ. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებაში, არც ერთი ამ პირთაგანი არ ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას. დემოკრატია და კანონის უზენაესობა გარკვეულწილად ზღუდავს ნებისმიერი მათგანის ძალაუფლებას, და ეს შეზღუდვა გამოიხატება შრომის გადანაწილებით, რომელიც ყველას თავისი მოღვაწეობის სფეროს განუსაზღვრავს.

თუმცა, სერიოზული საფრთხე ექმნება დემოკრატიის პრინციპს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. რაც უფრო რთული ხდება საზოგადოებები, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, და რაც უფრო რთულად გადასაჭრელი პრობლემები წარმოიშობა, მით ურო მეტად ხდება ინდივიდუალური მოქალაქე დამოკიდებული საკუთარ კომპეტენციებზე, რათა მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, განათლება არის ის კარიბჭე, რომელიც საშუალებას აძლევს ზრდასრულ მოქალაქეს გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და მონაწილე.

5. მასწავლებლის როლი კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში

მოსწავლეები მნიშვნელობის ძიებაში არიან და ყოველი მოსწავლე ამ ძიებას ინდივიდუალურად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გზით ახორციელებს.  მოსწავლე ახალ ინფორმაციას – ახალ ამბავს, ლექციაზე მოსმენილ ინფორმაციას, წიგნში ამოკითხულ საინტერესო მოსაზრებას და ა. შ. – მის გონებაში არსებულ ცოდნისა და გამოცდილების სისტემებთან აკავშირებს. კონსტრუქტივიზმი ნიშნავს, რომ ჩვენ ცოდნის, აღქმისა და გამოცდილების საკუთარ სისტემებსა და სტრუქტურებს ვქმნით.

კონსტრუქტივიზმის თვალსაზრისით, კარგად ცნობილი დიდაქტიკური სამკუთხედი ახალ მნიშვნელობას იძენს:

სამწახნაგოვან ურთიერთობებში მესამე მხარე ხანდახან გამოირიცხება. კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში, ეს მესამე მხარე არის მასწავლებელი. სწორედ მოსწავლეა ის, ვინც აყალიბებს შესასწავლი ობიექტის მისეულ აღქმას. მნიშვნელობის ჩამოყალიბება ხდება მოსწავლის გონებაში, რაც სცდება მასწავლებლის აღქმის ფარგლებს. ის, რასაც მასწავლებელი ხედავს, არის შედეგი – რას ქმნის მოსწავლე და როგორია მისი მოქმედება. მასწავლებელი ხედავს მის ქმედებას და ვერ ხედავს, თუ რა კომპეტენციას ფლობს იგი. და საბოლოოდ მხოლოდ სტუდენტი წყვეტს და არა მასწავლებელი, თუ რა აინტერესებს მას და რისი სწავლა ღირს, და რა ემახსოვრება მას მთელი ცხოვრების მანძილზე და რას დაივიწყებს.

კონსტრუქტივისტული სწავლა შეიძლება დავყოთ სამ ქვეკატეგორიად, და ამ შემთხვევაში მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მხარდაჭერის თვალსაზრისით.

  1. მოსწავლეები აყალიბებენ მნიშვნელობას – ისინი აღმოაჩენენ და ქმნიან რაღაც ახალს. მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მათ:
    • შექმნას სწავლის შესაძლებლობები;
    • დაუსახოს მათ რთული და სააზროვნო ამოცანა;
    • მიაწოდოს მათ საშუალებები ინფორმაციის სახით, მისცეს მათ მიმართულება (ლექცია შესასწავლ ობიექტზე)
    • გაამხნევოს და ხელი შეუწყოს მოსწავლის თვითშეფასების ამაღლებას;
  2. მოსწავლეები ახდენენ შეძენილი ცოდნის რეკონსტრუქციას – ისინი იყენებენ შეძენილ ცოდნას და სცდიან მას. ზოგადად ყველა ჩვენთაგანი მიმართავს მსგავს ხერხს, მაგრამ სკოლაში ამ პროცესის ხელშემწყობი არის მასწავლებელი:
    • მოსწავლეებს აძლევს მოსაზრებების გაზიარების, პრეზენტაციისა და დისკუსიის შესაძლებლობებს;
    • ფორმალურად ატარებს ტესტირებებს და ახდენს მოსწავლეთა შეფასებას;
    • მოსწავლეებს სთავაზობს ან მოითხოვს პორტფოლიოს შექმნას;
    • აძლევს მოსწავლეებს რთულ დავალებებს, მაგალითად პროექტის სახით;
  3. მოსწავლეები არღვევენ მათ მიერვე შექმნილ კონსტრუქციებს ან აკრიტიკებენ თავიანთ ან ერთმანეთის შედეგებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიტიკული შეფასებისა და ტესტირების ელემენტის გარეშე ნებისმიერი სწავლების მცდელობა შეუსაბამო ხდება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავად ინდივიდუალური მოსწავლისთვის.

6. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, მასწავლებლის როლი

სწავლებისა და სწავლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს ის, თუ როგორ ურთიერთობენ და ამყარებენ კომუნიკაციას მოსწავლეები ერთმანეთთან და მასწავლებელთან. მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია საშუალებას აძლევს მას გააცნობიეროს და განსაზღვროს, რა იქნება გარკვეული ქმედების შედეგი და ეს ქმედებები გამოიყენოს, როგორც საშუალებები. მასწავლებელი გვევლინება სხვადასხვა ამპლუაში და მისი როლი გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ტრადიციულ, შინაარსზე ორიენტირებულ კლასში, სადაც იგი წამყვანი ინსტრუქტორის ფუნქციას ასრულებს („ცარცი და საუბარი“). ინსტრუქტორის როლი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელსაც მასწავლებელი ასრულებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლები სიხშირით. კონსტრუქტივისტული სწავლა მასწავლებლისგან მოითხოვს ასწავლოს „ისე, რომ არ ილაპარაკოს“, მეტი დრო და ასპარეზი დაუთმოს მოსწავლეებს.

მომდევნო თავებში მოცემულია ის ოთხი როლი, რომელსაც მასწავლებელი ჩვეულებრივ ასრულებს კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში:

  1. მასწავლებელი – ლექტორი და ინსტრუქტორი.
  2. მასწავლებელი – კრიტიკოსი და კორექტორი.
  3. მასწავლებელი – შემოქმედი და პრაქტიკული დავალების მიმწოდებელი.
  4. მასწავლებელი – პლენალური სხდომის თავმჯდომარე.

აბსტრაქტული მითითებების მიცემის ნაცვლად, თუ როგორ უნდა შეასრულოს მასწავლებელმა ზემოთაღნიშნული როლები, სახელმძღვანელოში მოყვანილ მაგალითებში, რომელიც გაკვეთილის მსვლელობას შეეხება, დეტალურად არის აღწერილი მასწავლებლის ფუნქციები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე.

6.1 მასწავლებელი – ლექტორი და ინსტრუქტორი – ეხმარება მოსწავლეებს  მოსაზრებების ჩამოყალიბება/კონსტრუირების პროცესში

ლექტორის ძირითადი წესი არის პრინციპი „60:40“; 40%, სასურველია უფრო მეტიც, იმისა, რაზეც ლექტორი საუბრობს, ნაცნობი უნდა იყოს სტუდენტებისთვის. ამ ზედმეტი ინფორმაციის გარეშე კონსტრუქტივისტული სწავლა ვერ განხორციელდება.

წინამდებარე სახელმძღვანელოში, ძირითადი ცნებები ქმნის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროგრამის დიდაქტიკურ ხერხემალს. მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ ეს ცნებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი მითითებებს აძლევს მოსწავლეებს ლექციის ან საკითხავი მასალის სახით, შესაძლოა ორივე სახით ერთდროულად. მოსწავლეებისთვის, როგორც კონსტრუქტივისტული სწავლის ობიექტებისთვის, უკვე ცნობილია კონტექსტი, რაზეც მასწავლებელმა უნდა ისაუბროს. ჩვეულებრივ მნიშვნელობის ეს ღია, დაუსრულებელი სტრუქტურა შედგება კითხვებისაგან ან გამოცდილებისაგან, რომელიც ახსნას საჭიროებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია სახელმძღვანელოში მოყვანილი გაკვეთილის აღწერის მაგალითები, სადაც მასწავლებელი ლექტორისა და ინსტრუქტორის როლში გამოდის.

თავი #/ძირითადი კონცეფცია მაგალითები და წყარო მასალიდან
თავი 2 პასუხისმგებლობა გაკვეთილი 4: მასწავლებელი არჩევს თემას, რომელიც დომინირებდა მოსწავლეების დისკუსიაში და აწვდის მათ კონცეპტუალურ ჩარჩოებს თემის განხილვისთვის. მასალა მასწავლებლებისთვის 2.3 წარმოადგენს ლექციის მოდულს, რომელიც ეხმარება მასწავლებელს მოამზადოს საგაკვეთილო მასალა.
თავი 3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი გაკვეთილი 2: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს საყოველთაო კეთილდღეობის ცნებას (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 3ბ).
თავი 4 კონფლიქტი გაკვეთილი 3: მოსწავლეებმა აღწერეს თავიანთი გამოცდილება კონფლიქტურ სიტუაციებში. მასწავლებელი ეხმარება მათ აღიქვან ის პრობლემა, რომელმაც წარმოშვა ეს კონფლიქტი, მოჰყავს რა მდგრადი განვითარების მიზნების მაგალითი (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 4.2).
თავი 4 კონფლიქტი
თავი 5 წესები და კანონი
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ერთ ან ორ გადაწყვეტილების მიღების თამაშში. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს შემაჯამებელ მოხსენებაში აღიდგინონ საკუთარი გამოცდილება და აცნობს მათ მოდერნიზაციის ცნებას (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 5.5).
თავი 6 მთავრობა და პოლიტიკა გაკვეთილი 2: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პოლიტიკური ციკლის მოდელს (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 6.1 და 6.2). წინა გაკვეთილზე სწრაფი, ჯგუფური გამოკითხვის (ბრეინშტორმინგის) დროს მოსწავლეებმა განიხილეს პოლიტიკური დღის წესრიგის შედგენის საკითხი და მზად არიან ამ ინფორმაციის მისაღებად.
თავი 9 მედია გაკვეთილი 1: მოსწავლეებმა გამოთქვეს თუ რომელ გაზეთს ანიჭებენ უპირატესობას. მასწავლებელი მათ მოსაზრებებს აკავშირებს ცენზურის კონცეფციასთან. არა მარტო მედია გამოდის ცენზორის როლში არამედ მისი მომხმარებელიც.
გაკვეთილი 4: მოსწავლეები აღიდგენენ საკუთარ გამოცდილებას მედია გზავნილის ავტორთა როლში. მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს მედიაში ახალი ამბების წარმოებისას გასათვალისწინებელ ორ მნიშვნელოვან მომენტზე: მედიის ყველა გზავნილი განსაკუთრებული ყურადღებით არის შედგენილი და მედიის რედაქტორები და ახალი ამბების მწარმოებლები ცენზორისა და  დღის წესრიგის დამდგენის ფუნქციას ასრულებენ (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 9ა).

6.2 მასწავლებელი – კრიტიკოსი და კორექტორი – ეხმარება მოსწავლეებს მცდარი მოსაზრებების დეკონსტრუირებაში

სახელმძღვანელოში მოცემულ გაკვეთილების აღწერაში მასწავლებლის, როგორც კრიტიკოსის და კორექტორის როლის შემსრულებლის მაგალითები მოყვანილი არ არის – იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ მასწავლებელს ამ როლის შესრულება შეიძლება მოუწიოს ნებისმიერ დროს და ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მასწავლებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა საჭიროებს შესწორება/გამოსწორებას. თუმცა შესაძლებელია ზოგადი მაგალითების განხილვა.

რელევანტურია თუ არა კონკრეტული შეცდომა? სხვა სიტყვებით, აუცილებელია კონკრეტული შეცდომის გასწორება?

უპირატესობას ვანიჭებთ მოსწავლის რეაგირებას: ექნება თუ არა მოსწავლეს საშუალება, მაგალითად პრეზენტაციისა ან დისკუსიის დროს დაშვებული შეცდომა აღმოაჩინოს მოგვიანებით და გამოასწოროს იგი?

თუმცა გარკვეულ სიტუაციებში მოსწავლემ უნდა გამოასწოროს დაშვებული შეცდომა, განახორციელოს ჩამოყალიბებული აზრის დეკონსტრუქცია და მისი რეკონსტრუქცია. მაგალითად, როცა მთელი კლასი და გაკვეთილის მსვლელობა დამოკიდებული მოსწავლის პრეზენტაციაზე.

ურთიერთპატივისცემის პრინციპი: ჩვენ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ერთმანეთის შეცდომები – მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ პიროვნებას. ეს აუცილებელია, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას და გავამხნევოთ ისინი.

სახელმძღვანელოს მე–8 თავი გვთავაზობს დებატებს მოსწავლეებს შორის, სადაც მოსწავლეები ერთმანეთის მოსაზრებებს კრიტიკულად განიხილავენ და ახორციელებენ იმ მოსაზრებების დეკონსტრუქციას, რომელიც მათ მცდარად მიაჩნიათ.

6.1 მასწავლებელი – შემოქმედი და პრაქტიკული დავალების მიმწოდებელი – ეხმარება მოსწავლეებს მოსაზრებების რეკონსტრუირებაში

ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესი დამოკიდებულია სწავლის ადეკვატურ შესაძლებლობებზე – შესაფერისი საგნები, მასალა, დრო, წესები, ინსტრუქციები, მონიტორინგი, ინდივიდუალური მხარდაჭერა. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მასწავლებელს ევალება ამ შესაძლებლობების მოსწავლეთათვის მიწოდებაზე ზრუნვა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია სახელმძღვანელოში მოყვანილი გაკვეთილის აღწერის მაგალითები, სადაც მასწავლებელი შემოქმედისა და პრაქტიკული დავალების მიმწოდებლის როლში გამოდის.

თავი #/ძირითადი კონცეფცია მაგალითები და წყარო მასალიდან
თავი 1 ინდივიდუალობა გაკვეთილი 4: მოსწავლეები ერთვებიან პროექტში – „სამუშაოს შესწავლა სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით“, რათა აღმოაჩინონ თუ რომელი სამუშაო აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მათ თავად განსაზღვრეს, როცა განიხილავდნენ საკუთარ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
თავი 3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი გაკვეთილი 3: მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო საყოველთაო კეთილდღეობის ცნება. მოსწავლეები ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების თამაშში, რათა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ შეთანხმებას იმის თაობაზე თუ რა წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობას.
თავი 4 კონფლიქტი კვლევითი ამოცანა: მოსწავლეები ეცნობიან მდგრადი განვითარების მიზნების მოდელს, სწავლობენ რა თევზის ჭარბჭერის პრობლემას. ისინი იკვლევენ მდგრადი განვითარების სხვა საკითხებს, როგორიცაა ნახშირორჟანგის ემისია ან ბირთვული ნარჩენების შენახვა/თავიდან მოცილება.
თავი 4 კონფლიქტი
თავი 5 წესები და კანონი
მასწავლებელი გვევლინება თამაშის ან პროცესის მენეჯერად. იგი მოსწავლეებს უნიშნავს დროს, და ამოწმებს, რომ დაცული იყოს თამაშის წესები, მაგრამ არ აწვდის მოსწავლეებს იმ პრობლემის გადაჭრის გასაღებს, რომელიც მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან.
თავი 5 წესები და კანონი გაკვეთილი 4: მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს კითხვარს (მასალა მოსწავლეებისთვის 5.6), რომელიც მათ ეხმარება შესწავლის პროცესში.
თავი 6 მთავრობა და პოლიტიკა გაკვეთილი 3: მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას გამოიყენონ პოლიტიკური ციკლის მოდელი (მასალა მოსწავლეებისთვის 6.1 და 6.2) მაგალითის სახით მიწოდებულ კონკრეტულ შემთხვევაში.
გაკვეთილი 4: მოსწავლეების მიერ გამოთქმული სამი ძირითადი მოსაზრებებიდან მასწავლებელი ირჩევს ერთერთს (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 6.2). ყველა ძირითად მოსაზრება შეიცავს ცნებას, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს სამუშაოს შესრულებაში, მაგრამ მათ სამუშაო ზედმიწევნით უნდა შეასრულონ, ამიტომ მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ცნება შეარჩიოს.

6.4 მასწავლებელი – პლენარული სხდომის თავმჯდომარე – ხელს უწყობს კონსტრუქტივისტული სწავლის ყველა ფორმის გამტკიცებას

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფუძვლებზე სწავლება და სწავლა ყველაზე აშკარად გამოიხატება გაკვეთილზე პლენარული სხდომის მოწყობისას, როდესაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და მოაწყონ დისკუსიები. პლენარულ სხდომებზე მოსწავლეები სარგებლობენ აზრის, მოსაზრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება, თუ მოსწავლეები ჯეროვნად არ არიან გაწვრთნილნი იმაში, თუ როგორ გამოიყენონ ეს ძირითადი დემოკრატიული უფლებები.

გაკვეთილის აღწერისას, ჩვენ მასწავლებლებს ამ სხდომებზე ძირითადად თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებას ვთავაზობთ. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან მოსწავლეები უპირისპირდებიან მასწავლებელს საკუთარი მოსაზრებებით, რომელზეც მასწავლებელს უწევს რეაგირების მოხდენა. გარკვეულწილად, მასწავლებელს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს კონცეპტუალური ჩარჩო, რისი დახმარებითაც შეძლებს მნიშვნელობა მიანიჭოს და სისტემაში მოიყვანოს მოსწავლეთა მოსაზრებები, მაგრამ მასწავლებელს ძირითადად იმპროვიზირება უწევს.

სახელმძღვანელოში მრავლად არის მოწოდებული მაგალითები იმისა, თუ როგორ უნდა შეასრულოს მასწავლებელმა თავმჯდომარის როლი. მასწავლებელს საერთო ჯამში უწევს ორგვარი პლენარული სხდომის თავმჯდომარეობა. პირველი, მასწავლებელი იმგვარად იწყებს გაკვეთილს, რომ მოსწავლეები მყისვე ერთვებიან განხილვაში. მეორე, მასწავლებელი თავმჯდომარეობს პლენარულ სხდომას, რომელიც მოსწავლის მიერ არის ინიცირებული – საშინაო დავალების შედეგები, დისკუსიები, მოსწავლეთა რეაგირება მასწავლებლის მიერ მიწოდებულ მასალაზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილებში ნაჩვენებია ორივე ტიპის პლენარული სხდომის მაგალითები.

ა. მასწავლებლის მიერ ინიცირებული პლენარული სხდომა

თავი #/ძირითადი კონცეფცია მაგალითები და წყარო მასალიდან
თავი 1 ინდივიდუალობა გაკვეთილი 1: მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება –  რა მაგალითების დასახელება  შეუძლიათ მოსწავლეებს?
გაკვეთილი 3: რატომ აგრძელებთ სწავლას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალ საფეხურზე?
თავი 2 პასუხისმგებლობა გაკვეთილი 1: რას მოიმოქმედებდით, თქვენს წინაშე რომ ეს პრობლემა წამოიჭრას?
თავი 3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი გაკვეთილი 1: მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს გამართონ სწრაფი, ჯგუფური დისკუსია. მასწავლებელი მითითებას აძლევს მოსწავლეებს ერთმანეთთან დააკავშირონ, დააჯგუფონ და დაასათაურონ მოსაზრებები.
თავი 4 კონფლიქტი კვლევითი ამოცანა: მოსწავლეები ეცნობიან მდგრადი განვითარების მიზნების მოდელს, სწავლობენ რა თევზის ჭარბჭერის პრობლემას. ისინი იკვლევენ მდგრადი განვითარების სხვა საკითხებს, როგორიცაა ნახშირორჟანგის ემისია ან ბირთვული ნარჩენების შენახვა/თავიდან მოცილება.
თავი 4 კონფლიქტი
თავი 5 წესები და კანონი
მასწავლებელი გვევლინება თამაშის ან პროცესის მენეჯერად. იგი მოსწავლეებს უნიშნავს დროს, და ამოწმებს, რომ დაცული იყოს თამაშის წესები, მაგრამ არ აწვდის მოსწავლეებს იმ პრობლემის გადაჭრის გასაღებს, რომელიც მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან.
თავი 5 წესები და კანონი გაკვეთილი 4: მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს კითხვარს (მასალა მოსწავლეებისთვის 5.6), რომელიც მათ ეხმარება შესწავლის პროცესში.
თავი 6 მთავრობა და პოლიტიკა გაკვეთილი 1: მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს გამართონ სწრაფი, ჯგუფური დისკუსია („მდუმარების კედელი“). მასწავლებელი მითითებას აძლევს მოსწავლეებს ერთმანეთთან დააკავშირონ, დააჯგუფონ მოსაზრებები და დაჯგუფებისა და კატეგორიების დამატების გზით ჩამოაყალიბონ სისტემა.
თავი 8 თავისუფლება გაკვეთილი 1: მასწავლებელი აცხადებს „ყველა მოსწავლე ვალდებულია კიდევ ერთი წელი დაჰყოს სკოლაში“. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ამ განცხადებასთან დაკავშირებით – ისინი ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ასე რომ დადებითი ან უარყოფითი პასუხის გარდა არ არსებობს სხვა ალტერნატივა.

ბ. მოსწავლეების მიერ ინიცირებული პლენარული სხდომა

თავი #/ძირითადი კონცეფცია მაგალითები და წყარო მასალიდან
თავი 1 ინდივიდუალობა გაკვეთილი 1: მოსწავლეები ასახელებენ მიზეზს, თუ რატომ აირჩიეს ციტატა. მასწავლებელი ასწავლის მათ თუ როგორ უნდა „ჩაიწეროს“ მათი მოსაზრებები გონებაში.
გაკვეთილი 3: მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ თავიანთი მომავალი. მასწავლებელი წინასწარ ვერ განჭვრეტს მოსწავლეების აზრებს, მაგრამ კონცეპტუალური ჩარჩო მას საშუალებას მისცემს იმუშაოს მოსწავლეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.
თავი 4 კონფლიქტი გაკვეთილი 3: მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გადაწყვეტილების მიღების თამაშში, მასწავლებელი თავმჯდომარეობს მოსწავლეების შემაჯამებელ სხდომას, ისმენს მოსწავლეების მოსაზრებებს, გამოყოფს ძირითად და მნიშვნელოვან განცხადებებს და გადააქვს ისინი დაფაზე ან ფლიპჩარტზე.
გაკვეთილი 4: მოსწავლეები იწყებენ გაკვეთილს შინ მომზადებული ინფორმაციებით. ისინი ადგენენ დღის წესრიგს და მთელი გაკვეთილის კონცეპტუალურ ჩარჩოს. ჩვენს მიერ მოწოდებული გაკვეთილის აღწერა ეხმარება მასწავლებელს წინასწარ განსაზღვროს ის ძირითადი საკითხები, რომელსაც მოსწავლეები დასვამენ, და დაგეგმოს როგორი რეაგირება განახორციელოს.
თავი 7 თანასწორობა გაკვეთილი 1: მასწავლებელი კითხულობს შემთხვევაზე აგებულ მონათხრობს და მოსწავლეებს უსვამს ერთ კითხვას, „რაში მდგომარეობს პრობლემა?“ მოსწავლეებს ეძლევათ დრო მოსაფიქრებლად და თავიანთი მოსაზრებების ფურცელზე დასატანად. შემდეგ მოსწავლეები ხმამაღლა გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. მასწავლებელი ამხნევებს მათ, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოსაზრებები. შემდეგ იგი მოსწავლეთა მოსაზრებებს აქცევს კონცეპტუალურ ჩარჩოში, რომლის განსაზღვრაც წინასწარ არის შესაძლებელი. თავი 7, გაკვეთილი 4 – ში მოცემულია ამ მეთოდის კიდევ ერთი მაგალითი.
თავი 8 თავისუფლება გაკვეთილი 1: მოსწავლეებმა იმსჯელეს საკითხზე და წამოაყენეს საკუთარი და  განიხილეს ერთმანეთის არგუმენტები. მასწავლებელი სვამს კითხვას, „საკითხის რა მახასიათებელი აქცევს მას დებატებისთვის საინტერესო მასალად?“ იგი აჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს, რომელიც მოსალოდნელია, რომ შეესაბამება მასალა მოსწავლეებისთვის 8.1–ში მოცემულ კრიტერიუმებს.

 

7. დემოკრატია როგორც შემსწავლელთა საზოგადოება –  დემოკრატიული მოქალაქეობისა და  ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი ცნებებისადმი  კონსტრუქტივისტული მიდგომა

ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული სწავლა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებსა და მთლიანად სკოლას აღიქვამს, არა მარტო, როგორც საზოგადოებას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნება, არამედ, როგორც მოქალაქეთა ერთიანობას, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის სწავლა, აქედან გამომდინარე, ნიშნავს, რომ მოსწავლეები ემზადებიან მომავალი ცხოვრებისთვის, როგორც პიროვნებები და როგორც საზოგადოება, რაც მუდმივ სწავლის პროცესს გულისხმობს. არსებობს ორი არგუმენტი, რომელიც ამ მოსაზრებას ამყარებს.

პირველი არის ნორმატიული, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის და დღის წესრიგში დაყენებული საკითხის განხილვისას, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისა და საკუთარ ინტერესთა დაცვის შესაძლებლობა. ეს გულისხმობს, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღების  პროცესი არის მოქალაქეებისთვის ღია და შეუზღუდავი; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მხოლოდ ფარსი იქნება.

მეორე არის ანალიტიკური, რომელიც ეხება ჩვენი თანამედროვე საზოგადოებების კომპლექსურობას, ამ საზოგადოებებს შორის მსოფლიო მასშტაბით არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას, და იმ შემაშფოთებელ გამოწვევებს, რომელსაც გვიქადის კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, საფრთხე, რომელსაც არშემდგარი სახელმწიფოები უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ან მზარდი სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის – და ეს ვრცელი სიის მხოლოდ მცირე ნაწილია. არავის გააჩნია მზა პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს, როგორც ჩვენს პირად ცხოვრებაში, ასევე გლობალურ დონეზე. ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული სწავლის პროცესში, მუდმივად ვეძებთ რა გამოსავალს რთული სიტუაციებიდან და პრობლემების გადაჭრის გზებს.

სწორედ ამის გამო, წინამდებარე სახელმძღვანელოში, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი ცნებები განხილულია ინტერაქტიული, კონსტრუქტივისტული მიდგომით. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სახელმძღვანელოში გამოყენებული ძირითადი კონცეპტუალური მიდგომა, ცხრავე თავისთვის.

თავი #/ძირითადი კონცეფცია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება: კონსტრუქტივისტული ცნება:
თავი 1 ინდივიდუალობა ინდივიდუალობა: ჩვენ ვქმნით ჩვენს პიროვნებას, ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანით.
თავი 2 პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობა: ჩვენ ვქმნით ჩვენს საერთო ღირებულებებს.
თავი 3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი ინტერესები და საყოველთაო კეთილდღეობა: ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ხედვით ჩვენს საყოველთაო კეთილდღეობას უკავშირდება.
თავი 4 კონფლიქტი კონფლიქტი: პრობლემა და კონფლიქტი არის ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც პრობლემას და კონფლიქტს.
თავი 5 წესები და კანონი წესები და კანონები: ეს ის საშუალებებია, რომლებიც პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ჩარჩოებს ქმნის.
თავი 6 მთავრობა და პოლიტიკა პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესები: მათი მიზანია გადაჭრას გადაუდებელი პრობლემები.
თავი 7 თანასწორობა ჩართულობა და სოციალური ერთობა.
თავი 8 თავისუფლება თავისუფლებებისა და უფლებების დაცვა, მაგ. აზრის და გამოხატვის თავისუფლება.
თავი 9 მედია მსოფლიოს აღქმა მედიის საშუალებით: მედიის მწარმოებლები და მომხმარებლები, როგორც ცენზორები და დღის წესრიგის დამდგენელნი.

 

2. ჯონ დიუი, სკოლა და საზოგადოება, ნიუ იორკი, 2007 წ. გვ.32
3. როლფ გოლობი / პიტერ კრაფი, სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი V: ვიკვლევთ ბავშვთა უფლებებს, ევროპის საბჭოს გამომცემლობა, სტრასბურგი, 2007 წ., „ჩვენ ჯადოქრები ვართ!“, გვ. 22–26; შედარებისთვის იხ. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი VI, ვასწავლით დემოკრატიას,  ევროპის საბჭოს გამომცემლობა, სტრასბურგი, 2008 წ., „ჩვენ რომ სასწაულმოქმედნი ვიყოთ“, გვ. 59.
4. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება იძლევა საშუალებას და აქედან გამომდინარე უნდა ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდან. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი V იწყება თავით, რომელიც განკუთვნილია საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც ჯერ წერა–კითხვა არ უსწავლიათ. იხ. თავი 1, „მე მაქვს სახელი – ჩვენ გვაქვს სკოლა“ გვ. 13–16.
5. იხ. როლფ გოლობი / პიტერ კრაფი (რედაქტორები) სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი III: ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროპის საბჭოს გამომცემლობა, სტრასბურგი, 2008 წ. თავი 1, „სტერეოტიპები და ცრურწმენები. რა არის თვითმყოფადობა? როგორ აღვიქვამ სხვებს და როგორ აღმიქვამენ ისინი?“ გვ.19–38.
6. იხ. ჰოვარდ გარდნერის ნაშრომი მრავამხრივ ინტელექტზე.
7. ჯონ დიუი, სკოლა და საზოგადოება, ნიუ იორკი, 2007 წ. გვ.32.